in

როგორ ეხმარება BPN Georgia სტარტაპერებს პანდემიის პირობებში ბიზნესის კეთებაში

უკვე 22 წელია, რაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე შვეიცარიული ფონდი BPN მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მსურველებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო/ქოუჩინგის მიმართულებით ეხმარება. ფონდი, მონაწილეებს მათზე მორგებულ 3-წლიან პროგრამას სთავაზობს, რა დროსაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ მოწვეული შვეიცარიელი და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაციით, ქუჩინგით, დაესწრონ მათ მიერ ჩატარებულ პრაქტიკაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სემინარებსა და ვორქშოპებს. ამავდროულად, ფონდი უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა – ფონდის ისტორიის მანძილზე 14606-მა ადამიანმა იპოვა სამსახური. BPN ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ოპერირებს. 1999 წლიდან დღემდე, პროგრამაში 1496 მონაწილე ჩაერთო, ჩატარდა 1832 სემინარი/ვორკშოპი, რომელსაც 25,000-მდე მონაწილე ესწრებოდა.

BPN-ის მსოფლიო რუკაზე საქართველო 2016 წლიდან გამოჩნდა და განვითარებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების პერსპექტივა შეუქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში 60 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესია ჩართული, სხვადასხვა სექტორიდან და პანდემიის მიუხედავად, ბიზნესის განვითარების მსურველები BPN Georgia-ს მონაწილეთა რიგებს რეგულარულად ემატებიან. როგორია ფონდის მუშაობის პრინციპი და როგორ ეხმარება ბენეფიციარებს საქმის ორგანიზებაში, BPN Georgia-ს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის, ანა აივაზიშვილისგან შევიტყვეთ.

M: რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები პანდემიის დროს? 

რასაკვირველია პანდემიის დასაწყისი ყველა კომპანიისთვის დიდი გამოწვევა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებით პრობლემები შეექმნა ტურიზმისა და სარესტორნო სექტორებს, არც წარმოება და მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ყოფილა გამონაკლისი. 

BPN Georgia-მ უმოკლეს ვადაში მოახერხა მორგებოდა არსებულ სიტუაციასა და რეგულაციებს. პირველ რიგში ფონდი მყისიერად გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე, რათა ბენეფიციარებთან უზრუნველეყო შეუფერხებელი კომუნიკაცია. 

BPN Georgia-მ თავიდანვე მიზნად დაისახა დასავლური გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის საშუალებით დახმარებოდა ქართულ მეწარმეებს.

M: როგორ დაეხმარეთ მეწარმეებს პანდემიის პერიოდში ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში?

პანდემიის დადგომისთანავე სპეციალური კითხვარის საშუალებით BPN Georgia-მ პროგრამის მონაწილეებთან ერთად მოახდინა მათი გამოწვევების და კრიზისული სიტუაციის იდენტიფიცირება. ამის შემდგომ პროგრამაში ჩართულმა ბიზნესმენებმა მიიღეს BPN Georgia-ს კვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციები, შესაბამისი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვისა და გადადგმის შესახებ.  

ონლაინ პლატფორმებზე გადაწყობის შედეგად, გაიზარდა BPN Georgia-ს სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც შესაძლებლობა მისცა ათეულობით დამწყებ, თუ უკვე შემდგარ ბიზნესის წარმომადგენელს მთელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს მასშტაბით ესარგებლათ სპეციალური ბიზნეს მოდულით, რომელიც გულისხმობდა ონლაინ რეჟიმში ინტენსიურ მუშაობას მეწარმეებთან. 

როგორც უკვე ვახსენეთ, BPN Georgia-მ არსებულ სემინარებთან ერთად შეიმუშავა ახალი სასწავლო პროგრამა, რაც დაეხმარა როგორც პროგრამის მონაწილეებს, ასევე სხვა დაინტერესებულ ბიზნესებს მათი საქმიანობის ახალ რეალობაზე მორგებაში, სერვისებისა და პროდუქტების ადაპტაციაში ბაზარზე შექმნილი მოთხოვნა-მიწოდების სახეცვლილი ფორმიდან გამომდინარე, ახალი გეგმების დასახვაში და მათ განხორციელებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების როლი ახალ რეალობასთან მორგების საკითხში.

ჩვენ გვჯერა, რომ ღია კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად ეხმარება კომპანიებს კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავებაში, ამიტომ BPN Georgia-მ არაერთ პანელურ შეხვედრას გაუწია ორგანიზება, სადაც პროგრამის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ პერიოდში დაგროვილი საკუთარი გამოცდილება და კრიზისთან ბრძოლის მეთოდები. 

M: როგორ შეაფასებდით, რამდენად ეფექტურად გაუმკლავდნენ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები პანდემიურ სიტუაციას?

ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვჯერა: პრობლემა ყოველთვის ნიშნავს შანსს. ზუსტად ამ მიდგომით და კრიზისის მენეჯმენტის სწავლებით ჩვენმა პროგრამის თითქმის ყველა მონაწილემ შეძლო, რომ ყველა სიძნელის მიუხედავად არ შეჩერებულიყო, მორგებოდა ახალ რეალობას, შეექმნა ახალი სერვისები და პროდუქტები, გადაწყობილიყო დისტანციურ რეჟიმზე, მოეხდინა ხარჯების ოპტიმიზაცია, მოეყვანა ახალი პროექტები სისრულეში, მიეღო დაფინანსება სხვადასხვა დონორებისგან. მეტსაც გეტყვით, პროგრამის მონაწილეების დიდმა ნაწილმა 2020 წელს უფრო მეტი შემოსავალის მიღება შეძლო, ვიდრე გასულ წელს.

როგორც BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები ამბობენ, მათთვის უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ბიზნეს განათლებამ და დასავლური გამოცდილების გაზიარებამ. ყველაფერთან ერთად დიდი მოტივაცია მიიღეს ჩვენგან, რაც დაეხმარათ არსებულ სიძნელეებთან გამკლავებაში.

M: როგორ ხედავთ მეწარმეთა განვითარების პერსპექტივას საქართველოში?

ვფიქრობთ, რომ საქართველოში კარგი კლიმატია ბიზნესის დაწყებისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჯერ კიდევ აუთვისებელია ძალიან ბევრი სექტორი. ქვეყანაში არსებობს ბევრი დონორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ ბიზნეს სექტორის დაფინანსებას. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან მნიშვნელოვანი დოვლათი, რითაც პირველ რიგში მეტწილად ჩანაცვლებული უნდა იყოს იმპორტი და შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდოს ექსპორტი. ჩვენი გამოცდილებით ამისთვის ფინანსურ რესურსებთან ერთად აუცილებელია ღიაობა, განათლება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მიღება. 

კრიზისმა აიძულა მეწარმეები გამოსულიყვნენ ტრადიციული ჩარჩოებიდან. მათ უნდა იფიქრონ ბიზნესის კეთების ახლებურ მეთოდებზე. კრიზისში უნდა დაინახონ ახალი შანსები და შექმნან ახალი შესაძლებლობები, რაც მანამდე ქართული ბიზნეს რეალობისთვის უცხო იყო.

კრიზისმა ბევრი ბიზნესი გამოაფხიზლა, ბევრისთვის მწარე გაკვეთილი იყო, ბევრმა ისწავლა, რომ საჭიროა რისკების ანალიზი, ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.  ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და სამომავლოდ აისახება ბიზნესის კეთების მეთოდებზე. 

ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მეწარმე სუბიექტები, უამრავი საინტერესო სტარტაპი შეიქმნა, რიგ სფეროებში კონკურენცია გაჩნდა/გაიზარდა, რაც ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ქმნის.  

M: გვიამბეთ, როგორია მეწარმეთა მომზადების პროცესი, რას მოიცავს და რა განაპირობებს მის ეფექტიანობას?

განვითარებაზე ორიენტირებული მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს შერჩევის ეტაპის გავლის შემდეგ ჩაერთოს BPN Georgia-ს ბიზნესის განვითარების გრძელვადიან პროგრამაში, რომელიც გულისხმობს: ბიზნესის განვითარების გეგმის დამუშავებას, ფინანსური ცხრილების შედგენასა და მასზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ კონსულტაციებს/ქოუჩინგებს, ბიზნეს ცოდნის შევსებაზე ორიენტირებულ სემინარ-ვორქშოპებში მონაწილეობის მიღებას. სემინარები და ვორქშპები აგებულია ქართული და საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებიდან აღებულ კონკრეტულ, ცოცხალ და პრაქტიკულ მაგალითებზე, რათა უფრო აღქმადი და ეფექტური გახდეს მიწოდებული თეორიული მასალა მსმენელისთვის და გაუადვილდეს მისი პრაქტიკაში გადატანა.

პროგრამის ეფექტიანობას განაპირობებს BPN Georgia-სა და პროგრამის მონაწილეს  შორის გრძელვადიანი, მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონსულტაცია/ქოუჩინგების ფორმატში ინდივიდუალურად ხდება ბენეფიციარისთვის რელევანტური საკითხების განხილვა. BPN Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილე იღებს პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნას, ბიზნესისთვის საჭირო კონტაქტების დამყარება-გაღრმავების შესაძლებლობას. ამავდორულად BPN Georgia-ს მიერ ორგანიზებულ-დაფინანსებული სარეკლამო აქტივობების საშუალებით (სტატიები, ვიდეო რგოლი, ღონისძიებები) პროგრამაში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა.

M: რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ბოლო პერიოდში შექმნილმა სიტუაციამ კიდევ უფრო მძაფრად აჩვენა  BPN Georgia-ს  საქმიანობის მნიშვნელობა. ბიზნესები დადგნენ დიდი გამოწვევების წინაშე, რასთან გამკლავებაც, მხოლოდ ბიზნესის კარგი დაგეგმარების, პრიორიტეტების სწორად დასახვის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამიტომ, BPN Georgia მზად არის კიდევ უფრო მეტ ბიზნესთან ითანამშრომლოს.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი ბიზნეს პროგრამების შედგენაზე, საერთაშორისო ექსპერტების ქართული ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობაზე და მეწარმეებისთვის ხარისხიანი კონსულტაციის მიწოდებაზე. რასაკვირველია, მომავალშიც ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.

 

[R]

„შეავსეთ სიცარიელე თქვენს ცხოვრებაში“ – რუმინეთის საფეხბურთო კლუბები უპატრონო ძაღლების დასახმარებლად ერთიანდებიან

My Nanny: შეცდომები თავიდანვე „მოვიშინაურეთ“!