გამომცემლები შემოსავალს რეკლამიდან იღებენ. მათთვის ხელოვნური ინტელექტის ბოტები ხშირად საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან ისინი ვებგვერდების შინაარსს ამუშავებენ, მანქანურ კოდში გადაჰყავთ და მიღებულ ინფორმაციას პასუხების სახით აწვდიან მომხმარებლებს, რის სანაცვლოდ მედიასაშუალებები ფინანსურ სარგებელს ვერ იღებენ. იმ ფონზე, როდესაც საიტებზე ადამიანების ნაკადი მცირდება და ბოტების აქტივობა იზრდება, მედიაკომპანიების უმრავლესობა ცდილობს მაქსიმალურად დაბლოკოს ციფრული მკვლევრები.
თუმცა, მედიასამყარო ამ მიდგომის გადახედვას იწყებს. გაჩნდა იდეა, რომ ბოტი შესაძლოა წარმოადგენდეს არა მხოლოდ საფრთხეს, არამედ ახალ აუდიტორიას. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ჟურნალმა Time-მა გადადგა და სპეციალურად ბოტებისთვის განკუთვნილი რეკლამების გაყიდვა დაიწყო, რათა თავისი ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორიის მონეტიზაცია მოახდინოს.
როგორ მუშაობს ბოტებისთვის განკუთვნილი რეკლამა
პროცესი ეფუძნება გვერდების ისეთი ვერსიების შექმნას, რომლებიც სპეციალურად მანქანური წაკითხვისთვის არის ოპტიმიზებული. ჟურნალი Time ამ გვერდებზე ამატებს სარეკლამო ხასიათის კითხვა-პასუხის სექციას, რომელიც მორგებულია იმ შეკითხვებზე, რომლებსაც მომხმარებლები სვამენ ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემებში. ეს სექცია მხოლოდ ბოტებისთვისაა ხილული. როდესაც ალგორითმი გვერდს ამუშავებს, ეს სპონსორირებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მომზადებულ საბოლოო პასუხში ხვდბა.
მედიასაშუალება თითოეულ ასეთ გვერდზე ყიდის ერთ სარეკლამო ადგილს და მას პრემიუმ პროდუქტად პოზიციონირებს. რეკლამის ნახვად ითვლება თითოეული შემთხვევა, როდესაც ბოტი გვერდის მონაცემებს წამოიღებს. ამ გზით, გადახდის პასუხისმგებლობა ხელოვნური ინტელექტის შექმნელებიდან, რომლებიც თანხას მაინც არ იხდიდნენ, უშუალოდ რეკლამის დამკვეთზე გადადის.
ამ მოდელზე Time სარეკლამო ტექნოლოგიების პლატფორმა Mobian-თან ერთად მუშაობს. ბაზარზე არსებობენ სხვა კომპანიებიც, მაგალითად Oasy, რომლის ტექნოლოგია გვერდზე ჩუმად ამატებს ბოტისთვის განკუთვნილ სარეკლამო გზავნილს. ტესტირებები აჩვენებს, რომ მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა გამომცემლებს ბოტების მოთხოვნებისა და რეკლამის ჩვენებების სტატისტიკას ზუსტად აწვდის.
გავლენის გაყიდვა
მთავარი გამოწვევა ისაა, თუ რამდენად აღიქვამს ალგორითმი, რომ მის წინაშე სარეკლამო კონტენტია. Time-ის შემთხვევაში ბოტებისთვის განკუთვნილ ტექსტს ახლავს მითითება სარეკლამო ხასიათის შესახებ, თუმცა გარანტია იმისა, რომ აღნიშნული სტატუსი საბოლოო პასუხამდე მიაღწევს, არ არსებობს. ამ ეტაპზე არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ავალდებულებს, შეინარჩუნონ სარეკლამო სტატუსი და აცნობონ მომხმარებელს ამის შესახებ.
საინტერესოა კონტრასტი ტექნოლოგიურ გიგანტებსა და მედიას შორის. Google და ChatGPT თავიანთ პლატფორმებზე მკაფიოდ გამოყოფენ სარეკლამო შინაარსს და გარანტირებულ ადგილებს ყიდიან. გამომცემლები კი სთავაზობენ დამკვეთს ავტორიტეტს. თუ მედიასაშუალების კონტენტი მიჩნეულია სანდო წყაროდ, ეს ავტორიტეტი ვრცელდება ყველა საძიებო სისტემაში, მათ შორის ChatGPT-ში, Gemini-ში, Claude-სა და Perplexity-ში.
ავტონომიური აგენტების ეპოქაში ბოტები სულ უფრო ხშირად ასრულებენ შუალედური რგოლის როლს. ისინი თავად ატარებენ ძიებას, ამუშავებენ ინფორმაციას და იღებენ პირველად გადაწყვეტილბებს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ სარეკლამო გზავნილმა იმოქმედოს ალგორითმის არჩევანზე იმაზე ადრე, სანამ ადამიანი საერთოდ იხილავს ალტერნატივებს.
წყარო: Fastcompany












