in

როგორ აკონტროლებენ ბრენდები ჩვენს ქცევებს?

„კოკა-კოლა მხოლოდ გაზიანი სასმელია, ლევისი მხოლოდ ჯინსია“… თუმცა მომხმარებლები მაინც ამ კონკრეტულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას. ცხადია, ამას ხარისხის მაღალი დონე განაპირობებს, მაგრამ ხომ არსებობს სხვა კომპანიებიც, რომლებიც იმავე ხარისხის პროდუქტს გვთავაზობენ?

დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეთა ორ რანდომიზებულ ჯგუფს Apple-ის ან IBM-ის ლოგო აჩვენეს. კვლევამ ცხადყო, რომ ეფლის ლოგოს სუბლიმინალური ექსპოზიციის შემდეგ, მონაწილეები უკეთ ასრულებდნენ შემოქმედებით ამოცანებს. რაც IBM-ის შემთხვევაში არ მომხდარა. ამის არგუმენტად კი ის დასახელდა, რომ ეფლი ტრენდული ბრენდია, მხიარული და კრეატიული ადამიანებისთვის.

სწორედ ეს არის ბრენდების ნამდვილი ძალა. მათ შეუძლიათ, დიდი გავლენა იქონიონ ჩვენს ქცევაზე. აქ კი საკმაოდ ლოგიკური კითხვა ჩნდება — რამდენად აქვს ბრენდს იმის შესაძლებლობა, რომ რაციონალური ხარჯების გადაწყვეტილებების მიღებაში შეგვიშალოს ხელი?

„როდესაც სხვადასხვა ბრენდს ვირჩევ, იდენტობის შექმნაზე ვფიქრობ. ანუ, როდესაც ამა თუ იმ ფეხსაცმელს, შარვალს და პერანგს ვიცვამ, ვიცი, რომ გარშემო მყოფებს კონკრეტული შთაბეჭდილება შეექმნებათ ჩემზე. მაგალითად, თუ Nike-ს ავირჩევ, სპორტთან კავშირს გამოვხატავ“, — ამბობს ამერიკუს რიდი, რომელიც იდენტურობასა და მარკეტინგს სწავლობს, პენსილვანიის უნივერსიტეტში.

გამოდის, განსხვავებული კონცეპტუალური გზებიდან რომელიმეს იმის მიხედვით ვირჩევთ, თუ რომელი შეესაბამება მოცემულ მომენტს იდეალურად. და როგორც კი მომხმარებელი ამ არჩევანს გააკეთებს, მათი ურთიერთობა იქამდე ღრმავდება, ვიდრე შესაბამის ბრენდთან იდენტიფიცირებას გრძნობენ. ამ დროს კი ბრენდს ყველა სადავე ხელში აქვს, რათა თქვენი ქცევა ჩამოაყალიბოს.

გარდა ამისა, როდესაც საყვარელ ბრენდს თავს ესხმიან, ამ შეურაცხყოფას პირდაპირ საკუთარ თავზე ვიღებთ. ამ მხრივ საინტერესოა მაიკლ პლატი, ნეირომეცნიერების, მარკეტინგისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, რომლის კვლევამ აჩვენა, თუ როგორ მოქმედებს ბრენდების აღქმა ჩვენს გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, მარკეტინგში არსებობს იდეა, რომ ჩვენ ბრენდებს ისევე ვეპყრობით, როგორც ადამიანებს — მაგალითად: „მე მიყვარს ეს ბრენდი“ ან „მე მძულს ეს ბრენდი“. 

მაიკლი და მისი გუნდი iPhone-ის მომხმარებლებისა და Samsung Galaxy-ს მომხმარებლების ტვინს MRI აპარატით აკვირდებოდნენ, როდესაც კარგ, ცუდ და ნეიტრალურ ამბებს ისმენდნენ ამ კომპანიების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ეფლის მომხმარებლებს, მის მიმართ დიდი თანაგრძნობა და მხარდაჭერა აქვთ.

„გასაკვირია, რომ Samsung-ის მომხმარებლები არ რეაგირებდნენ დადებითად ან უარყოფითად, როდესაც კარგი ან ცუდი ამბები ქვეყნდებოდა მათი ბრენდის შესახებ. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სამსუნგის მომხმარებლებმა აჩვენეს, იყო ეფლის უარყოფითი სიახლეების მიმართ დადებითი გრძნობა“, — განმარტავენ მკვლევრები.

ცხადია, ადამიანების უმეტესობას უბრალოდ არ ესმის, რომ ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ ბრენდებს, რადგან ამ ბრენდებს საკუთარი თავის გამოხატვის გარკვეული ღირებულება აქვთ. გამოდის, მომხმარებელთა გადაწყვეტილებების ფორმირების თვალსაზრისით, უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ ეთიკურ, იურიდიულ და სოციალურ შედეგებზე.

რა პლატფორმები გამოვიყენო მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის?