in

როგორია ბრეინშტორმინგის პროცესი ქართულ კრეატიულ სააგენტოებში?

იდეა არის ის ძირითადი რამ, რაც დამკვეთს კრეატიული სააგენტოსგან სჭირდება. როგორ იბადება იდეა? მისი მთავარი მახასიათებელიც ისაა, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. შესაძლოა, საათობით „უკირკიტოთ“ და არაფერი გამოვიდეს. მეორე მხრივ, თითეული ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც იდეა უკითხავად იჭრება ჩვენს გონებაში და „ანათებს“ მას. თუმცა, ყოველთვის ასეთ მომენტს ვერ დაველოდებით. თუ იდეის მოფიქრება თქვენი სამუშაოს ნაწილია და ეს განსაზღვრულ დროში უნდა მოახერხოთ, ერთადერთი გამოსავალია, ლოდინის ნაცვლად, როგორმე შეძლოთ და იდეას თქვენს გონებაში მოუხმოთ. კრეატიულ სააგენტოებში სწორედ ამას აკეთებენ – ცდილობენ იდეის პროვოცირებას – ეძებენ, პოულობენ და აგენერირებენ მას. ამისთვის კი, ძირითადად, ბრეინშტორმინგს მიმართავენ. ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანები საერთო სივრცეში იკრიბებიან, განიხილავენ ძირითად საკითხს, ცვლიან აზრებს, იდეებს, სტრატეგიებს, მოკლედ, ბრიფთან (დავალებასთან) დაკავშირებულ ნებისმიერ აზრსა და ინფორმაციას. ყველაფერი, რასაც ამ პროცესის დროს წააწყდებით, იქნება ეს აქტიური მსჯელობა, წამიერი სამარისებური სიჩუმე, სიცილი, აზარტის გამომხატველი თვალები, ადრენალინი, უშინაარსო ან აღმაფრთოვანებელი იდეები თუ მარკერის ფერებში შეღებილი ხელის გულები, საერთო მიზანს ემსახურება – დაიბადოს ღირებული იდეა.

ამდენად, კრეატიული სააგენტოებისთვის ბრეინშტორმინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. იმის გასაგებად, თუ რა როლს ასრულებს და როგორ მიმდინარეობს ბრეინშტორმინგი სააგენტოებში, რამდენიმე კრეატიულ დირექტორს გავესაუბრეთ. რეზო შელია (Redberry), მიხეილ სეხნიაშვილი (ABK) და ციცი ბოდოკია (Kraken) ბრეინშტორმინგის მნიშვნელობასა და მახასიათებლებზე გვიყვებიან.

M: რა როლი აქვს ბრიფის დამუშავებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ბრეინშტორმინგს?

მიშკა სეხნიაშვილი

მიშკა სეხნიაშვილი: „ბრეინშტორმინგი სააგენტოს ნებისმიერი საქმიანობისთვის  აუცილებელი პროცესია. საკომუნიკაციო სფეროში ნაკლებად გათვიცნობიერებულ ადამიანებს შესაძლოა ეგონოთ, რომ სტრატეგია, რაც ლოგიკასა და ანალიტიკას ეყრდნობა, ბრეინშტორმინგს არ საჭიროებს. თუმცა, ეს ასე არაა – ყველგან, სადაც იდეაა, საჭიროა ბრეინშტორმინგიც.“

ციცი ბოდოკია: „მთავარი სირთულე არის ამოცანის სწორად გაგება და შესაბამისი ფოკუსირება. ბრეინშტორმინგის დროს, ყველა თავის აზრს, დაკვირვებებსა და ხედვას  აფიქსირებს. მარტო ფიქრსაც აქვს თავისი სიკეთე, თუმცა სხვასთან ერთად ფიქრი ახალ პერსპექტივებს გვანახებს.“

რეზო შელია: „ყველა ბრიფი უნიკალურია, თითოეულ სიტუაციას, ბრენდს, სფეროს, საკუთარი სპეციფიკა და კონტექსტი აქვს. ფაქტობრივად, შეუძლებელია ააწყო კამპანიაზე მუშაობის უნივერსალური პროცესი. თუმცა, ამ პროცესში ბრეინშტორმინგი არის ერთადერთი მუდმივი, უამრავ ცვლადს შორის.“

M: კონკრეტულად, რა ფაზებისგან შედგება ბრეინშტორმინგის პროცესი?

ციცი ბოდოკია

ციცი ბოდოკია: „პირველ რიგში, ვეცნობით ბრიფს, ვიაზრებთ დამკვეთის საჭიროებებს და იმას, თუ რამდენად სწორად გვესმის მომცემული დავალება. ხშირად, ვაკეთებთ მოკვლევას ბრიფის ირგვლივ.

შემდეგი ეტაპია იდეების ჩამოყრა და ერთმანეთთან დაკავშირება.

ამ დროს ხშირად ისმის ფრაზები:

  • „აა, ბაზარი არაა“
  • „ხო, ეგეც კაია“
  • „სხვა რამეზეც ხომ არ ვიფიქროთ?“ 
  • „ეგ უკვე გააკეთეს…“
  • „Top of mind-ია…“ 
  • „მგონი, ეგ არის – დავიწყეთ!“

რეზო შელია: „საამაყო იდეას საფუძველს, ყოველთვის ათასი სულელური იდეა უმაგრებს – არარეალისტური და ხანდახან, უბრალოდ სასაცილო აზრი.

რეზო შელია

ცუდი იდეების გაჟღერება აუცილებელია, რადგან ნებისმიერი იდეა, შესაძლოა, იყოს ინსპირაცია სხვისთვის. ასევე, ეს ეხმარება თითოეულ მონაწილეს გაიაზროს, რომ არცერთი იდეის გაჟღერება არ „ტეხავს“.

ჯერ ჩამოუყალიბებელი, „ახალგაზრდა“ იდეა ხშირად ვერ უძლებს კრიტიკას, ამიტომ, მნიშვნელოვანია მის გამოსაცდელად სწორი დრო შევარჩიოთ. ბრეინშტომინგის პროცესში თანდათან იკვეთება დეტალები, სტრუქტურა და ფორმა. ამ სტადიაში უკვე შესაძლებელია იდეისა და მისი თითოეული კომპონენტის ეფექტურობის გამოცდა. რაც უფრო მეტჯერ დაარტყამ ჩაქუჩს გახურებულ იდეას, მით უფრო მყარი იქნება საბოლოო შედეგი.
ამ ეტაპზე, მთელი გუნდი ერთად ვართ იდეის გამომცდელებიც და მცველებიც, ვეძებთ პასუხებს საკუთარ კრიტიკულ შეკითხვებზე და როგორც წესი, სწორედ ამ პროცესში ხდება იდეების საბოლოო ჩამოყალიბება და შერჩევა.“

მიშკა სეხნიაშვილი: „ნაყოფიერი ბრეინშტორმინგისთვის აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ბოლომდე ენდობოდნენ და არ ჰქონდეთ ერთმანეთის განსჯის სურვილი. ასე რომ, პირველი ნაბიჯი ჯანსაღი გარემოს შექმნაში მდგომარეობს.

ბრეინშტორმინგი ბრიფის გაცნობის შემდეგ „ინსაითებისა“ და პირველი იდეების „დაყრით“ იწყება. ეს აუცილებელი ეტაპია, რადგან ამ დროს, ძირითადად, იშორებ იდეებს, რომელიც ადამიანების უმეტესობას მოუვიდოდა თავში. ამ ფენის გავლის შემდეგ, უკვე განსხვავებული იდეების ნაკადის დრო დგება.

ამ სტადიაზე, ხშირად ვიყენებთ ე. წ. freewriting-ს – ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე. დაფაზე ვწერთ ყველაფერს, რაც თავში მოგვივა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ვამოწმებთ – სადმე რამე კარგი იდეა ხომ არ ვთქვით.

შემდეგ, ბრეინშტორმინგის სხვა ტექნიკებზეც გადავდივართ, რასაც კრეატიულ ინსტრუმენტებს ვეძახით. ამ დროს, ვიყენებთ მეტაფორის, გამოკლების, აბსურდული ალტერნატივის, მაქსიმალური გაბანალურებისა და სხვა ხერხებს.“

M: როგორია ბრეინშტორმინგის კულტურა თქვენს სააგენტოში? – მაგალითად, საბაზისო „წესები“, ინდივიდის ჩართულობა, ნავიგაცია შედეგისკენ და იდეების გენერირების ხელშემწყობი ფაქტორები?

რეზო შელია: „რედბერიში ბრეინშტორმინგის ჩვენი კულტურა ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც სულ რამდენიმე წესი აქვს – ვუსმენთ ერთმანეთს (ამ წესს შიგადაშიგ ვარღვევთ ხოლმე) და არ გვეშინია, გავაჟღეროთ ცუდი იდეები.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბრეინშტორმინგის პროცესში თავს ყველა კომფორტულად ვგრძნობდეთ. ამ ეტაპზე,  ყველაზე საშინელი იდეის გაკრიტიკებაც კი დაუშვებელია, ამას თავისი დრო აქვს.“

Redberry

მიშკა სეხნიაშვილი: „ბრეინშტორმინგისთვის რამდენიმე მარტივი წესი გვაქვს. პირველი ისაა, რომ პროცესის დროს, „შენი“ და „ჩემი“ იდეა არ არსებობს – ყველა მოფიქრებული იდეა „ჩვენია“.

ფიქრის პროცესი აზარტული რამაა – კარგმა იდეებმა, შესაძლოა, სხვა მიმართულებით გაგიტაცოს და ბრიფის მოთხოვნები გვერდით დაგრჩეს. 

ბრეინშტორმინგის დროს, უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც მართავს ამ პროცესს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წესი ისაა, რომ ცუდი იდეა არ არსებობს. ბრეინშტორმინგის პროცესში კრიტიკა არ შეიძლება.“

ციცი ბოდოკია:კოვიდის გამო, ყოველთვის სრული შემადგენლობით ვერ ვიკრიბებით. ამიტომ, ცალცალკე ფიქრის ტრადიცია თავისთავად დაინერგა. თუმცა, ეს მიდგომაც  საკმაოდ ეფექტური გვეჩვენება. თავდაპირველად, ინდივიდუალურად ვამუშავებთ იდეებს, შემდეგ ვიკრიბებით, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვმსჯელობთ. თუ რომელიმე იდეის პოტენციალს პირველივე შეხვედრისას ვიგრძნობთ, ვცდილობთ, ყველამ თავისი იდეა მიაშენოს. მაგრამ, როცა ბრეინშტორმიგნის დროს, სასოწარკვეთილება სუფევს, გვაქვს პატარა დროში მარტივი იდეების დაწერის წესი, უაზრობების ლაპარაკის წესი, ჰაერზე განიავების წესი, პანიკური სიცილი და ამის შემდეგ, როგორც წესი, რაღაც გვეშველება ხოლმე.“

Kraken

M: რა კრიტერიუმებით ხდება იდეების დახარისხება და საუკეთესოს გამორჩევა? რა არის ის წერტილი, რაც მსჯელობას ასრულებს?

მიშკა სეხნიაშვილი: „იდეების დახარისხება ბრიფთან შესაბამისობით ხდება. 

ასევე, სასიამოვნო შეგრძნება, რომ რაღაც მაგარი მოვიფიქრეთ, უნდა გაგვყვეს გარკვეული დროის მანძილზე. თუ რამდენიმე იდეა მოგვეწონა და ჩავთვალეთ, რომ კარგია, დგება მათი გადარჩევის მომენტი. პირველ რიგში, ვამოწმებთ რამდენად შეესაბამება იდეები ბრიფს და რომელიმე მათგანი აცდენილი ხომ არაა დავალებას. შემდეგ, დარჩენილ იდეებს ყველაზე მარტივი ხერხით ვფილტრავთ – მათ ფურცელზე ჩამოვწერთ და ოთახიდან გავდივართ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჩვენს დაწერილს ვკითხულობთ და თუ ისევ ისე მოგვეწონა და იგივე შეგრძნება დაგვეუფლა, რაც მათი მოფიქრების დროს გვქონდა, ე.ი. იდეა კარგია.“

რეზო შელია: „რედბერიში მუშაობისას მიჭირს გავიხსენო შემთხვევა, როდესაც მე ან თოკას (რედბერის მეორე კრეატიული დირექტორი) მიგვიღია გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი არ ეთანხმებოდა. როგორც წესი, ბრეინშტორმინგი გრძელდება იქამდე, სანამ ყველასათვის ნათელი არ იქნება, რომელი პასუხი არის სწორი და რისი გვჯერა ყველას ერთად.“

ციცი ბოდოკია: „რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია

  • რამდენად პასუხობს დასმულ ამოცანას
  • რამდენად მარტივია აღსაქმელად
  • რამდენად ორიგინალურია

რაღაც მომენტში ახალი რაკურსიდან ვცდილობთ შეხედვას და ვტესტავთ მიგნებულ იდეას უცხო ადამიანებზე და კოლეგებზე.
„ეგარი!“ – ეს ფრაზა ხშირად ასრულებს ჩვენს მსჯელობას და ბრეინშტორმინგის პროცესს.“


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

თეგეტა უკრაინისთვის – 100 000 ლარი ომით დაზარალებულ მოსახლეობას

თიბისი უარს ამბობს Z სიმბოლოზე და ახალ იდეებს ეძებს!