25
Jul
2019

კვანტური მასალით ადამიანის ტვინის კომპიუტერში გადმოწერა იქნება შესაძლებელი

25 Jul 2019

ალბათ, გსმენიათ, თუ როგორ ინახავენ გენიოსების ტვინებს სხვადასხვა ლაბორატორიები. ეს ხდება საქართველოს მასშტაბითაც – გვსმენია გალაკტიონ ტაბიძისა თუ ზაქარია ფალიაშვილის ტვინების შესახებაც… თუმცა, როგორ შეინახავდნენ ასეთი ადამიანების ტვინებს, მათ თანამედროვე სამყაროში რომ ეცხოვრათ. წარსულის, პირდაპირი მნიშვნელობით, ბიოლოგიური შენახვის მეთოდების გვერდის ავლით, რამდენად ფუნქციური შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ტვინი, თუ მას დღეს, ციფრულად შეინახავდნენ?

ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს, თუმცა, მეცნიერთა თქმით, შექმნეს ახალი კვანტური მასალა, რომელიც ერთ დღესაც, შეძლებს უზრუნველყოს ინფორმაციის ტრანსფერი ადამიანის ტვინიდან კომპიუტერულ სისტემაში. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის მოიცავს იდეას, ერთი მხრივ, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ტვინის ციფრულ ღრუბელზე (Cloud) ატვირთვა, მეორე მხრივ კი აკონტროლონ ჯანმრთელობა. შესაძლოა ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრად მიგაჩნიათ, თუმცა, პურდუს უნივერსიტეტისა (აშშ) და არგონის ლაბორატორიის მეცნიერები ამას მომავლის სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ. ახალი კვანტური მასალა იქნება სისტემა, რომელსაც ტვინი ელექტროქიმიური სიგნალების ელექტრულ აქტივობად თარგმნა, კომპიუტერში გადატანა და ინტერპრეტირება შეუძლია.

„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მასალა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კომპიუტერული მოწყობილობის შექმნის კუთხით, მოწყობილობის, რომელზეც შეგვეძლება ჩვენი მეხსიერებისა და მოგონებების ატვირთვა/ტრანსფერი“, – ამბობს პურდუს უნივერსიტეტის ინჟინერი – შირირამ რამანათენი, ScienceBlog-თან საუბრისას.

აღსანიშნავია ამ სამეცნიერო მიღწევის როლი სხვადასხვა დაავადების ადრეული დიაგნოსტირების კუთხითაც. ამ ეტაპზე, მასალას შეუძლია ნეირონულ უჯრედებს შორის ქიმიური რეაქციების დაფიქსირება, რის საფუძველზეც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მანამ, სანამ კომპიუტერის მეხსიერებაზე (ან ღრუბელზე) ჩვენი ტვინის მეხსიერების ატვირთვას შევძლებთ, მასალის გამოყენებით, ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება იქნება შესაძლებელი, მაგალითად, პარკინსონის დაავადების.

მკვლევარებმა მასალა ორი მოლეკულის – გლუკოზის (ენერგიის წარმოებისთვის აუცილებელი მოლეკულა) და დოპამინის (არეგულირებს მოძრაობას, ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერებას) შემთხვევაში გამოცადეს. კვანტური მასალა ამყარებს ძლიერ კავშირს ელექტრონებთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე შემთხვევაში, მასალა პოულობს შესაძლებლობას, აწარმოოს წყალბადი, ანუ, კვანტურ ქსოვილს თვითონ შეუძლია ატომების წარმოქმნა და არ არის დამოკიდებული ენერგიის სხვა წყაროზე.

მეცნიერთა თქმით, აღნიშნულ კვანტურ ქსოვილს შეუძლია იყოს მგრძნობიარე სხვა მოლეკულების (დოპამინისა და გლუკოზის გარდა) შემთხვევაშიც. შემდეგი ნაბიჯი კი ისეთი მატერიის შექმნაა, რომელსაც ტვინის სიგნალების საპასუხო რეაქციის გამოვლენა შეეძლება.

აღნიშნული სამეცნიერო კვლევა მრავალმა ორგანიზაციამ აღიარა მათ შორისაა – National Science Foundation, Air Force Office for Scientific Research, National Institute of Mental Health, Office of Naval Research and the U.S. Department of Energy Office of Science.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ტვინში ელექტრონული მოწყობილობის მოთავსებით, მას შემდეგაც, რაც თქვენი ტვინის ფუნქციონირება თუ მეხსიერება, ასაკთან ერთად, ან კონკრეტული დაავადების გადატანის შემთხვევაში გაუარესდება, ამ მოწყობილობის დახმარებით, შეძლებთ აღიდგინოთ მოგონებები“, – ამბობენ მეცნიერები.

წარმოიდგინეთ, რომ ტვინს თვითონ შეუძლია საკუთარი მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება, რომ არსებობს მოწყობილობა – მასალა, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც თქვენ. რომ შეიძლება, თქვენი მეხსიერება ციფრულ და ბიოლოგიურ მოცემულობებში ერთდროულად არსებობდეს. შემდეგ კი, შესაძლოა, თქვენ გარეშეც…

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა