ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ პარალიზებულმა ადამიანმა, რომელსაც ლაპარაკი და ბეჭდვა არ შეუძლია, 1000-ზე მეტი სიტყვის თქმა შეძლო — ეს ყველაფერი კი ნეიროპროთეზის დახმარებით. მოწყობილობას თავის ტვინის ტალღების სრულ წინადადებად თარგმნა შეუძლია. კვლევის წამყვანი ავტორის, შონ მეტცგერის, თქმით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — სწორედ ეს იქცა მამაკაცის ერთ-ერთ საყვარელ ფრაზად.
გასულ წელს, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აჩვენა, რომ ტვინის იმპლანტს, რომელსაც ეწოდება ტვინის-კომპიუტერის ინტერფეისი, 50 ძალიან გავრცელებული სიტყვის თარგმნა შეუძლია… ახლა კი მეცნიერებმა ფონეტიკური ანბანის 26 ასოს ჩუმი იმიტაციის გაშიფვრა შეძლეს. შემდეგ კი მართლწერის ინტერფეისმა ენის მოდელირება გამოიყენა მონაცემთა რეალურ დროში დასამუშავებლად, შესაძლო სიტყვების თუ მართლწერის შეცდომების იდენტიფიცირებისთვის.
გარდა ამისა, მკვლევრებმა 1150-ზე მეტი სიტყვის გაშიფვრა შეძლეს — ისინი „ბუნებრივი ინგლისური წინადადებების შინაარსის 85%-ზე მეტს“ შეადგენდა. მათი თქმით, ეს ლექსიკა შეიძლება 9 000 სიტყვამდე გაფართოვდეს, რაც ყოველდღიური სასაუბრო ენის ძირითადი ნაწილია.
მამაკაცს BRAVO1 დაარქვეს , როგორც ტვინის-კომპიუტერის ინტერფეისის ხელისა და ხმის აღდგენის პირველი მონაწილე. 20 წლის ასაკში მან ინსულტი გადაიტანა, რამაც ანართრია განივითარა — გააზრებულად ლაპარაკის უუნარობა, თუმცა მისი შემეცნებითი ფუნქცია დაუზიანებელი დარჩა. ეს ინოვაციური წარმატება კი ნამდვილად დამაიმედებელია სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებისთვის…