in

შესაძლოა, ბრაზით რთულ საქმეებს უკეთ გაუმკლავდეთ — კვლევა

ხშირად კი ვისმენთ, რომ თბილი დამოკიდებულებით უფრო მეტს მოვიგებთ, მაგრამ ახლა მკვლევრები სრულიად საპირისპიროს გვიმტკიცებენ — გვეუბნებიან, რომ როცა საქმე რთულ ამოცანებს ეხება, სიბრაზე ძლიერი მოტივატორი შეიძლება, გახდეს… დიახ, ექსპერიმენტის თანახმად, ბრაზიანი ადამიანები უკეთეს შედეგებს აღწევენ რთული გამოწვევებისას, ვიდრე ისინი, ვინც ემოციურად ნეიტრალურ მდგომარეობაში არიან.

ეს მიგნებები აჩვენებს, რომ ბრაზი ზრდის ძალისხმევას სასურველი მიზნის მისაღწევად, რასაც ხშირად შედეგად წარმატება მოსდევს, — განმარტავს ჰელთერ ლენჩი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

ჩატარებული ექსპერიმენტები 1000 მონაწილეზე მეტს მოიცავდა და 1400-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აანალიზებდა, რათა განსხვავებულ გარემოებებში ბრაზის შესაძლო გავლენა დაედგინათ. აი, მაგალითად ერთ-ერთ ექსპერიმენტში სტუდენტებს აჩვენეს სურათები, რომლებიც აღძრავდა ბრაზს, სურვილს, მწუხარებას, ბედნიერებას ან საერთოდ არ ატარებდა რაიმე ემოციას. შემდეგ კი ანაგრამების შედგენა შესთავაზეს. 

შედეგები ასეთი იყო — რთული ანაგრამების შემთხვევაში ბრაზიანი ადამიანები უკეთ მოქმედებდნენ, ვიდრე სხვა შესაძლო ემოციურ მდგომარეობაში მყოფი პირები. თუმცა მარტივ ანაგრამებში განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მეცნიერებმა კი ბრაზსა და გამძლეობას შორის კავშირს ერთი ახსნა მოუძებნეს, რომ ბრაზიანი ადამიანები უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ რთულ ანაგრამებზე… ხოლო მეორე ექსპერიმენტში ბრაზიანმა მონაწილეებმა თხილამურებით სრიალის ვიდეო თამაშში დროშების აცილება სხვებზე წარმატებით მოახერხეს. თუმცა აქაც უფრო მარტივ ვიდეო თამაშებში განსხვავებები არ შეინიშნებოდა. 

ადამიანებს ხშირად ურჩევნიათ პოზიტიური ემოციები ხელსაწყოების მსგავსად გამოიყენონ, ნეგატიურ ემოციებს კი არასასურველად და მავნედ აღწერენ. ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ დადებითი და უარყოფითი ემოციების შერწყმა ხელს უწყობს კეთილდღეობას, ხოლო უარყოფითი ემოციების ხელსაწყოებად გამოყენება, შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციებში ეფექტურიც კი გამოდგეს, — განმარტავენ მკვლევრები.

სინათლე წყალს სითბოს გარეშე აორთქლებს! — კვლევა

ზაზა ფაჩულიამ თბილისში კალათბურთის აკადემიის მეორე ფილიალი გახსნა