20
Nov
2017

როგორ დავბეჭდოთ ფოტოები მესენჯერიდან? ახალი ქართული ბოტი – ბოტოგრაფი

20 Nov 2017

ბოტოგრაფი ახალი ქართული მესენჯერ ბოტია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მასთან მიმოწერის გზით, დავბეჭდოთ ფოტოები ჩვენი კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან. ფოტო ბეჭდვის თანამედროვე მომსახურების კომპანია „მემოგრამის“ ბოტი ერთი კვირაა რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა და 2000 მიმოწერის შედეგად, უკვე 100-მდე შეკვეთა შეასრულა.
„გამარჯობა, მე ვარ ბოტოგრაფი. მე შემიძლია შენ მიერ არჩეული სურათები ამოვბეჭდო და კურიერს მოვატანინო შენს მისამართზე, სწრაფად და მარტივად“ – ასე იწყებს კომუნიკაციას პირველი ქართველი კიბერმბეჭდავი და ასე აქცევს ვირტუალურ შეკვეთას ხელშესახებ, ნაბეჭდ ფოტოდ. მისი დახმარებით, ფოტოს ბეჭდვა მესენჯერიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი, რადგან მასში ინტეგრირებულია გადახდის ფუნქციაც. როგორ შეიქმნა ბოტოგრაფი და რა მიმართულებით განვითარდება მისი ხელოვნური ინტელექტი – ამ საკითხებზე მარკეტერი „მემოგრამის“ დამფუძნებელს, გაბრიელ მელივას ესაუბრა:

M: რატომ გადაწყვიტეთ ფოტობეჭდვის მიმართულებით ბოტის შექმნა და რა პერსპექტივა აქვს მსგავს კიბერპროდუქტს ამ სფეროში? 
ჩვენი მიზანია, ფოტოს ბეჭდვა გახდეს ტრენდი. მემოგრამის გარდა, აქამდე გვქონდა პროექტი ფოტორატორი, რომლის ფარგლებშიც შევქმენით აპარატი, რომელიც ქუჩებში განსათავსებლად იყო მზად. მას შემდეგ, ამ თემას ვუტრიალებთ, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ფოტოების ბეჭდვა. ამ მიზნის მისაღწევად, მესენჯერ ბოტი არის ძალიან კარგი გზა, რადგან ახალგაზრდობის უმეტესობა მოიხმარს ფეისბუკს და ამასთანავე, მესენჯერი მარტივი აპლიკაციაა. ბოტოგრაფს, გარდა იმისა, რომ შეუძლია დაგიბეჭდოს და მოგაწოდოს  ფოტო, აქვს უნარი გესაუბროს საინტერესო თემებზე. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულმა კომპანია Pulsar-მა დაგვიმზადა ბოტი და ისინი დღემდე გვეხმარებიან მისი ინტელექტის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, გვინდა მივიღოთ მსხვილი პლატფორმა, ბოტოგრაფის სახით, რომელიც ფოტოების გარდა, სხვა ტიპის ბეჭდვებსაც შესთავაზებს, მაგალითად, ფართოფორმატიან ბეჭდვებს.

M: როგორია ბოტოგრაფთან საუბრისა და შეკვეთის მიცემის პროცესი?
ირჩევ დასაბეჭდი ფოტოების რაოდენობას (პაკეტს),  აგზავნი ფოტოებს, უთითებ ლოკაციას, იხდი, მეორე დღეს იღებ დაბეჭდილ ფოტოებს მითითებულ მისამართზე. ეს ყველაფერი მესენჯერის დატოვების გარეშე ხდება, საინტერესოა ასევე, რომ ბოტის მსგავს ფოტობეჭდვის სერვისად გამოყენება მსოფლიოში ჯერ არსად არის და მგონი, პირველები ვართ.

M: როგორია ბეჭდვისა და ადგილზე მიტანის სერვისის ღირებულება? როგორ ხდება შიდასამესენჯერო ანგარიშსწორება?
პაკეტებად გვაქვს დაყოფილი საბეჭდი ფოტოების რაოდენობები, მინიმალური არის 15 ფოტო, რაც 13 ლარი ჯდება მიტანის ჩათვლით, სახლში, ადამიანს მეორე დღეს 13 ლარად მიუვა დაბეჭდილი 15 ფოტო. 10-15 სანტიმეტრის ზომის. არის სხვადასხვა პაკეტები, თუ მეტის დაბეჭდვა გინდა. ლოკაციას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, რომ ლოკაციასაც მესენჯერში უთითებ და გადახდითაც იქვე იხდი, მესენჯერის დატოვება ფოტობეჭდვის შეკვეთის დროს საერთოდ არ გიწევს. ინტეგრირებულია ბარათით გადახდის ფუნქციონალი. შეკვეთის შემდეგ, ბოტოგრაფი გიგზავნის შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა შენი შეკვეთა. მაგალითად, იბეჭდება, გამოაქვთ უკვე და ა.შ.

M: რა მიმართულებით განვითარდება ბოტოგრაფის ხელოვნური ინტელექტი და რა გეგმები აქვს „მემოგრამს“ სამომავლოდ?
მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი სერვისი, რომელიც არ დაკარგავს სიმარტივეს. შევთავაზოთ სხვა ზომის ფოტოების ბეჭდვა, ასევე, ალბომები და ისეთი პროდუქტები, რაც დაკავშირებულია ფოტოს ბეჭდვასთან. ბოტოგრაფით დიდი კომპანიებიც დაინტერესდნენ და ვფიქრობთ მათთან თანამშრომლობაზეც. რაც შეეხება „მემოგრამს“, ის აგრძელებს განვითარებასა და ახალი პროდუქტების დამატებას.

განხილვა