in

რატომ უყვარს თქვენს ტვინს კარგი სთორითელინგი/ამბის თხრობა

სიბნელე და სიჩუმეა. კინოთეატრი ისუსება. დაძაბულობა პიკს აღწევს, როცა ჯეიმს ბონდი სახურავის კიდეს უახლოვდება და ასე, პირდაპირ მტრის მიზანში ხვდება. ამ მომენტში სუნთქვაშეკრული აუდიტორიის გულისცემა სწრაფდება, ხელისგულები ოფლიანდება, პერსონაჟის ადგილას თავს წარმოიდგენენ და თითქმის იმ ემოციებს განიცდიან, რასაც გმირი. კარგი სთორითელინგის/ამბის თხრობის მაგალითის ნახვა შთამბეჭდავია, თუმცა განსხვავებულად შთამბეჭდავია იმ ადამიანებისთვის თვალის დევნება, რომლებიც სიუჟეტის ავტორის მახეში ებმებიან.

ფილმისა თუ სხვა სახის წარმოდგენის ყურებისას დამკვირვებლად ყოფნას სხვა ხიბლი აქვს. ამ მღელვარების ფლეშმობში ჩართვის ნაცვლად, დამკვირვებელი ფლეშმობის მონაწილეების შესწავლას იწყებს, ზომავს მათ ტვინის აქტივობას სხვადასხვა მომენტში და თუ ისინი წარმოდგენას უყურებენ, დამკვირვებელი შესანიშნავ ნეირონულ ბალეტს უყურებს – ის მომსწრეა, როგორ ცვლის ამბის თხრობა ტვინის აქტივობას.

არაერთმა ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანმა იცის ამბის თხრობის, იგივე სთორითელინგის ძალის შესახებ. ჩვენ კარგად ვხვდებით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია თანმიმდევრულ და დამაჯერებელ თხრობას. თუმცა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ამ მიმართულებას ექსპერიმენტებზე დაყრდნობით აფასებენ და აცხადებენ, რომ ამბებს, ადამიანურ ისტორიებს ჩვენი დამოკიდებულებების, რწმენებისა და ქცევის შეცვლა შეუძლიათ.

როგორც სოციალურ არსებებს შეგვეფერება, ჩვენ დამოკიდებულები ვართ სხვა ადამიანზე, ან ადამიანებზე, იმისათვის, რომ გადავრჩეთ და ბედნიერები ვიყოთ. ნეირონივთიერება, რომელსაც ოქსიტოცინს უწოდებენ, ტვინში იწარმოება მაშინ, როცა ვგრძნობთ, რომ გვენდობიან და ეს გვაძლევს მოტივაციას სხვებთან ვითანამშრომლოთ. ოქსიტოცინი ემპათიის, ანუ თანაგრძნობის უნარსაც გვიუმჯობესებს და ასე, სხვისი ემოციებისა თუ სიტუაციის გაგება უფრო მარტივად შეგვიძლია. ხოლო თანაგრძნობა მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ჩვენ, როგორც სოციალურ არსებებს, გვჭირდება იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში, რა რეაქციას ან ქცევას გამოავლენდა. ეს ცოდნა გვეხმარება, თუნდაც, იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ.

მეცნიერები იმითაც ინტერესდებიან, რამდენად შეგვიძლია ოქსიტოცინის სისტემის „დაჰაკვა“, იმისათვის, რომ ადამიანები თანამშრომლობისთვის მოტივირებულებად ვაქციოთ. მაგალითად, ცნობილი ნეირომეცნიერის – პოლ ზაკის ექსპერიმენტის ფარგლებში, იკვლევდნენ ოქსიტოცინის გამოყოფას ვიდეოჩანაწერების ყურების, ან პირდაპირი ინტერაქციების პირობებში. ისინი იღებდნენ ცდისპირების სისხლის ნიმუშებს ნარატიული ჩანაწერებისა თუ პირდაპირი საუბრების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ პერსონაჟზე ორიენტირებული ამბების აღქმა ოქსიტოცინის გამოყოფას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ტვინის მიერ გამოყოფილი ოქსიტოცინის რაოდენობის მიხედვით, შესაძლებელი გახდა იმის წინასწარმეტყველება, თუ რომელი ადამიანები აპირებდნენ პერსონაჟის დახმარებას (ქველმოქმედებით, თუ სხვა გზით).

შემეგ კვლევებში, რომელსაც ასევე პოლ ზაკი ხელმძღვანელობდა, მეცნიერთა გუნდი ცდილობდა გაეგო, თუ რატომ იწვევდა ამბის თხრობა მოხალისეობრივ გაერთიანებას. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, გუნდმა შეძლო ოქსიტოცინის გამოყოფის არაინვაზიური საზომი შეემუშავებინა, რამაც ექსპერიმენტი მეტად მოქნილი გახადა. კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ სხვების დასახმარებლად ადამიანების მოტივირებისთვის, ამბავმა აღმქმელის ყურადღების შენარჩუნება უნდა შეძლოს. ეს კი, სხვა დეტალებთან ერთად, თხრობის განვითარებითა და დაძაბული მომენტების არსებობით მიიღწევა. თუ ამბავი/სიუჟეტი საკმარისად კარგადაა აწყობილი საიმისოდ, რომ აღმქმელი ამ დაძაბულობით მოამარაგოს, მას თანაგრძნობა უჩნდება და მეტიც, შეიძლება, შემდეგაც კი, რაც კონკრეტული ამბის თხრობას მოვრჩებით, ისევ გააგრძელოს პერსონაჟის ემოციებისა და ქცევების გამეორება. [ასე შეგიძლიათ ახსნათ ის კმაყოფილებისა და დომინირების განცდა, რომელიც ჯეიმს ბონდის მხრიდან სამყაროს ხსნის სცენის ნახვის შემდეგ გეუფლებათ, ან ის, რომ ჯგუფური მუშაობის სურვილი გიჩნდებათ, მას შემდეგ, რაც ხედავთ, როგორ შეძლო შეთანხმებული და ეფექტური მოქმედება 300-მა სპარტელმა].

ეს დასკვნები, რომელიც ამბის თხრობას ნეირობიოლოგიის კუთხით გვაჩვენებს, ბიზნესის სფეროშიც რელევანტურია. მაგალითად, როცა საჯარო გამოსვლა გაქვთ, ემოციური კონტენტი, საბოლოო ჯამში, გაცილებით კარგი შედეგის მომტანია და მისი დახმარებით მთავარი სათქმელიც ადვილად მიგაქვთ აუდიტორიამდე. მეტიც, აუდიტორია თქვენი მონათხრობის შინაარსის გახსენებას რამდენიმე კვირის შემდეგაც შეძლებს. ბოლო დროს, ტენდენციები იცვლება და უახლოეს წარსულში, ამდენად პოპულარული PowerPoint პრეზენტაციებიც გადაფასების პირასაა. სპეციალისტები ურჩევენ სპიკერებს, დაიწყონ ყველა პრეზენტაცია ადამიანური ისტორიით/ამბით. მაგალითებით, ან წარმოდგენით იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დაინტერესდნენ აუდიტორიაში, ქუჩაში, სახლსა თუ სამსახურში მყოფი ადამიანები თქვენი პროექტით/საპრეზენტაციო თემით. რას შეცვლის ის ადამიანებისთვის და რა შეცვალა უკვე? ამ კომპონენტების ხაზგასმა ინფორმაციის დამახსოვრებას ამარტივებს.

პოლ ზაკის კიდევ ერთი კვლევა ხაზს უსვამს, რომ ამბის თხრობა სასარგებლოა ორგანიზაციის შიგნითაც. რთული მისახვედრი არაა, რადგან ბევრ ჩვენგანს ეს საკუთარ თავზე გამოუცდია, თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ თანამშრომლების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი მოტივირებულია კომპანიის ტრანსცენდენტული მიზნებით – იმით, თუ როგორ გააუმჯობესებს ის ადამიანების ცხოვრებას, ვიდრე ტრანზაქციული მიზნებით – როგორ ყიდის კომპანია თავის პროდუქტსა თუ სერვისს. ტრანსცენდენტული მიზნის სტიმულირება კარგად ხერხდება ამბის თხრობით. მაგალითად, კონკრეტული მომხმარებლის შემთხვევის განხილვა, რომელიც გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა, კომპანიის მხარდაჭერით პრობლემასთან გამკლავება შეძლო, თანამშრომლებს ტრანსცენდენტულ მიზანს კარგად შეახსენებს.

მომხმარებელთა ისტორიების მოყოლით თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევთ იყვნენ ემპათიურები და თანაგრძნობის გზით, საკუთარ თავზე გამოცადონ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათი კომპანიის მხრიდან გაწეულ დახმარებას. ერთი მხრივ, ასე საშუალებას აძლევთ თანამშრომლებს იგრძნონ მომხმარებელთა ტკივილი და სიხარული. ამ დროს კი შეგიძლიათ გახსოვდეთ – ისეთი ტიპის ამბებზე, რომელიც პრობლემის გაჩენიდან გადაჭრამდე თანმიმდევრულად ვითარდება, შეიცავს დაძაბულ მომენტებსა და მოულოდნელობებს, ტვინი განსაკუთრებით რეაგირებს.

მეორე მხრივ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ორგანიზაციას აქვს საკუთარი ამბავი. ტრანსცენდენტული მიზნის შესახსენებლად ასევე ეფექტურია იმის გაზიარება, თუ რამ მიიყვანა კომპანიის დამფუძნებელი მისი შექმნის გადაწყვეტილებამდე. რა გარისკა ამისთვის, რა ბარიერები გადალახა და რატომ იყო ამ მიზნის მიღწევა ასეთი მნიშვნელობის მქონე? ეს არის ამბავი, რომელიც ხშირად უნდა იმეოროთ, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დნმ-ს არ დაშორდეთ.

და ბოლოს, როცა გინდათ მოტივაცია მისცეთ ვინმეს, იყოთ დამაჯერებელი ან დასამახსოვრებელი, დაიწყეთ კომუნიკაცია/გამოსვლა ადამიანური ისტორიით. ამბით, რომელშიც პერსონაჟი გასაჭირშია, შემდეგ კი პოულობს გზას ტრიუმფის მისაღწევად. მსგავსი მიდგომით ადამიანების ტვინებამდე ადვილად მიაღწევთ, განაცდევინებთ პერსონაჟის სიტუაციას, რაც მონათხრობს გაცილებით დასამახსოვრებელს გახდის.

წყარო: HBR



ბანქო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით – გვანცა ჩიჯავაძის ახალი ნამუშევარი

„აჭარაბეთმა“ 100 დღიანი გათამაშების გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა