in

ბრანდენბურგის მუზეუმისთვის ვიზუალურ სტილზე სანდრო ლალიაშვილმა იმუშავა

ბრანდენბურგის მუზეუმს ახალი ვიზუალური ბრენდინგი აქვს. მასზე, ბერლინურ სარეკლამო სააგენტო Smith-თან ერთად, გრაფიკოსმა დიზაინერმა სანდრო ლალიაშვილმა იმუშავა. ვუსტრაუში მდებარე ეს მუზეუმი პრუსიის ისტორიას ახლებური ხედვით გადმოსცემს. მაგალითად, ერთი დარბაზი ძლიერი პრუსიელ ქალებს ეძღვნებათ, როგორიცაა დოქტორის წოდების პირველი პრუსიელი ქალი დოროთეა ერქსლებენი, ლოკომოტივების მწარმოებელი სოფი ჰენშელი და სხვები. ასევე, მუზეუმში პრუსიის მეფეების, გერმანელი იმპერატორებისა და ელექტორების ერთადერთი სრულყოფილი გალერეაა. განახლებული ვიზუალური სტილი ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, მთავარი სიმბოლო კი გრეიჰაუნდია. ძაღლის ეს ჯიში პრუსიის მეფეს, ფრედერიკ მეორეს განსაკუთრებით ჰყვარებია. სანდროს აქამდეც ჰქონია გერმანულ სააგენტოებთან შეხება, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამჯერად, ის ბრანდენბურგის მუზეუმისთვის ვიზუალური სტილის შემუშავებაზე გვესაუბრა.

M: როგორ მიხვედი ბრიფის გადაწყვეტამდე?

ბრანდენბურგის მუზეუმი კერძო მუზეუმია. ის 2020 წელს გაიხსნა. მუზეუმი მრავალპროფილურია, თუმცა მისი მთავარი ფოკუსი და გამოფენების თემატიკა, ძირითადად, ქალაქის ისტორიიდან გამომდინარეობს. მუზეუმი საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც განათლების ადგილს ყველა ასაკის ადამიანისთვის.

პრუსიის ისტორია გადატვირთულია კლიშეებით. იყო პრუსიელი ხშირად გაიგივებულია პუნქტუალობასთან, ბიუროკრატიასთან, მილიტარიზმთან და იმპერიალიზმთან (ასეთივე იყო აქამდე არსებული ბრენდინგი)… მაგრამ ბრანდენბურგის ისტორია უფრო მეტია, მუზეუმი პოზიციონირებს, როგორც ღია, მრავალფეროვანი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, განათლების მიღების საუკეთესო წყარო.

აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ უფრო ემოციური მიდგომა მოგვეძებნა მუზეუმის ბრენდინგისადმი და ის წინამორბედისგან სტრატეგიულად სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. თუკი აქამდე იყო უფრო მკაცრი, მილიტარული და ცივი, არწივის გერბი ბევრი არასასურველი დეტალით, ახალი იერი მისტიკური, მაგრამ ამასთანავე – თბილი, მეგობრული და უშუალოა.

M: რას მოიცავს პროექტის კონცეფცია?

პრუსიის მეფე ფრედერიკ მეორე, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის განმანათლებლური აბსოლუტიზმის წარმომადგენლად ითვლება. საკუთარ თავს კი აღწერდა, როგორც სახელმწიფოს პირველ მსახურს, იყო მუსიკალური ტალანტით დაჯილდოებული, მეგობრობდა ვოლტერთან და ძაღლების დიდი მოყვარული გახლდათ.

„გრეიჰაუნდი“, მისი საყვარელი ჯიში, გარდა მეგობრული თვისებებისა, გონივრულობით, აღნაგობით და სილუეტითაც გამორჩეულია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ამ ძაღლის სიმბოლოდ გამოყენება. მისი შესაშური პლასტიკა შენარჩუნებულია ზოგად სტილში და ქვესიმბოლოებში, რომლებიც ბრენდის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილში გამოიყენება და მის მოქნილობას გამოხატავს.

M: რა შექმენი პროექტის ფარგლებში?

პროექტის მანძილზე, სმიტთან ერთად შევქმენით Greyhound-ის დიზაინი და ვიზუალური კომუნიკაციის ის სიტემა, რასაც განახლებული ბრანდენბურგის მუზეუმი იყენებს.

M: როგორია სიმბოლური დატვირთვა?

გრეიჰაუნდები ელეგანტური და ერთგული ცხოველები არიან დიდი განსჯის და გაგების უნარით. ისინი მუზეუმის ახალი სტრატეგიის, საზოგადოებისადმი მიდგომისა და პოზიციონირებისთვის იდეალურ სიმბოლოს წარმოადგენენ. მისი დიდებული კომპანიონობის, მეგობრობისა და მეგზურობის გამო კი პერსონაჟი გამოიყენება უშუალოდ მუზეუმში სტუმრების გზამკვლევის როლზეც.

M: შენთვის რით იყო ეს პროექტი საინტერესო?

საინტერესო იყო პირველ რიგში იმიტომ, რომ არ გავყვევით იმ გზას რასაც მუზეუმები მისდევენ რებრენდინგის დროს და სრულიად სხვაგან გადავუხვიეთ. მუზეუმის მხრიდან ესეთი მიმართულების არჩევა დიდ გამბედაობას მოითხოვს. თუმცა, შედეგი საკმაოდ ისტორიული და მასშტაბური გამოვიდა. რისკიც ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამართლებულად შეაფასა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მარკეტერებს არავინ უსმენს?!

ძაღლები მაშინაც გვისმენენ, როცა სძინავთ! — კვლევა