in

„ბრენდირებული ბოდიშის“ კულტურა და ტომ საქსის შემთხვევა

სამი თვის წინ ამერიკელი თანამედროვე მხატვრის, ტომ საქსის, მიმართ არაერთი ანონიმური საჩივარი გავრცელდა — ყოფილი თანამშრომლები თავიანთ ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბრობდნენ და შემაწუხებელ, უხერხულ ეპიზოდებს იხსენებდნენ. ყველა ეს მომენტი Nike-თან თანამშრომლობას უკავშირდებოდა, რამაც ერთობლივ პროექტზეც ნეგატიური გავლენა იქონია და პროცესებიც შეფერხდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქსმა გადაწყვიტა, საჯარო ბოდიში მოეხადა.

ინსტაგრამის მეშვეობით, მხატვარმა თავის მენეჯერულ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც ეხებოდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე უხეშ და დამამცირებელ ქმედებებს. „ეს ბოლო რამდენიმე თვე ძალიან მტკივნეული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ვწუხვარ, თუ ოდესმე ვინმემ ნაკლები მხარდაჭერა, დაუცველობა და არასრულყოფილება იგრძნო ჩემგან — აშკარაა, რომ ზოგიერთი ნამდვილად ასე გრძნობდა თავს“.

ტექსტი ხელით იყო დაწერილი და ყვითელ, კაშკაშა ფურცელზე დატანილი. ამ ესთეტიკურ გაფორმებას კი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა — მას „ყველაზე ხელოვნური ბოდიშის მოხდა“ უწოდეს. თუმცა საქსის ჩანაწერი, ვიზუალური დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ახალი ეპოქის დასაწყისზე მიუთითებს საჯარო ანგარიშვალდებულების კუთხით. აქ იგულისხმება სამყარო, სადაც ბოდიშის მოხდა ბრენდის განუყოფელი ნაწილი გახდება.

უმეტეს შემთხვევაში, „ბრენდირებული ბოდიში“ არაგულწრფელია, რადგან ძირითადად პიროვნებაზეა (ან ბრენდზე) ფოკუსირებული და არა, თავად ბოდიშზე. ექსპერტების თქმით, მსგავსი ქმედება თვითრეკლამის ფორმა ხდება. ამიტომაც გამოიწვია საქსის ქმედებამ უარყოფითი რეაქცია, რადგან მას წერილში სიტყვა „ბოდიში“ ან „ბოდიშის მოხდა“ არ უხსენებია.

ამის პარალელურად, ბოდიშის ესთეტიკა საკმაოდ განვითარდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. სოციალური მედიის ვირუსულად გამოყენებამდეც კი, კომპანიის ლიდერები პრესკონფერენციებს ატარებდნენ და გაზეთებში განაცხადებს ბეჭდავდნენ. მაგალითად, 1999 წელს კოკა-კოლამ ბოდიშის მოხდის რეკლამა გამოუშვა ევროპულ გაზეთებში, რადგან მისი პროდუქციით ხალხი მოიწამლა.

მოგვიანებით, 2010-იან წლებში #MeToo მოძრაობამ მოთხოვნები გამოიწვია და მოლოდინებიც გაზარდა მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების მიმართ — საზოგადოებას სურდა, ყველას საჯაროდ ეღიარებინა თავისი წილი დანაშაული თუ შეცდომა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი აპლიკაციის ფორმაც კი შეიმუშავეს და ძირითადად Note-ის სახით აქვეყნებდნენ.

უფრო მეტი მაგალითი რომ გავიხსენოთ, ძალიან შორს წავალთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ექსპერტები გვიხსნიან, ლიდერმა განცხადების ფუნქციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა — ფორმაზე. ის უნდა იყოს დროული, კონკრეტული და გულწრფელი. ბოდიშს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ეს სწორად გამოიხატება.

MYSHOP — ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი პლატფორმა

ინდივიდუალიზმის პოვნა კრეატიულ სამყაროში — გიორგი ქვლივიძე