29
Mar
2018

მსოფლიო ბრენდების სლოგანები პრეზერვატივის შეფუთვაზე – ბექა გიორგაძის პოსტერების მორიგი სერია

29 Mar 2018

რა მოხდება, თუ მსოფლიოს უდიდეს ბრენდების პროდუქტს პრეზერვატივით შევცვლით, მათ სლოგანებს კი ამ პროდუქტის წარმოსაჩენად გამოვიყენებთ? ალბათ, დაახლოებით, ასეთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს დიზაინერმა ბექა გიორგაძემ, სანამ ქართული პოსტერების სერიის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილეს კომპანიებზე იმავე ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტდა. „ამ პოსტერების სერიით, უბრალოდ, გამოვხატავ ჩემს პოზიტიურ და ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ბრენდების მიმართ, მათ აქვთ მკაცრად და ზუსტად გათვლილი სლოგანები და ჩემი პროექტით, რადიკალურად შევცვალე მათი არსი“,- გვითხრა ბექამ.

 

„რადგან ქართულ კომპანიებზე მორგებულ ამ პროექტს პოზიტიური და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტე, შემექმნა მისი უცხოური ანალოგი. უცხოური ვერსიის შექმნის მიზეზი არის ისიც, რომ ონლაინ პორტფოლიოზე (Behance.net), სადაც განთავსებული მქონდა ჩემი პროექტი, იყო მხოლოდ ქართველების გამოხმაურება და შიგადაშიგ, უცხოელებიც იწონებდნენ პროექტს, თუმცა, ვერ ხვდებოდნენ მის არსს. შესაბამისად, ცნობადობის ამაღლების მიზნით, შევქმენი უცხოური ანალოგიც, რომელმაც უკვე დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა უცხოელი მომხმარებლის მხრიდან. ყოველდღიურად, მხვდება ახალი მოწონებები და კომენტარები ამ პროექტზე, ასევე კომენტარებში ისინი მთავაზობენ საკუთარ იდეებსაც, ამ პროექტთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ჩემი პორტფოლიო გავხადო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ყველა დამთვალიერებლისთვის“. – ბექა გიორგაძე. 

 

განხილვა