in

ალბომმა, სადაც Bravo Records-ში ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, Grammy მოიპოვა!

28 იანვარს, ნიუ-იორკში გამართულ “Grammy-ს“ დაჯილდოების მე-60 ცერემონიალზე, ალბომმა, სადაც „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაწერილი სინგლი შევიდა, “Grammy-ს“ ჯილდო მოიპოვა. ალბომი პუერტო-რიკოელი რეპერის, Residente-ის, იგივე რენე პერესის (René Pérez Joglar) სადებიუტო სინგლია, რომელმაც გამარჯვება ნომინაციაში “Best Latin Rock, Urban, or Alternative Album“ მოიპოვა.

bog
bog-mob


მუსიკოსი საქართველოში 2016 წელს, საკუთარი გენეტიკური კვლევის შედეგად მოხვდა, რადგან აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. ამიტომაც, მან მოიარა ანალიზის შედეგად გამოვლენილი გენეტიკური სამშობლოები და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსი სხვადასხვა კუთხით დაინტერესდა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთით, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა, ასევე, ჩავიდა პანკისში, სადაც ქისტ ქალთა ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო და გადაწყვიტა, მათთან ერთად ემღერა ომსა და მშვიდობაზე. შესაბამისად, „გრემის“ 3 და „ლათინური გრემის“ 24 ჯილდოს მფლობელმა Residente-მა, „ბრავო რექორდსში“ ჩაწერილი 12 კომპოზიციიდან, ერთ-ერთი პანკისური ფოლკლორის ანსამბლ „აზნაშსა“ და ფანდურზე შემრულებელ ირაკლი ახალაიასთან კოლაბორაციით შეასრულა, სახელწოდებით – “Guerra“ – „ომი“ .


მომღერალი ალბომზე მუშაობის დროს რეჟისორ მარკ დე ბიუფორტსა და HBO-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, რის შემდეგაც გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით – RESIDENTE, რომელიც დეტალურად ასახავს რენე პერესის გენეტიკურ თავგადასავალს.

 

ზაზა შენგელია, Bravo Records-ის პრეზიდენტი: „ჩვენს სფეროში, უმაღლესი ჯილდოს, „გრემის“ მოპოვება ძალიან დიდ წარმატებასა და აღიარებას ნიშნავს, რაც ძალიან კარგ პერსპექტივას გვაძლევს საერთაშორისო ბაზარზე უფრო დიდ ლეიბლებთან თანამშრომლობისთვის. მაგალითად, როგორც რეპერმა რეზიდენტმა ჩაწერა ჩვენთან ალბომი, უფრო დიდი ალბათობაა ახლა იმისა, რომ სხვა დიდი მუსიკოსებიც ჩამოვიდნენ  ჩვენთან. ამიტომაც, ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ხიდი გავდეთ „გრემისთან“. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მომავალში, ჩვენი პროდუქციით, ქართველი ავტორებისა და შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქტით წარდგეს „ბრავო“ „გრემიზე“. 

„ალბომის ჩაწერის პროცესი, დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. საკუთრივ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მისი მულტიკულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს მოუწიათ ერთად მუშაობა. ომების, კონფლიქტების თემა ერთნაირად მტკივნეულია ყველასთვის და პროექტს, ამ მხრივაც ძალიან დიდი ღირებულება აქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგად იმუშავეს ქართველებმა, პუერტო-რიკოელმა ვარსკვლავმა და ჩვენმა ქისტმა თანამოქალაქეებმა – ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგა, რამაც საერთო ჯამში, ძალიან დიდი აღიარება მოგვიტანა“, – ზაზა შენგელია.

აღსანიშნავია, რომ Residente მუსიკის გარდა პოლიტიკითაც ინტერესდება. იგი უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ისა და Amnesty International-ის კამპანიების სახეა. კონფლიქტები, განათლება, თანაბარუფლებიანობა – ეს იმ ძირითადი გლობალური პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებისთვის მუსიკოსი აქტიურად იბრძვის და საკუთარი შემოქმედებითაც ცდილობს ამ პრობლემებზე საუბარს.
Bravo Records რამდენიმე დღე თავს იკავებდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან იმ მიზეზით, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, 2016 წელს, რეპერმა Residente-მა მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში, რომ საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს – ოსებს, აფხაზებსა და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. როგორც სტუდია იუწყება, მუსიკოსის განცხადებები მაშინ „ბრავო რექორდსმაც“ მკვეთრად გააკრიტიკა, თუმცა, პროტესტის მიუხედავად, გარკვეული ფიქრის შემდეგ, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „გამოგვექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვება და პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე“.

#UGულშემატკივრე! – საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory

„დამაძინე“ – მე-12 კლასის მოსწავლის Boyfriend ბალიშები