ბრენდის ვიზუალური იდენტობა იმ იშვიათ პროექტებს შორისაა, რომელთა რეალური შეფასებაც წლების შემდეგ ხდება. კარგი ბრენდინგი მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას არ ქმნის, მან დროსაც უნდა გაუძლოს, დარჩეს ცნობადად და აქტუალურად მაშინაც კი, როცა დიზაინის ტენდენციები მუდმივად იცვლება.
MEAMA-ს ვიზუალური იდენტობის შექმნიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი განსხვავებული ტიპოგრაფიაა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დროს გაუძლო. თუმცა ხშირად, გარკვეული დროის შემდეგ, თავად დიზაინერები თავიანთ ნამუშევარს სხვანაირად უყურებენ ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ პროექტის ავტორს, დიზაინერ ლაშა გიორგაძეს დავბრუნებოდით და გვეკითხა, როგორ უყურებს დღეს იმ ნამუშევარს, რომელიც წლების წინ შექმნა.
„როგორც ქართული, ისე ლათინური შრიფტი, ნულიდან შეიქმნა“

ლაშა გიორგაძე ამბობს, რომ MEAMA დღემდე მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად რჩება. ამის მიზეზი მხოლოდ ბრენდი არ არის. მან ამ პროექტისთვის როგორც ქართული, ისე ლათინური შრიფტი თავად შექმნა, რაც მისთვის, როგორც დიზაინერისთვის, საინტერესო გამოცდილება იყო.

„ჩემთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი პროექტია, რადგან როგორც ქართული, ისე ლათინური შრიფტი ჩემი შექმნილია. ხშირად ხდება, რომ უკვე არსებული ლათინური შრიფტის ქართული ადაპტაცია სურთ, ამ შემთხვევაში კი ორივე ნულიდან შეიქმნა და ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო“.
რა ხდის დიზაინს დროში გამძლეს?
დიზაინერის შეფასებით, მსგავსი პროექტების მთავარი გამოწვევა სხვადასხვა დამწერლობის ბუნებრივი ხასიათის შენარჩუნებაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად კარგად გაუძლებს ვიზუალური იდენტობა დროს.
„მსგავს პროექტზე მუშაობისას მთავარია, არ დაამახინჯო არცერთი დამწერლობა, შეინარჩუნო მათი ბუნებრივი იერსახე და, ამავდროულად, დაიცვა ვიზუალური სტილის ბალანსი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის დროში გამძლეობის გარანტია”.
როცა შედეგში თავიდანვე დარწმუნებული ხარ
დიზაინერის თქმით, პროექტზე მუშაობისას არც მას და არც დამკვეთს საბოლოო შედეგში ეჭვი არ გასჩენიათ.
„მეც და, ვფიქრობ, ჩემი დამკვეთიც დარწმუნებული ვიყავით შედეგში და სწორედ ამიტომაც შედგა ჩვენი თანამშრომლობა, რაც ძალიან მახარებს”.
რას შეცვლიდა ავტორი დღეს?
ხუთი წლის შემდეგ საკუთარი ნამუშევრის შეფასება ნებისმიერი დიზაინერისთვის განსხვავებული გამოცდილებაა. როგორც ლაშა გიორგაძე ამბობს, პროფესიულ ზრდასთან ერთად იცვლება ხედვაც და ეს შემოქმედებითი პროცესის ბუნებრივი ნაწილია.
„წლების გასვლის შემდეგ ჩვენი ხედვა, გამოცდილება და გარკვეული საკითხებისადმი მიდგომაც იცვლება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც არის რაღაცები, რასაც დღეს, შესაძლოა, სხვაგვარად შევხედავდი. ეს პროცესი დაუსრულებელია, სანამ ამ საქმით ხარ დაინტერესებული”.
ხუთი წლის შემდეგ
ბოლო წლებში ტიპოგრაფიაც და ბრენდინგის მიდგომებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ლაშა გიორგაძე მიიჩნევს, რომ MEAMA-ს ვიზუალური იდენტობა დღესაც აქტუალურია.
„ტიპოგრაფიის გარდა, MEAMA-ს აქვს ძალიან მკაფიო და გამორჩეული ვიზუალური იდენტობა, რაც დღესაც მიმზიდველად გამოიყურება”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი
















