in

როგორ ვიპოვოთ იდენტობა – ცნობილი ბრენდების მაგალითზე

Country მუსიკის დედოფლად წოდებული დოლი პარტონი საკმაოდ ჭკვიანურ რჩევებს იძლევა – როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბრენდებისთვის. ის სულ ამბობდა, რომ მისი წარმატება ინდივიდუალიზმში იყო და ამ მაგალითის გამოყენება არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ნებისმიერ ბიზნესსაც შეუძლია.

თუ გრძელვადიან წარმატებაზე ხართ ორიენტირებული და არა მოკლევადიან აღმავლობაზე, ყველა ვარიანტში უნდა შექმნათ ბრენდის ერთი და მყარი საფუძველი. ამაში ახალი არაფერია, ეს ყველაზე დამწყებმა მარკეტერებმაც კი იციან.

ბრენდები ადამიანებივით არიან. ზოგი ავთენტური, თავდაჯერებული და სასიამოვნოა, ზოგი – არა. როცა ბრენდი/ადამიანი ხედავს, რომ რაღაც ისე არ არის, აუცილებელია, მოახდინოს რეორგანიზაცია.

დოლიც სწორედ ამას ქადაგებს – სამყაროში, რომელიც დღეს უფრო მეტად ქაოსურია, ვიდრე ოდესმე, ბრენდის მყარი ისტორიის ქონა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა, სათანადოდ გადახედო ბრენდს და შეიტანო ცვლილებები, ადვილი არ არის. ეს მოითხოვს ხედვას, კრეატიულობას, შეუპოვრობასა და გუნდურ მუშაობას. დღეს ძალიან ბევრი მარკეტინგული კამპანია აგებულია ტენდენციებსა და ტაქტიკაზე და არა სიმართლესა და ბრენდის მყარ საფუძველზე. ყოველთვის არაა საჭირო ყველაფრის ხელახლა დაწყება. ზოგჯერ, უბრალოდ, თავიდან უნდა აღმოაჩინო რაღაცები.

2000-იანი წლების დასაწყისში, LEGO, რომელიც ოდესღაც სათამაშოების ინდუსტრიაში შეუჩერებელი ძალა იყო, კოლაფსის პირას დადგა. იმ იმედით, რომ რაღაც გამოვიდოდა, LEGO-მ გადაწყვიტა, ყურადღება გადაეტანა თავის ბრენდზე, მის ფესვებზე და იმაზე, თუ რატომ უყვარდა ხალხს LEGO თავიდანვე. თამაში, როგორც შემოქმედება, წარმოსახვის გაფართოება – ის მთავარი ღირებულებებია, რაზეც პირველად ბრენდის იდეა დაემყნო. ამ ფესვების აღდგენით, LEGO-მ ნათლად წარმოადგინა, რომ ბრენდს მისი პროდუქტი კი არ ქმნის, არამედ ის ღირებულებები, რომლებითაც ეს პროდუქტები იქმნება.

ერთი სიტყვით, LEGO-მ ყურადღება გაამახვილა კრეატიულობასა და ისტორიების მოყოლაზე, რამაც მას გაუზარდა ზრდის შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ეკოსისტემაფილმების, თამაშებისა და პარტნიორობების მეშვეობით. ამან გამოიწვია ბრენდის გადატვირთვა, რამაც LEGO-ს ბიზნესისთვის შესანიშნავი ფინანსური შემობრუნება გამოიწვია.

წლების განმავლობაში Oatly, რომელიც ლაქტოზას აუტანლობისთვის იყო შექმნილი, ებრძოდა რძის ინდუსტრიას, რამაც მას მთელი ენერგია გამოაცალა. გარკვეული დროის შემდეგ მან თავისი მიდგომის გადახედვა გადაწყვიტა და შეცვალა არა პროდუქტი, არამედ ბრენდი. ახალი რწმენითა და კულტურული გავლენით, Oatly სწრაფი ტემპით განვითარდა და 2021 წელს Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსებისას, მისი ღირებულება 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კარგი მაგალითია Old Spice-იც. ის დიდხანს ეგონათ ცოტა ასაკიანი, დაღლილი კაცის თავის მოვლის ბრენდი, რადგან თავად Old Spice-იც ასე პოზიციონირებდა. თუმცა დროის გასვლის შემდეგ მან სრულად შეიცვალა მიმართულება და თავის კომუნიკაციაში ჩართო იუმორი, თანამედროვე ხასიათი, რითაც მოიზიდა ახალი თაობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალური ბრენდების გამოცდილებასაც: მაილი საირუსი „ჰანა მონტანადან” როკ-ენ-როლის ვარსკვლავად იქცა, დევიდ ბექჰემი წითელი ბარათის მქონე ფეხბურთელიდან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრად – ამიტომ ტრანსფორმაცია ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმა.

შეიძლება სტატიის დასაწყისიდანვე კითხვა დაგრჩათ – რატომ ვახსენეთ და რა შუაში იყო დოლი პარტონი? რადგან პერსონალურ ბრენდებზეც გადმოვედით, ამ კითხვაზეც მიიღებთ პასუხს.

ბოლო წლებში Country მუსიკამ ცვლილებები განიცადა. ბოლო წლებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის პოპულარობით ვერ სარგებლობდა, თუმცა ჟანრი განვითარდა და აღორძინდა.თანამედროვე ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კრის სტეპლტონი და ლუკ კომბსი, შეცვალეს მისი იმიჯი, ამავდროულად ერთგულნი დარჩნენ მისი წარმოშობისა და სულის მიმართ. ასევე, უნდა ვახსენოთ ტეილორ სვიფტი, რომელმაც თანამედროვე პოპმუსიკას ქანთრის ელემენეტები დაუმატა და მსმენელისთვის უფრო მიმზიდველი გახადა.

ბრენდის გადახედვის და ხელახლა შექმნის ნამდვილი არსიც სწორედ ესაა – იმ ხელჩასაჭიდი სიმართლის პოვნა, რომლის გაცოცხლებაც კრეატივითა და ორიგინალურობითაა შესაძლებელი. დოლი პარტონი ამაზე ამბობდა, რომ უნდა იცოდე, ვინ ხარ, მერე კი ეს ცოდნა შეგნებული გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება.

MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება