პიარისა და მარკეტინგის ნებისმიერი სხვა ფორმისგან განსხვავებით, ინფლუენს მარკეტინგი ნაკლებ პროგნოზირებადი მიმართულებაა. 2022 წელს ჩვენ ინფლუენსერების კონტენტის აფეთქება ვიხილეთ, ასევე ბრენდების თანამშრომლობა მათთან და როგორც დაგეგმილი, ისე ორგანული ჩართულობა მომხმარებლისგან. იმის გამო, რომ სოციალური მედიის მომხმარებელთა 62 პროცენტი ჯერ კიდევ უფრო მეტად ენდობა ინფლუენსერებს, ვიდრე სხვა სარეკლამო საშუალებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრენდები თავს შეიკავებენ მათთან თანამშრომლობისგან იმისდა მიუხედავად, რამდენად პროგნოზირებადია ეს.
თუმცა გარკვეული მექანიზმი კრიზისის შემთხვევაში გასათვალისწინებლად, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ და არსებობს მთელი რიგი პუნქტები და ქმედებები, რომლებიც ბრენდს ეხმარება რეპუტაციის დაცვაში, როცა ის თანამშრომლობს ამა თუ იმ ინფლუენსერთან.
ჩაატარეთ თქვენი კვლევა
ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ დაიწყებთ ინფლუენსერთან თანამშრომლობას. ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა, რომელიც უზრუნველყოფს ნდობას, რომ ესა თუ ის ინფლუენსერი თქვენი ბრენდისთვის შესაფერისია. ნებისმიერი შეფასება, თუნდაც პრესაში უარყოფითად მოხსენიება და აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური მოსაზრება შეიძლება დაგეხმაროთ ამ კვლევის პროცესში. შეგიძლიათ, ასევე, გაარკვიოთ, როგორი პარტნიორობა ჰქონდა ამ ინფლუენსერს სხვა კომპანიებთან წარსულში.
ითანამშრომლეთ, როგორც გუნდმა
ინფლუენსერს არ უნდა შეხედოთ, როგორც განყენებულ პიროვნებას. ითანამშრომლეთ მასთან, როგორც გუნდის წევრთან, შეხედეთ მას, როგორც მარკეტინგის გუნდის გაფართოებას, კონტენტის შემქმნელს, რომელიც უზრუნველყოფს ღირებულ სერვისს. იმუშავეთ იმაზე, რომ ჩამოაყალიბოთ ძლიერი ურთიერთობა და შეინარჩუნოთ საკომუნიკაციო ხაზები, რომლებიც ორივე თქვენგანს გაუადვილებს საქმეს.
შესთავაზეთ მხარდაჭერა
ზოგიერთი ბრენდი მედიისა და სოციალური მედიის აუდიტორიის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე სხვები. ისეთ თემებზე, რომლებზეც ცხარე დისკუსიას მოელით, ინფლუენსერი კარგად უნდა მოამზადოთ, სანამ თქვენი აუდიტორიის წინაშე გაუშვებთ. მიაწოდეთ მათ ხშირად დასმული კითხვები, ერთად მოამზადეთ პასუხები იმისთვის, რომ ინფლუენსერი მზად დახვდეს რთულ აუდიტორიას.
იყავით მომზადებული
მზადყოფნა ნებისმიერი შემთხვევისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინფლუენსერთან თანამშრომლობის შედეგად, აუცილებელია. წინასწარი მომზადება უფრო გაამარტივებს ყველა საკითხს, რომელიც წარმოიქმნება. იქონიეთ გეგმა და თუ რამე არასწორი სცენარით განვითარდება, ადვილად შეძლებთ პროცესის მართვას.
გაზომეთ ჭეშმარიტი გავლენა
ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეთ მკაფიო გაგება ჭეშმარიტი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. თქვენმა მცდელობამ, იმუშაოთ ინფლუენსერებთან ერთად თქვენს აუდიტორიაზე, ყოველთვის დადებითი შედეგი და გამოხმაურება შეიძლება არ გამოიწვიოს, ამიტომ იმუშავეთ იმაზე, რომ სენტიმენტების ანალიზის საშუალებით, ყოველთვის შეგეძლოთ ცუდისა და კარგის გარჩევა და სრული სურათის უფრო შორეულ პერსპექტივაში დანახვა.













