in

ცნობილი ბრენდების მარკეტინგული კამპანიები მეტავერსში

ცნობილი ბრენდები მეტავერსში პირველ ნაბიჯებს დგამენ და ცდილობენ, საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიები მოარგონ აუგმენტურ-ვირტუალური რეალობის (AR/VR), ბლოკჩეინისა და Web3-ის სწრაფად განვითარებად ბაზარს, რომელიც ბრენდის პოზიციონირების, რეკლამირებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნიკალურ განზომილებას გვთავაზობს.

კარგი ამბავი ისაა, რომ მეტავერსში კამპანიების განხორციელება, ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით, არც განსაკუთრებულად ძვირადღირებულია და არც „ექსკლუზიური კლუბის“ წევრობას საჭიროებს – ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. მთავარია, შემოქმედებითი მიდგომა და ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენი იდეების 3D განზომილებაში მიმზიდველად გადმოტანა. და ახლა, მეტავერსის ათვისების საწყის ეტაპზე, სწორედ იდეალური დროა ადრეული უპირატესობის მოსაპოვებლად. ინსპირაციისთვის რამდენიმე ბრენდის მეტავერსში განხორციელებულ კამპანიას წარმოგიდგენთ, რომლებმაც თავი საინტერესო ღონისძიებებით დაგვამახსოვრეს.

Nike

Nike ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მეტავერსში შეაბიჯა. 2021 წლის ბოლოს Nike-მა, Roblox-ის ეკოსისტემის ბაზაზე, შექმნა Nikeland – ვირტუალური მინი მეტავერსი, რომელშიც მომხმარებლებს თამაშის, კომუნიკაციისა და Nike-ის ვირტუალური პროდუქციის შეძენის საშუალება აქვთ. NBA-ის „ყველა ვარსკვლავის“ კვირეულის დროს Nike-ის ამ კამპანიაში ბრენდის ელჩი – ლებრონ ჯეიმსიც ჩაერთო. პირველ ორ თვეში Nikeland-ის ვიზიტორების რაოდენობამ 7 მილიონი შეადგინა. Nikeland-ში ღონისძიებები პერიოდულობით ანონსდება და ტარდება.

2021 წლის დეკემბერში Nike-მა შეიძინა RTFKT, სტუდია, რომელიც NFT საკოლექციო სპორტულ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს ქმნის. ამით Nike-ის მეტავერსული სერვისები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. Nike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დონაჰოს სიტყვებით, ეს არის: „კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც დააჩქარებს Nike-ის ციფრულ ტრანსფორმაციას და საშუალებას მოგვცემს, მივწვდეთ სპორტსმენებსა და კრეატორებს სპორტის, შემოქმედებითობისა და თამაშების გზაგასაყარზე“.

Nikeland-ში შეგიძლიათ გახდეთ Nike-ის ვირტუალური NFT კოლექციის მფლობელი, თქვენს ავატარს მოარგოთ ბრენდის პროდუქცია, ითამაშოთ ფეხბურთი და სხვა თამაშები. პლატფორმა მინითამაშების შექმნის საშუალებასაც გაძლევთ. Roblox-ის მიხედვით, Nikeland-ის ვიზიტორების რაოდენობამ უკვე 33.4 მილიონს გადააჭარბა. პლატფორმა პერიოდულად ახლდება და ახალი ღონისძიებები ემატება.

2022 წლის ბოლოს Nike-მა ჩაუშვა .SWOOSH – Nike-ის ციფრული პროდუქციის ახალი „სახლი“ – Web3 პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინტექნოლოგიას ეფუძნება. პლატფორმა ინკლუზიურია და სპორტსმენებს, კრეატორებს, კოლექციონერებსა და მომხმარებლებს სპორტული სამოსის და აქსესუარების შექმნისა და საკუთრებაში ფლობის შესაძლებლობას აძლევს.

ჯეკ დონაჰოს თქმით, კომპანია გეგმავს ვირტუალური რეალობის მიმართულების ხელშეწყობასა და გააქტიურებას „LeBron 19“ Reblox სპეციალური კოლექციის მსგავსი ვირტუალური პროდუქტებით.

Coca-Cola

Coca-Cola მეტავერსს 2021 წლის 30 ივლისს, მეგობრობის საერთაშორისო დღეს შეუერთდა და მას შემდეგ Web3 სამყაროში არაერთი ღონისძიება განახორციელა. Coca-Cola-მ Decentraland-ის ვირტუალურ ღონისძიებაზე, ლაივრეჟიმში გამოუშვა პირველი NFT კოლექცია. კომპანიამ OpenSea-ის აუქციონზე, კომპლექტის სახით, 4 უნიკალური NFT გაიტანა. შეფუთვაში შედიოდა: მეგობრობის ყუთი – Coca-Cola-ს რეტრო, მოძრავი და მანათობელი მაცივარი, ბუშტის წითელი ქურთუკი, რომლიც შეგეძლოთ Decentraland-ზე ავატარებისთვის მოგერგოთ, ხმოვანი ვიზუალიზაცია, რომელიც Coca-Cola-ს ბოთლის გახსნისა და სასმელის დალევის ხმას გამოსცემდა და მეგობრობის ბარათი, რომელზეც 1948 წელს შექმნილი საპრომოციო ილუსტრაცია იყო დატანილი.

კოლექცია 3 დღეში გაიყიდა და მიღებულმა შემოსავალმა 575 000 დოლარს გადააჭარბა. თანხა გადაირიცხა საერთაშორისო სპეციალური ოლიმპიადის მხარდასაჭერად, რომელიც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისათვის სპორტულ ვარჯიშებს, აქტივობებსა და შეჯიბრებებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. კოლექციის გამოშვებიდან 1 წლის თავზე, ასევე მეგობრობის საერთაშორისო დღეს, Coca-Cola-მ ახალი NFT კოლექცია გამოუშვა.

2022 წლის დასაწყისში სასმელების კომპანიამ მეტავერსის მომხმარებლებს ახალი პროდუქტის – Coca-Cola Zero Sugar Byte-ის „დაგემოვნების“ საშუალება მისცა. ბრენდის თქმით, ეს არის მეტავერსში „დაბადებული“ პირველი Coca-Cola, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ციფრული სამყაროს პიქსელის გემოს შემოიტანს. სასმელი პოპულარულ თამაშ Fortnite-ში გამოჩნდა და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა რეალურ მაღაზიებში, ლიმიტირებული რაოდენობით სარეალიზაციოდ.

Coca-Cola-ს პოლიგონის ბლოკჩეინზე უკვე 4 000-ზე მეტი NFT აქვს გამოშვებული.

Hyundai

Hyundai მეტავერსში წარმოდგენილი ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი ბრენდია. 2021 წლის ოქტომბერში კომპანიამ Roblox-ზე შექმნა ვირტუალური მეტავერსული გამოცდილება, სახელად Hyundai-ის მოძრავი თავგადასავალი, რომელიც მეტავერსში მომავლის  ცხოვრებასა და სამომავლო სატრანსპორტო ტექნოლოგიებს გვიჩვენებს. ამ ვირტუალურ გამოცდილებაში წარმოდგენილია Hyundai-ის პოპულარული ავტომობილები, პროდუქცია, ტექნოლოგია და სამომავლო საავტომობილო გადაწყვეტები, რაც ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდების კომპანიით დაინტერესებასა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ემსახურება. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია თამაშები, ინდივიდუალური ავატარების შექმნა და მომხმარებლებთან ინტერაქცია.

კამპანია „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CretaVerse-ში“. 2022 წლის ივნისში Hyundai-მ ახალი მოდელი – Creta პირველად მეტავერსში, Decentraland-ის პლატფორმაზე წარადგინა, რაც მეტავერსის სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა. ღონისძიების დამსწრეებს ახალი მოდელის დათვალიერების, მუსიკის მოსმენისა და ავატარებისთვის უფასო აქსესუარების მორგების საშუალება ჰქონდათ.

მეტავერსის შესაძლებლობები და გამოწვევები

ტექნოლოგიური სიახლეები ახალ ტენდენციებს აძლევს ბიძგს და მომხმარებლების ქცევაც იცვლება. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ახალი და პერსპექტიული მიმართულებების შემჩნევა და დროულად მოქმედება, ხშირად, წარმატების გზაზე დიდ როლს თამაშობს. მეტავერსის უზარმაზარი, მზარდი პოტენციალი, ინოვაციური ტექნოლოგია და ახალი მომხმარებლების შეძენის შესაძლებლობა ამ სივრცეს უდავოდ მიმზიდველს ხდის. რაც მთავარია, მეტავერსი საშუალებას გაძლევთ, მომხმარებლებს თქვენს ბრენდთან დიდი დრო გაატარებინოთ და თან ისე, რომ ეს მათთვის საინტერესო და გასართობი იყოს. თუ გსურთ, მეტავერსში საკუთარი აქტივობები დაგეგმოთ ან უბრალოდ, დაინტერესდით ამ სივრცით, შეგიძლიათ, ეწვიოთ შემდეგ მეტავერსებს:

  • Decentraland – მეტავერსი, სადაც ყველაზე მეტი ღონისძიება იმართება: https://decentraland.org/
  • spatial.io – მეტავერსი, რომელშიც ყველაზე მარტივად ჩაატარებთ კონფერენციებს: https://www.spatial.io/

დანარჩენ მეტავერსებზე ინფორმაციას შეგიძლიათ ჩვენს ბლოგში – დამწყების გზამკვლევი მეტავერსში –  გაეცნოთ.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

ნიკოლაუს ოტო – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ავტოისტორიაში ჩაიწერა

გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით და მიიღე Paragraph Hotels-ის საგზურის მოგების შანსი