6
Sep
2018

როგორ დავაღწიოთ თავი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას?! – 3 რჩევა ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორისგან

6 Sep 2018

იყო დრო, ხალხი „დამოკიდებულებაზე“ საუბრისას მხოლოდ ნარკოტიკს გულისხმობდა. დღეს ეს სიტყვა არანაკლებ აქტუალურია ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით „სმარტფონებთან“ მიმართებაში. არა და, მწარმოებელ კომპანიებს თუ დავუჯერებთ, მათი პროდუქტი სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა ხდება რეალურად?! ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორის ადამ ალტერის მტკიცებით, რაც მეტ დროს ვატარებთ ეკრანთან, უფრო ნაკლებად ბედნიერები და ჯანმრთელები ვართ. პრინციპში, ამის დამადასტურებელი კვლევაც არსებობს – სოციალური მედიის აქტიურ მომხმარებლებში 3-ჯერ მაღალია დეპრესიის რისკი. ალტერის თქმით, „სმარტფონი“ დღეს, უფროსების საწოვარაა – ბავშვები მას პირში დასამშვიდებლად იდებენ, ამავე დანიშნულებით იყენებენ დიდები ტელეფონს. კოლუმბიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა კავშირი „სმარტფონებსა“ და სტრესს შორის.

პრინციპში, ყველამ იცის, რომ ეკრანთან ასეთი მიჯაჭვულობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ „გადააგდოს“ ეს დამოკიდებულება. ადამ ალტერმა, საკუთარი დაკვირვების შედეგად, შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც, მისი მტკიცებით, ამ პრობლემასთან საბრძოლველად, საკმაოდ ეფექტურია:

თუ განტვირთვა გინდათ, მაინცდამაინც „სმარტფონით“ ნუ გადაიტანთ ყურადღებას! 

როცა სამუშაოზეა საუბარი, ელ.ფოსტის შემოწმება ყურადღების გადატანის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. პროფესორის მტკიცებით, „მეილის“ წაკითხვას და პასუხის გაცემას, საშუალოდ, 6 წუთი უნდა, სამაგიეროდ, 25 წუთია საჭირო,  ადამიანი იმავე კონდიციას რომ დაუბრუნდეს, რომელშიც ფოსტის გახსნამდე იყო. ამიტომ, მოწყენილობის ან ცუდ ხასიათზე ყოფნისას, სოციალურ მედიაში დროის ფუჭად ხარჯვის ნაცვლად, ალტერ ადამი „იმეილის“ შემოწმებას გირჩევთ. მისი თქმით, თუ მაინცდამაინც განტვირთვა მოინდებათ, ეს უკეთესი გზაა, ვიდრე „სმარტფონში“ ათასი სისულელის თვალიერება და ტექნოლოგიაზე მიჯაჭვულობა.

დაუწესეთ საკუთარ თავს შეზღუდვები ! 

ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას ერთ დღეში ვერ დაამარცხებთ, ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ Offline თქვენი ყოფნის დრო და სასურველ შედეგსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევთ.

„ყავის დასალევად რომ გახვალთ, „სმარტფონი“ ოფისში დატოვეთ. ასე, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ფიზიკურად ვერ მოახერხებთ ტელეფონით „გართობას“. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, სადმე ახლოს იქონიოთ, მაგრამ, რაც შეიძლება, ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება“, – ამბობს ადამ ალტერი.

ეცადეთ, „თავისუფალი დრო“ სწორად გამოიყენოთ! 

როგორც წესი, ადამიანები ტელეფონში ყურებას, ძირითადად, ლიფტში, რიგში დგომისას ან სხვა მოსაწყენ თუ არაკომფორტულ სიტუაციაში იწყებენ. როგორც ადამი ამბობს, ამ დროს უკეთესია, კონკრეტულ საკითხზე დაფიქრდეთ, საკუთარ პრობლემებზე იფიქროთ ან თუნდაც, რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენოთ დრო.

„რაც მეტად მოწყდებით ტექნოლოგიებს, უფრო დაუახლოვდებით რეალურ სამყაროს და დროს ბევრად უკეთესად გამოიყენებთ“, – ამბობს ადამ ალტერი.

წყარო: inc.com



განხილვა