ბევრი თქვენი ფეისბუქ მეგობრისა და ექსპერტისგან განსხვავებით, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალში, რა შეიცვლება და ცხოვრების რა ახალი წესები გველოდება კორონავირუსის გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს.
ისტორიამ (მათ შორის, მსოფლიო პანდემიების ისტორიამაც) დაგვანახა, რომ ძალიან ხშირად, ადამიანები ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე და შანსი იმისა, რომ ამ უჩვეულო პერიოდის გასვლის შემდეგაც ძველებურად განვაგრძობთ ცხოვრებას, ძალიან დიდია.
თუმცა, ახლანდელი სიტუაციის ცოტათი უფრო ღრმა ანალიზი (რომლის დროც, დამეთანხმებით, ახლა საკმაოდ ჭარბად გვაქვს), ალბათ, ერთ-ერთი გზაა, გავიაზროთ, რას ვაკეთებდით არასწორად და რისი შეცვლა შეგვიძლია მომავალში.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც სტრატეგიულ კომუნიკაციებში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანისთვის, პანდემიის გამო, მარკეტინგში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძველი სტილის კომუნიკაცია, ბრენდინგის ძველი მიდგომები დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და რომ ბრენდების დიდი ნაწილი ამას მხოლოდ ახლა მიხვდა.
ყველასთვის კარგად ნაცნობი მიზეზების გამო, დღეს მეც მეტ დროს ვატარებ ონლაინ. არ ვიცი, ესაა მიზეზი თუ არა, მაგრამ ვატყობ, რომ ამ 2 კვირაში ბრენდებიც შეიცვალნენ და ეს ცვლილებები (რა თქმა უნდა, შესაფერისი პროცესების გამართვის შემდეგ) მათ კომუნიკაციაშიც აისახა.
აი, ორი მათგანი:
1. ბრენდები უფრო რელევანტურები გახდნენ – (შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მათმა უმეტესობამ მხოლოდ ახლა დაიწყო იმის რეალობაში აღსრულება, რასაც აქამდე სიტყვით გვპირდებოდა – მომხმარებელზე ორიენტაცია) შევამჩნიე, რომ ბრენდებმა დაიწყეს იმის გაანალიზება, რომ მათი არსებობისთვის ყველაზე მთავარია, აღმოაჩინონ, რა ტკივა და აწუხებს მომხმარებელს და საკუთარი ბიზნესისა და სტრატეგიის ცვლილებებით ამ ტკივილის წამალზე დაიწყეს მუშაობა – „სახლიდან ვერ გადიხარ? – უფასო მიტანის სერვისი“; „კარანტინში ხარ? – ახლა უკვე შეგიძლია, ონლაინ შეისყიდო ჩვენი მომსახურება“; „კორონავირუსზე ნერვიულობ – აი, რა უნდა იცოდე (რა უნდა წაიკითხო, რას უნდა უყურო, რა უნდა მიირთვა, ა.შ.).“
2. ბრენდები უფრო მეტს და უფრო ხშირად გვესაუბრებიან – თქვენც ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ძალიან გახშირდა პოსტები და მეილები კომპანიებისგან, რომელთა არსებობა აღარც გახსოვდათ? ამჩნევთ, რამდენს „ჩალიჩობენ“ ეს კომპანიები, რომ ინფორმაციის ამ აპოკალიპტურ ნაკადში როგორმე მოიტანონ თქვენამდე თავისი სათქმელი? რამდენი მათგანი გიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, როგორი უსაფრთხოა მასთან ყოფნა? ის თუ შეამჩნიეთ, რამდენმა მათგანმა დაიწყო საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება? რამდენი კომპანია დაუდგა გვერდში ექიმებსა თუ პაციენტებს, კარანტინში მყოფ თუ სახლიდან მომუშავე ადამიანებს? გაკვეთილების გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს?
ზემოთაღნიშნული ცვლილებები უდავოდ კარგია, თუმცა მგონია, რომ ოდნავ დაგვიანებული. მინდოდა, დავფიქრებულიყავით, ნუთუ ის გარემოებები, რომელიც პანდემიამ მოიტანა მართლა ასეთი ახალია?
ერთად დავფიქრდეთ:
ნუთუ აქამდე არ გინდოდათ (როგორც მომხმარებლებს, რა თქმა უნდა) რომ ბრენდები თქვენზე ორიენტირებულები ყოფილიყვნენ და მხოლოდ საკუთარ პროდუქტზე არ ეფიქრათ? არ გსურდათ, ხარჯების შემცირებისა და მომხმარებლის წვალების გაზრდის ნაცვლად, ბრენდებს პროცესები თქვენს საჭიროებებზე მოერგოთ და ბიზნესი (უფასო მიტანა, დისტანციური მომსახურება და ა.შ.) საკუთარი კი არა, თქვენი პერსპექტივიდან დაეგეგმათ? დავიჯერო, არასდროს ყოფილხართ მზად ამაში ოდნავ მეტიც კი გადაგეხადათ?
რამდენჯერ აგიხსნიათ ბრენდებისთვის რომ გამოუვალ, უჩვეულო სიტუაციაში იყავით და რამდენჯერ დაგიწუწუნიათ მათი მოუქნელობისა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიუღებლობის გამო?
აქამდე არასდროს გდომებიათ, რომ თქვენი ბრენდის გარშემო გაერთიანებული დიდი ტომის წევრად გეგრძნოთ თავი? ახლა ხომ ნათელია, რომ „კონტენტი“ რომელსაც ბრენდები გვაწვდიან მართლა სასარგებლო უნდა იყოს – ცხოვრების გაიოლებისთვის აუცილებელ რესურსებს უნდა წარმოადგენდეს?
არ მჯერა, რომ მხოლოდ ახლა გგონიათ, რომ ბრენდები სოციალურად პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ და გარშემომყოფთა სიკეთეზე და დახმარებაზე უნდა ზრუნავდნენ?
ფიქრობთ, რომ ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა? თუ უბრალოდ მეთანხმებით, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობით, ჩვენთვის საინტერესოს ძიებაში? ნუთუ აქამდე არ გვინდოდა, ბრენდების შექმნილი კონტენტი უნიკალური და გამორჩეული ყოფილიყო?
იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც ახლა ხდება, არც ისეთი ახალია, როგორც გვგონია (ნუ, ჩინეთის თავზე გაწმენდილ ცასა და ვენეციაში მოცურავე დელფინებს არ ვგულისხმობ). უბრალოდ, სიტუაციის დაძაბვისა და ცვლილების გამო, ჩვენ, მარკეტერები, გავხდით უფრო ყურადღებიანები და ფოკუსირებულნი საკუთარ მომხმარებელზე.
მე უბრალოდ მინდა, რომ ეს ფოკუსი არასდროს დავკარგოთ, მას შემდეგაც, რაც სიტუაცია ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
მინდა, რომ ბრენდებმა განაგრძონ ყველაფრის კომუნიკაცია, რაც მათ თავს ხდება, არასდროს დაზოგონ დრო და რესურსები ჩვენთან ლაპარაკზე.
მინდა, რომ კომპანიებმა ზუსტად ასე იზრუნონ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, მათ უსაფრთხოებასა და სიკეთეზე.
მინდა, კარგად გავიაზროთ, რომ ინფორმაციით გადაძეძგილობა არახალი მოცემულობაა და კომუნიკაცია (რასაც აკეთებთ და რასაც საუბრობთ ამის შესახებ) ნდობის შეგრძნების გამოწვევისა და ლოიალური, თქვენზე დამოკიდებული მომხმარებლის შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი გზაა.
მინდა, რომ ბრენდებმა არასდროს შეწყვიტონ ჩვენზე, მომხმარებლებზე ფიქრი და იზრუნონ ჩვენი ცხოვრების ცოოოტათი მაინც გამარტივებაზე, ყოფის, ყოველდღიურობის შემსუბუქებაზე.
მინდა, რომ ამ სიტუაციიდან მაინც ვისწავლოთ რამე და არასდროს დავბრუნდეთ ძველ დროში.
მოუფრთხილდით ერთმანეთს
ღმერთმა დალოცოს კომუნიკაციის ერა
შოთა ჩინჩალაძე