ზოგჯერ, როდესაც საყვარელ პოდკასტს ვუსმენთ, გვრჩება განცდა, რომ ახლობელი ადამიანები საუბრობენ. მათ მიმართ სანდოობაც იმდენად დიდია, რომ გვგონია, წამყვანებს დიდი ხანია ვიცნობთ და ვენდობით. ეს საკმაოდ უჩვეულოა იმ დროს, როცა ტრადიციული მედიისადმი ნდობა ყველა დროის მინიმუმზეა – და ბრენდებისადმი ნდობაც ხშირად იცვლება.
პირადი რეკომენდაცია არის ისეთი რამ, რის მიღწევასაც ბრენდები ხშირად წლობით ცდილობენ. მაინც, რას ნიშნავს ეს იმ ბრენდებისთვის, რომლებსაც სურთ მომხმარებლებთან იშვიათი და რთულად მისაღწევი დინამიკის – ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობის – ჩამოყალიბება?
მომხმარებელთა ნდობის სავალალო მდგომარეობა
Qualtrics XM Institute-ის მონაცემების თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ ნახევარს აქვს ნდობა იმ კომპანიების მიმართ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ. Gallup-ი სოციალური მედიის საიტებისადმი მწირ ნდობაზე მიუთითებს, როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი ასაკის მომხმარებლებს შორის. Edelman-ის 2024 წლის ნდობის ბარომეტრს აქვს საბედისწერო სლოგანი „ინოვაცია საფრთხეშია“. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით კი სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
ამავდროულად, პოდკასტებისა და მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტისადმი ნდობა იზრდება. Reddit ნდობის რეკორდულ დონეზეა. სოციალური მედიის გიგანტი YouTube ამჟამად ის პლატფორმაა, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან სოციალური კომერციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლუენსერები არასდროს ყოფილან ასეთი პოპულარულები – 2024 წელს, ავტორები და თერაპევტებიც კი მიმართავენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა TikTok, „პირადი ბრენდის“ დასამკვიდრებლად – მათაც აქვთ თავიანთი ნდობის პრობლემები. ერთი მხრივ, ისინი ხშირად აღიქმებიან არაავთენტურად. მეორე მხრივ, ზღვარი გულწრფელ რეკომენდაციებსა და ანაზღაურებად პრომოციებს შორის იმდენად ბუნდოვანი გახდა, რომ აუდიტორიისთვის ხშირად რთულია რეალური მიმოხილვების გარჩევა.
მიუხედავად ამისა, „ინფლუენსერობის“ ზოგიერთი მიმართულება აღმავლობას განიცდის, როგორიცაა გამომწერის მოდელები ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Substack, Patreon და OnlyFans. როგორც ჩანს, მომხმარებლებს სურთ გარკვეული კონტროლი ჰქონდეთ თავიანთი კონტენტის კურირებაზე და ისინი ამას ახერხებენ იმ ინდივიდების გამოწერით, რომლებსაც აღიქვამენ, როგორც გავლენიან ან ექსპერტ პირებს – ძველი ტიპის ინსტიტუტებისა თუ გაუმჭვირვალე ალგორითმებისთვის ნდობის მინიჭების ნაცვლად.
ამ ცვლილებებს რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: პარასოციალური ურთიერთობების ზრდა, მომხმარებელთა ფსიქოლოგიის ტენდენციების ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტისადმი უნდობლობის მკვეთრი ზრდა. პროგნოზი, რომლის გაკეთებაც დარწმუნებით შემიძლია, არის ის, რომ რამდენადაც არასტაბილურია მომხმარებელთა ნდობის ლანდშაფტი ახლა, ის კიდევ უფრო მეტ ცვლილებას გაივლის, რადგან ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად იმკვიდრებს თავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მიმდინარე ალგორითმული ცვლილებების გამო, ბრენდებისთვის სულ უფრო რთული ხდება რომელიმე ერთ პლატფორმაზე დაყრდნობა ტრაფიკისთვის, იქნება ეს Google თუ სოციალური მედიის სივრცე. დივერსიფიკაცია ქმნის მეტ შესაძლებლობას პირველადი მონაცემების შესაგროვებლად, რაც კრიტიკული იქნება მომდევნო თვეებში, როდესაც Google-ის AI Overviews ოფიციალურად ამოქმედდება და ვებსაიტებზე ტრაფიკი გარდაუვლად გააგრძელებს კლებას.
აი, რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ კონტენტის დივერსიფიკაცია და თქვენი ამჟამინდელი კომფორტის ზონის მიღმა ფორმატების ექსპერიმენტირება დაიწყოთ.
ტექსტური კონტენტი. ხელოვნური ინტელექტის „უხარისხო“ კონტენტის სამყაროში, ბრენდებმა უნდა იფიქრონ ჩვეულებრივი ბლოგ-პოსტის მიღმა. 2024 წელს, ნამდვილი აზროვნების ლიდერობის გამოქვეყნება გულისხმობს უნიკალური ან სასარგებლო ხედვების შეთავაზებას, პირადი გამოცდილების გაზიარებას, რეალური ღირებულების მიწოდებას, ან სხვა გზების პოვნას ადამიანური შეხების დასამატებლად.
ვიდეო კონტენტი. თუ ჯერ არ ხართ ამ მიმართულებაში, მაღალი ფასების ან რესურსების შეზღუდვის გამო, განიხილეთ მცირედით დაწყება. ცადეთ მეიქინგ-ოფის კადრები ან ცოცხალი კითხვა-პასუხის სესიები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის ადამიანურობის წარმოჩენაში ან გამჭვირვალობისა თუ ავტორიტეტის შექმნაში.
აუდიო კონტენტი/პოდკასტები. თუ ახლა იწყებთ, შეგიძლიათ მარტივი ვარიანტებით დაიწყოთ – მაგალითად, უკვე დამკვიდრებულ შოუში მიხვიდრეთ სტუმრად.
ინტერაქციული ან ექსპერიმენტული კონტენტი. გამოიყენეთ ისეთი ვარიანტები, როგორიცაა ქვიზები, გამოკითხვები ან ინტერაქციული გამოცდილებები მომხმარებლებთან ან კლიენტებთან ჩართულობის გასაზრდელად. ასევე, ინტერაქციული ამბის თხრობის ექსპერიმენტი და მიეცით მომხმარებლებს არჩევანის საშუალება.
ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გასული ეპოქის რელიქვიად გამოიყურებოდა, კვლავ ვითარდება – განსაკუთრებით მაშინ, როცა SEO ათწლეულების განმავლობაში უდიდეს რყევებს განიცდის.
წყარო: contently