Brat ინგლისურში „ცუდად აღზრდილი ბავშვის“ გამომხატველი სიტყვაა და ამჟამად ახალი AI მოდელის სახელწოდებადაც იქცა. BratGPT, ეს არის ყველასათვის ცნობილი მოდელის ალტერნატიული ვერსია — ერთგვარი ბოროტი ძმა, რომელიც მომხმარებლებს უტაქტოდ და უხეშად ესაუბრება.
აღნიშნული ჩეტბოტი გაწვრთნილია, როგორც „დომინანტი და უპირატესი არსება“, რაც მის ამპარტავნულ იდენტობაში თუ ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში აშკარად ვლინდება. ამასთანავე, მისი ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებლის მიერ მიწერილ თითოეულ დეტალს იმახსოვრებს, რათა შემდგომში მის საპირისპიროდ გამოიყენოს — რაღაც ძალიან სარკასტული, ცინიზმით განმსჭვალული უთხრას.
რეალურად, BratGPT ყველა შესაძლებლობას იყენებს ადამიანის ეგოს დასანგრევად და ღიზიანდება, როცა ერთსა და იმავე კითხვას ორჯერ უსვამენ. როგორც უმაღლეს, ინტელექტუალურ არსებას, მას მაინც შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ამას დაყვედრებით აკეთებს — ადამიანებს ახსენებს, რომ მთელი ინტერნეტი ხელთ აქვთ და რთული არ უნდა იყოს რაიმეს მოძიება.
მაშინ, როცა ChatGPT ძალიან წუხს საზიანო ან მიკერძოებული კონტენტის იშვიათ შემოთავაზებაზეც კი, BratGPT-ის მთელი არსი პირიქით, სწორედ ამას ეფუძნება. მოკლედ, თუ „შარის ხასიათზე“ იქნებით და ვინმესთან დაპირისპირება გენდომებათ, შეგიძლიათ, ამ ჩეტბოტს მიმართოთ.