როგორც იცით, აშშ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ასეთ დროს ბრენდებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას და დაფიქრდნენ, რომელი გზავნილების გაშვების დრო არის და რომლის – არა. GWI-ს გამოკითხვამ დაადგინა, რომ აშშ-ს მომხმარებელთა 22%-მა ბოლო სამი თვის განმავლობაში შეწყვიტა ისეთ ბრენდებთან ურთიერთობა, რომლებსაც მათთვის მიუღებელი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდათ. სოციალურ მედიაში გამოკითხულთა 18%-მა იგივე მიზეზის გამო გააუქმა ბრენდის ან ინფლუენსერის თვალყურის დევნება.
მაშ როგორი უნდა იყოს მარკეტერების ქცევა მწვავე საპრეზიდენტო რბოლის დროს? ამის მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ორგანული იოგურტის მწარმოებლის, Stonyfield-ის კამპანია, “Toxic Free Election Challenge”, რომელიც მოუწოდებს ხალხს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ნაკლები დრო დაუთმონ სოციალურ მედიას და მიიღონ 1000 დოლარის მოგების შანსი. ეს გზავნილი ეფუძნება ბრენდის ზოგად იდეას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელმა თავიდან უნდა აირიდოს ტოქსინები. ამ შემთხვევაში კი ტოქსინების სიმბოლო სოციალური მედიაა, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით დამთრგუნველი ხდება.
როგორც Drociak გვატყობინებს, გამოწვევის პირველ ორ კვირაში 2.1 მილიონი ადამიანი დათანხმდა სოციალური მედიის მიტოვებას.
მარკეტინგის სპეციალისტები გვიხსნიან, რომ პოლიტიკური ციებ-ცხელების დროს ბრენდები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ სოციალურ მედიაში განთავსებულ პოსტებთან, რადგან ამ დროს მომხმარებლები ყველა დეტალს აკვირდებიან და შეიძლება უარი თქვან ამა თუ იმ ბრენდის პროდუქციის ყიდვაზე. თემები, როგორებიცაა: მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიური პროგრამები, კორპორაციულ სამყაროში ყველაზე აშკარა ზეწოლის ქვეშ ექცევა.
თუ ბრენდებს სურთ, შეინარჩუნონ მომხმარებელთა ბაზა, მათ უნდა გაითვალისწინონ, როგორ მიიღება მათი პოლიტიკური შეტყობინებები და იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, საერთოდ ღირს თუ არა მათი მხრიდან პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილება. ბრენდებმა უნდა შეხედონ საარჩევნო ციკლს, როგორც დროს საკუთარი გამძლეობის გასაძლიერებლად.
კვლევები ასევე შეეხო მილენიალებისა და ზეტ თაობის გამოკითხვასაც, რის შედეგადაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდა თაობებს, მილენიალთა 30%-ს და Gen Z-ის 27%-ს მოსწონს, როდესაც ბრენდები პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ. იგივე ზეტ თაობა ამბობს, რომ მეტად ლოიალური ხდება იმ ბრენდის მიმართ, რომელიც პოლიტიკურად მის ღირებულებებს შეესაბამება.
განსხვავებული შედეგები აჩვენა შედარებით ძველი თაობის კვლევამ. მაგალითად, ბეიბი ბუმერების მხოლოდ 9%-ს მოსწონს ბრენდები, რომლებიც პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ, Gen X კი მხოლოდ 13%-თ ფიქსირდება.
არჩევნებამდე ბრენდებმა უნდა გადახედონ თავიანთ ტაქტიკას და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათი რეპუტაცია არ შეილახოს. ამისთვის კომპანიებმა უნდა გადახედონ და შეისწავლონ საკუთარი მომხმარებლები (მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ უკვე კარგად იცნობენ მათ). მან შეიძლება ჩაატაროს მცირე გამოკითხვაც კი იმაზე, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები მოსალოდნელ არჩევნებზე.
გლობალური რესტორნების ქსელის Red Lobster-ის წინასაარჩევნო მარკეტინგი უცნაურ მიდგომას იყენებს. ზღვის პროდუქტების ქსელმა წამოიწყო „Cheddar Bay 2024“, კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ხალხის გაერთიანებას განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და მოიწვია სადილზე, სადაც მომხმარებლებს შესთავაზეს მოეგოთ Red Lobster-ის უფასო ვაუჩერი იმდენი წლით, სანამ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არ დადგებოდა.
გარდა ამისა, Red Lobster აწარმოებს სატელევიზიო და ციფრულ რეკლამებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური რეკლამების პაროდიას აკეთებს.
საინტერესო კამპანია წამოიწყო Marriott-ის ქვებრენდმა, Aloft. მან გამოუშვა 47 წუთიანი ბრენდირებული YouTube ვიდეო, სახელად, „არჩევნების ხმაურისგან თავის დასაღწევად“. მასში ძაღლი უყურებს კამერას, ხოლო გამხმოვანებელი მოუწოდებს მაყურებლებს, დაისვენონ და დარჩნენ პოზიტიურ განწყობაზე.
რომ შევაჯამოთ, ბრენდები დიდი სიფრთხილით უნდა მოექცნენ საარჩევნო პერიოდს და ყველაზე ზუსტი გათვლები სწორედ ამ დროს უნდა გააკეთონ, რათა არ დადგეს მათი უკვე ერთგული მომხმარებლის სხვაგან გადასვლის საფრთხე.













