თავის ტვინში ჩიპების ჩანერგვა კი ბევრს ეშმაკისეული რამ ჰგონია, მაგრამ ილონ მასკმა მსგავს სიახლეებსაც შეგვაჩვია… თუ მას დავუჯერებთ, ეს პარალიზებულ ადამიანებს დამოუკიდებლობას მისცემს და, როგორც ჩანს, ახლა ამის მომსწრეს Blackrock Neurotech-იც გვხდის.
კაცმა, რომელსაც ოთხივე კიდურის დამბლა ჰქონდა, ვირტუალური დრონის გაკონტროლება შეძლო, თუმცა ჯოისტიკითა და კლავიატურით კი არა, არამედ თავისი გონებით. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Brain-Computer Interface (BCI) შექმნეს, რომელიც პარალიზებულ ინდივიდებს ციფრული სისტემების ნერვული აქტივობებით მართვის შესაძლებლობას აძლევს — შედეგად, 69 წლის პაციენტი, რომელმაც მობილობის უნარი, ზურგის ტვინის დაზიანების გამო, დაკარგა, წარმატებით ახერხებს დრონის მართვას უბრალოდ თავისი ფიქრების გამოყენებით, რითაც დამხმარე ტექნოლოგიებში BCI-ის პოტენციალსაც გვაჩვენებს.
სისტემა ტვინის საკონტროლო რეგიონებში ელექტროდების ინტეგრაციით მუშაობს, სადაც მოძრაობასთან დაკავშირებული სიგნალები დგინდება და მუშავდება. იმპლანტი Blackrock Neurotech-ს ეკუთვნის და 192 ელექტროდს მოიცავს, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ ადამიანის წარმოსახვითი თითებისა და ცერას მოძრაობების ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს. BCI შემდგომ მიღებულ ნერვულ სიგნალებს ბრძანებებად გარდაქმნის და დრონის მოძრაობას რეალურ დროში აკონტროლებს.
ეს ამბავი კი იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ აქვს პოტენციალი, მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებს მომავალში ავტონომიურობის შეგრძნება მისცეს. მართალია, ჯერ კიდევ სჭირდება BCI-ს განვითარება, მაგრამ აშკარაა, რომ მას აქვს უნარი, გარდაქმნას ის გზები, რომლითაც პარალიზებული ინდივიდები სამყაროსთან ურთიერთქმედებენ…