ბრენდები ხშირად მიმართავენ ცვლილებებს, იქნება ეს ახალი სახელი, ლოგო, პოზიციონირების ცვლილება, არქიტექტურის ხელახლა აგება თუ სხვა რამ… თუმცა, როცა საქმე რებრენდინგს ეხება, როგორ ხვდებიან, რა შეცვალონ და რა, არა?
წარმატებული ბრენდის ტრანსფორმაციები 2 მნიშვნელოვან ელემენტზე მიგვითითებს — მიმზიდველი მიზანი, რომელიც ყოველთვის იგივე რჩება და მოქნილი სტრატეგია, რომელიც პრობლემებისა თუ გრძელვადიანი ცვლილებების ნავიგაციისთვის არის შექმნილი. ეს ბრენდებს განვითარებასა და შესაძლებლობების დანახვაში ეხმარება.
ავთენტურმა და ემოციურმა მიზანმა, შესაძლოა, ბრენდი მეტად რელევანტური გახადოს სამიზნე აუდიტორიისთვის და ცვლილების დროს მეტად მოქნილადაც აქციოს. თუმცა როგორ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ჩვენი მიზანი ძლიერ საფუძვლად იქცეს ჩვენივე ბრენდისთვის და რებრენდინგის პროცესსაც წარუძღვეს?
მიზანი ავთენტური უნდა იყოს
თქვენი მიზანი ის არის, რაც თქვენსავე ხალხს ამოძრავებს. ეს ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელსაც მომხმარებელთა, შიდა თუ კონკურენტული ლანდშაფტის ანალიზის შედეგად არ ვიღებთ. უმჯობესია, თქვენი მიზანი თანამშრომლებთან გასაუბრების, წარსული მოვლენების გადახედვის, ჭკვიანური მოტივებისა და ფუძემდებლური მიზეზებისგან წარმოიშვას. ეს ის არის, რაც საუბრის შედეგად მიიღება და არა, სტრატეგიის კონსულტანტთა მიერ.
„მნიშვნელოვანია, ბრენდის მიზანი კომპანიისთვის ავთენტური იყოს და არა, შეთხზული. ეს არქეოლოგიური გათხრის პროცესს ჰგავს, სადაც მიზანი ფრთხილად უნდა აღმოვაჩინოთ, გავაპრიალოთ და წარვუდგინოთ სამყაროს იმ გზით, რომელიც მნიშვნელოვანია“, — აცხადებს რეიჩელ კლეინი, TransUnion-დან.
ახლა კი რამდენიმე გზას გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენი მიზნის ყველაზე ძლიერი ვერსიის პოვნაში დაგეხმარებათ:
ჰკითხეთ ადამიანებს რატომ? მიზნის განსაზღვრა ხშირად თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსმენით იწყება. ყველაზე ძვირფას ქვებს კი სიღრმისეული კვლევისას ვპოულობთ ხოლმე. ერთ-ერთი მიდგომა ამისთვის Five Why-ს არის — კვლევის ტექნიკა, რომელიც „რატომ? კითხვებს“ პასუხობს. მაგალითად, რატომ არის მნიშვნელოვანი? და ეს ძირეული მოტივაციის გაგებაში გეხმარებათ.
იპოვეთ სწორი პოზიცია — მომხმარებლებისთვის, კომპანიისთვის, საზოგადოებისთვის, ინდუსტრიისა და სამყაროსთვის რაღაცების გაუმჯობესება გსურთ? მაშინ, როცა Intuit-ის მიზანს მომხმარებელთა ფინანსური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს, Tesla-სთვის ეს მსოფლიოს მდგრად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაა… ამიტომ, აქ სწორი პოზიციის პოვნა მნიშვნელოვანია.
გადახედეთ თქვენს ისტორიას — ზოგიერთი კომპანია დაარსებიდანვე იბადება ბრენდის მიზნით, თუმცა ზოგიერთი ამას მოგვიანებით პოულობს. ავთენტური მიზნის პოვნაში, წარსულში ჩახედვა და იმის განსაზღვრა დაგეხმარებათ, თუ რა ამოძრავებდათ თქვენს ადამიანებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. რა უძღოდა წინ დიდი გადაწყვეტილებების მიღებას? ცვლილებების ფონზე, რა დარჩა იგივე? ზოგჯერ თქვენი მიზანი ნარატივის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, როცა სხვა დროს ჩრდილშია და თქვენს მოგზაურობას ჩუმად უძღვება…
Zeno Group-ის კვლევის თანახმად, მომხმარებლები ძლიერი მიზნის მქონე ბრენდებისგან 4-6-ჯერ უფრო მეტად ყიდულობენ, მეტად ენდობიან და იცავენ კიდეც მათ. მაგრამ თუ ახლა თქვენ მიზნის განვითარებაზე ზრუნავთ, ფრთხილად იყავით და ეცადეთ მიმართულების სრულად შეცვლა აირიდოთ თავიდან, რადგან ამან, შესაძლოა, ადამიანები დააბნიოს.
როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მიზანი?
მიზნის ენის განსაზღვრისას, იქნება ეს მარტივი წინადადება თუ არა, ეცადეთ ამ მიდგომებს მიჰყვეთ:
- აღგაფრთოვანებთ? — თქვენი მიზანი თქვენივე კომპანიისა და ადამიანების მოტივაციას მოიცავს. ზოგიერთისთვის ეს ჟღერს, როგორც „მიზეზი, რის გამოც ვარსებობთ“ ან „რისთვისაც ვიღვიძებთ დილით“. მასიურზე ან ჭიქაზე რომ გამოჩნდეს, მოგინდებოდათ ერთი ასეთის ქონა?
- განერვიულებთ? — აი, მონეტის მეორე მხარეც. შეიცავს თუ არა თქვენი მიზანი რაიმე ისეთ დეტალს, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ? ზედმეტად ამბიციურია? ნაკლებად ეხება იმას, თუ ვინ ხართ თქვენ და მეტად იმას, თუ რისკენ მიისწრაფვით? ეს ნორმალურია და, შესაძლოა, სასურველიც კი — ენა, რომელიც თავს ყველას კარგად აგრძნობინებს, იშვიათად აოცებს ვინმეს…
- კარგი მოთამაშეა? — თქვენი მიზანი, შესაძლოა, მრავალი აუდიტორიისკენ იყოს მიმართული, მაგრამ ყველა თანაბარი არ არის… უპირველესად, დაწერეთ იგი თქვენი შიდა აუდიტორიისთვის — ყველა თანამშრომლისთვის, დაინტერესებული მხარისთვის, პარტნიორებისთვის, მომხმარებლებისთვის, რეკრუტერებისა და ა. შ.
- რეალობას შეესაბამება? — იგი მარტივად უნდა აკავშირებდეს თქვენი ბიზნესის გაზომვად და ქმედით ასპექტებს, იქნება ეს დაქირავების პროცესი, კორპორატიული ქცევა, სტრატეგიული გადაწყვეტილება, მარკეტინგი და კომუნიკაციები თუ თანამშრომელთა კულტურა. ეს სკეპტიციზმის თავიდან აცილების საშუალებასაც მოგცემთ.
თუმცა ბევრი მიზნის განაცხადიც არაბუნებრივად ჟღერს, აქ არ არის ადგილი „ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის“, მიზანი უფრო მეტად სიმღერას ჰგავს. ეს რაღაც მარტივი და ემოციურია, რომელიც ტვინს იზიდავს. ასე რომ, ცოტა ადამიანობისა და ენერგიის დამატებით მისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი გაქვთ.
გამოიყენეთ მიზანი რებრენდინგისთვის
ნებისმიერი ბიზნეს ელემენტი ღიაა ცვლილებებისთვის… სწორედ ამიტომაა ბრენდის სტრატეგია მიბმული ბიზნეს სტრატეგიასთან და სწორედ ამიტომ იქმნება ეს უკანასკნელი ცვლად სამყაროში. შესაძლოა, ღირებულება მომხმარებელთა ცვლადი პრეფერენციების შესაბამისად განვითარდეს. ბრენდის იდენტობა, სახელი და ლოგოც კი შეიძლება შეიცვალოს… ხოლო ის, რაც ამ პროცესში თქვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი იქნება და ყველაფრის კონტროლ ქვეშ ქონის საშუალებას მოგცემთ, სწორედ ძლიერი მიზანია. ეს თქვენი ფესვებია, რომლებიც მომავალში ზრდის საშუალებას მოგცემთ…











