არსებობენ ბრენდები, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, ვინ გახსენდებათ სიტყვა „ბრენდის” ხსენებაზეო, ძალიან ბევრი სახელწოდება ამოუტივტივდება თავში და ამორჩევაც კი გაუჭირდება, რომელი მათგანი დაასახელოს. ეს იმიტომ, რომ მსოფლიოში უამრავი დიდი და ცნობილი კომპანიაა, რომელიც თავის მომსახურებას ან პროდუქტს გვთავაზობს და იმდენი ხანია ბაზარზეა, ფართო საზოგადოებას არასოდეს ავიწყდება.
თუმცა ეს სტატია მსგავსი ბრენდების შესახებ არ მოგიყვებათ. დიდ, ცნობილ და წარმატებულ კომპანიებზე ჩვენს სტატიებს ისედაც ხშირად კითხულობთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა რამდენიმე ისეთი ბრენდი, რომლებიც გარკვეულ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, დღეს კი ან საერთოდ აღარ არსებობენ, ან ახალი თაობა აღარ იცნობს მათ. ასეთი კომპანიები არც ისე ცოტაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს გარშემო.
Kodak
1888 წელს დაფუძნებული ეს ბრენდი მსოფლიო ფოტოგრაფიაში დომინანტ როლს თამაშობდა ორი საუკუნის განმავლობაში. 90-იან წლებში მისმა წარმატებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ის მეხუთე ყველაზე ღირებულ კომპანიად მოიაზრებოდა მსოფლიოში, თუმცა 2000-იანი წლებიდან და ციფრული ეპოქის გაჩენიდან ეს სახელი ნელ-ნელა დაკარგა.
2012 წელს კომპანიამ თავი ბანკროტად გამოაცხადა და ამის მიზეზად ციფრული ფოტოგრაფია დაასახელა. ამის შემდეგ ის ფუნქციონირებს, როგორც მცირე კომპანია.
Yahoo
Yahoo-ს ისტორია 1994 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში დაიწყო და მას სათავეში ელექტრონული ინჟინერიის კურსის სტუდენტები ედგნენ. წლების განმავლობაში ის წარმატებულადაც იზრდებოდა და კარგი შემოსავლის მიღებაც შეძლო. თუმცა 2001 წლიდან მისი აქციები საკმაოდ დაეცა. ახალი მოთამაშეების მკვეთრმა ზრდამ და მისმა მთავარმა კონკურენტმა, Google-მა, კომპანიის უკან დახევაში დიდი როლი ითამაშა. ვერ ვიტყვით, რომ Yahoo დღეს არავინ იცის, თუმცა Google-ის ეპოქაში მისი საძიებო სისტემად, ან თუნდაც ელ.ფოსტად გამოყენება უცნაურია.
Compaq
Compaq 1982 წელს დაარსდა და გამოუშვა პირველი მოწყობილობები, რომლებიც IBM-ის პერსონალურ კომპიუტერებთან იყო თავსებადი. იმ დროს ის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად იქცა როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში. 1994 წლისთვის იგი გლობალური კომპიუტერული ბაზრის 10%-ს აკონტროლებდა.
მიუხედავად ამისა, კონკურენტებმა, როგორიცაა, მაგალითად, Dell, შეძლეს Compaq-ის ბაზრის წილის დიდი ნაწილის დაპყრობა. 2002 წელს Compaq HP-მ 24 მილიარდ დოლარად შეიძინა, ხოლო 2013 წელს სახელი Compaq გააუქმა.
Nokia
წლების მანძილზე Nokia იყო ბრენდი, რომელიც ყველაზე პირველი ახსენდებოდათ მობილურ ტელეფონებთან მიმართებით. ის ქმნიდა საკომუნიკაციო მოწყობილობებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ადამიანებს ჭკვიანურად მუშაობაში. თავისი გამძლეობით ის დიდხანს იყო უკონკურენტოდ. საქართველოშიც, ალბათ, ბევრს გახსოვთ, „ფანრიანი ნოკიას” მაგალითად მოყვანა, როცა საუბარი გამძლე ტელეფონებზე ჩამოვარდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც APPLE ასპარეზზე გამოვიდა და თან მოიტანა სმარტფონების ინდუსტრია, Nokia-მ ვერ გაუძლო ინოვაციურ გამოწვევებს და მალევე ჩამორჩა. ბოლოს კი ადგილი სხვა მწარმოებლებს დაუთმო.
Playboy
ერთ დროს ყველაზე ცხელი და ცნობილი ჟურნალის ბედზეც დიდი გავლენა იქონია ციფრულმა ეპოქამ. წლების განმავლობაში Playboy-ს თამამ მოდელებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ნომრები დიდი ტირაჟით იყიდებოდა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმავე კონცეფციის ონლაინ პლატფორმები, უფასო რესურსები, მყიდველთა რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. დღეს კი იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ჟურნალის საყიდლად გაზეთების ჯიხურთან მივა. გარდა იმისა, რომ დღეს კონტენტის მისაღებად ბეჭდური მედია თითქმის აღარ გამოიყენება, თანამედროვე სამყაროსთვის „ფლეიბოის” კონცეფციაც აღარაა საინტერესო.
Menu.ge
დღეს, თუ საკვების გამოძახება გვინდა, ყველას მობილური აპლიკაციები გვახსენდება, რომლებმაც, მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და მოქნილი ინტერფეისით მყარად დაიკავა ადგილი ჩვენს სმარტფონებში. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო დრო, როდესაც პიცის ან შაურმის გამოსაძახებლად აუცილებელი იყო ვებბრაუზერთან წვდომა და საჭმლის საიტიდან გამოძახება. პირველი ასეთი კონცეფციის ვებგვერდი საქართველოში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იყო menu.ge. მასზე, ისევე როგორც დღეს აპლიკაციებში, განთავსებული იყო სხვადასხვა ობიექტი და მომხმარებელს სასურველი პროდუქტის არჩევა თავად შეეძლო. საიტზე ნავიგაციისა და შეკვეთის განთავსების შემდეგ კი კურიერს ის დანიშნულების ადგილზე მოჰქონდა. მობილური აპლიკაციების მკვეთრი გამოჩენის შემდეგ menu.ge-მ აქტუალობა ნელ-ნელა დაკარგა. დღეს კი ვებგვერდი საერთოდ მიუწვდომელია.
ლუდი 34
ეს ბრენდი თავდაპირველად იმხელა ხმაურით შემოვიდა ქართულ ბაზარზე, ალბათ, ყველა ფიქრობდა, რომ სამუდამოდ ასე იხმაურებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ვისაც 2015 წლის ამბები ახსოვს, მათთვის ვიტყვით, რომ 34-ს ძალიან საინტერესო მარკეტინგული კამპანია ჰქონდა. ბაზარზე შემოსვლისას 5 დღის განმავლობაში ერთი ბოთლის საფასური 34 ლარს შეადგენდა და პირველ რამდენიმე მყიდველს კომპანიამ დედაქალაქის ცენტრში საკუთარი ძეგლები დაუდგა.
კამპანიამ ყველა, დიდი თუ პატარა, ლუდის მოყვარული თუ არამოყვარული აალაპარაკა, თუმცა ამ ამბიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ სასმელი მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი ბაზარზე. იმის მიუხედავად, რომ ფასიც სტანდარტული გახდა და ბრენდი ხარისხსაც ინარჩუნებდა, დღეს 34 ალბათ ცოტას თუ ახსოვს.
ეს მივიწყებული ბრენდების ის ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენ გაგვახსენდა. დანარჩენების გახსენებას კი მკითხველს მივანდობთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი