13
Nov
2019

რა მოხდება, თუ 3D პრინტერებს სიარული, ფრენა და ცურვა შეეძლებათ

13 Nov 2019

Alta
Alta


რა მოხდება, თუ 3D პრინტერებს სიარული, ფრენა და ცურვა შეეძლებათ? ამ კითხვაზე პასუხი და პრინციპში, ამ კითხვის საფუძველიც სამი დანიური კომპანიის გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ. მათ ინიციატივას Break the Grid ჰქვია და გარემოს აღდგენის მიზნით, ხმელეთზე, წყალში თუ ჰაერში, ავტონომიური 3D პრინტერების გაშვებას გულისხმობს.

GXN Innovation, The Danish AM Hub და Map Architects ის კომპანიებია, რომლებმაც მოძრავი პრინტერების პროექტზე მუშაობა დაიწყეს. პირველ ეტაპზე, მათ შექმნეს დიზაინი, ანუ იდეის ვიზუალიზაცია. პროექტის მიხედვით, 3D პრინტერები ერთგვარი ავტონომიური რობოტები არიან, რომლებსაც სიარული, ცურვა და ფრენაც კი შეუძლიათ. ჯგუფმა სამი ტიპის რობოტის დიზაინი შეიმუშავა, სამი სხვადასხვა მიზნის გათვალისწინებით.

ექვსფეხა, მოხეტიალე 3D პრინტერი გზებზე იმოძრავებს და ოპერატიულად შეაკეთებს ასფალტს, მაშინ, როცა მცურავი პრინტერი ერთგვარ წებოვან მასას ოკეანის ფსკერს შეურევს და ასე შექმნის სანაპიროს დასაცავ, ხელოვნურ რიფებს. რაც შეეხება მფრინავ პრინტერს, მას შეეძლება ჰაერში სხვადასხვა ნივთიერებასთან გამკლავება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ საწყისი იდეებია. იმ შემთხვევაში, თუ 3D პრინტერები ავტონომიურად გადაადგილების უნარს შეიძენენ, მათი გამოყენება სხვა, მრავალ მიმართულებაში იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი 3D პრინტერების დიზაინი ჯერ მხოლოდ კონცეპტია, მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ აქვთ საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ მათი ინიციატივა შესრულდეს – 3D პრინტერები ავტონომიურ რობოტებად იქცნენ, რომლებიც გარემოში არსებულ პრობლემებს ეფექტურად მოაგვარებენ.

განხილვა