in

რა განსხვავებაა ბრენდის კაპიტალსა და ბრენდის ღირებულებას შორის?

ონლაინ ბრენდის კაპიტალის გაგება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ფრენსის მარტინ-აიზაკსმა, Relevance-ის კრეატიულმა დირექტორმა, გზამკვლევიც კი დაწერა, რომელიც ბრენდის ღირებულებასა და მის კაპიტალს შორის არსებულ განსხვავებას განიხილავს.

ბრენდის სიძლიერე

კომპანიის ღირებულება დიდწილად განისაზღვრება მისი იდენტობით. მომხმარებლის მიერ ბრენდის აღქმა პირდაპირ კავშირშია კომპანიის მომგებიანობასთან და მისი აქციების ღირებულებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მომხმარებელს მოსწონს თქვენი ბრენდი, ისინი შეიძენენ თქვენს პროდუქტს.

დღეისათვის ძნელი წარმოსადგენია შესყიდვის გადაწყვეტილების მიღება ბრენდის მონაწილეობის გარეშე. ბრენდი არ არის მხოლოდ სახელი და ლოგო — ეს არის ის, თუ როგორ ცნობს მყიდველი იმ ხარისხს, რომლისთვისაც მზად არის გადაიხადოს; საზოგადოებას, რომლის ნაწილიც სურს იყოს და პიროვნებას, ვისთანაც ის ასოცირდება. ლოგო კომპანიის იდენტიფიცირებაში გვეხმარება, ბრენდინგი კი მის ქცევას განასახიერებს.

სხვაობა ბრენდის ღირებულებასა და მის კაპიტალს შორის

ბრენდის ღირებულება არის კომპანიის ღირებულების ბაზრის გაანგარიშება — მისი ფულადი ღირებულება. ძირითადი ეკონომიკური თვალსაზრისით, კომპანიის ღირებულება არის ის, რაც მყიდველს სურს გადაიხადოს და თანხა, რომლის მიღებაც გამყიდველს სურს.

ხოლო ბრენდის კაპიტალი არის ბრენდის აღქმა მომხმარებლების მიერ, რასაც შესაბამისი გავლენა აქვს მის ღირებულებაზე. ამ ფაქტორის განსაზღვრა გაცილებით რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელია — სწორედ ის უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა ბიზნესისა და მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლად. ინფორმირებულობა, შესაბამისი დიფერენციაცია, აღქმული ღირებულება, ხელმისაწვდომობა და ემოციური კავშირი ყველა ის ფაქტორია, რომელიც ბრენდს განვითარებაში ეხმარება.

ონლაინ ბრენდის კაპიტალის ოთხი ელემენტი

ონლაინ ბრენდის კაპიტალი, პირველ რიგში, ოთხი ძირითადი ელემენტით განისაზღვრება.  თითოეულ მათგანს კი მრავალი სარგებელი აქვს.

  1. ინფორმირებულობა არის ის ხარისხი, რომლითაც ადამიანები თქვენი კონკრეტული სერვისის გამორჩეულ თვისებებს ან იმიჯს იცნობენ;
  2. კონკრეტულ კომპანიასთან ურთიერთობისას, ადამიანები წარსულ გამოცდილებას ეყრდნობიან. შესაბამისად, წარსულის მაგალითები სამომავლო შესყიდვებზე იმოქმედებს;
  3. აღქმული ხარისხი არის როგორც მომხმარებლის მოსაზრება თქვენი სერვისების მიმართ, ისე მათი მოლოდინების დაკმაყოფილების უნარი. ამ აღქმული ღირებულების გაუმჯობესებას კი გაყიდვების გაზრდა შეუძლია;
  4. ბრენდის ლოიალობა არის ბრენდის ცნობადობის, ბრენდის ატრიბუციის, აღქმული ხარისხისა და წინა გამოცდილების შედეგი. ლოიალური მომხმარებლები ყოველთვის შეიძენენ სასურველი ბრენდის მომსახურებას.

როგორ ავაშენოთ ონლაინ ბრენდის კაპიტალი?

ონლაინ ბრენდის კაპიტალის შექმნის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ მის მიღწევასა და შენარჩუნებას დიდი სამუშაო და კვლევა სჭირდება.

იმისათვის, რომ მომხმარებლებმა დაგინახონ ისე, როგორც თავად გსურთ, მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორია და პიროვნების განვითარება. ეს ელემენტები შექმნის თქვენი ბრენდის კომპლექტის საფუძველს და დაგეხმარებათ სამომავლო მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ბრენდის ცნობადობის შექმნისას გაითვალისწინეთ თქვენი ბიზნესის ის ელემენტები, რომლებთანაც მომხმარებლები სიამოვნებით ურთიერთობენ. ამასთან, მათი წარდგენის გზებზეც იფიქრეთ.

იქნება ეს მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელთა გუნდის ჩართვა, ავტომატური გამოხმაურების ფორმების გაგზავნა თუ გამოყოფილი გამოხმაურების ელექტრონული ფოსტის მისამართის გააქტიურება, კომუნიკაციის ხაზის ღიად შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენი ბრენდის მიმართ ნდობის გასამყარებლად.

დაბოლოს, დარწმუნდით, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყარეთ თქვენს კლიენტებთან და მომხმარებლებთან, რათა განმეორებითი შესყიდვები და ლოიალობა წაახალისოთ.

„მაკდონალდს საქართველო” – გლობალური აღიარება, სიმპოზიუმის მასპინძელი და სხვა სიახლეები

„ჩემი, შენი, ჩვენი წვენი!“ ახლა უკვე შუშის ბოთლებში