in

როგორია ბრენდის პერსონიფიკაციის მომავალი და არქეტიპების როლი ამ პროცესში?

მარკეტერები კომპანიებს ადამიანურ თვისებებს ანიჭებენ…

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ბრენდის პერსონიფიკაციის კონცეფცია. პერსონალიზაცია, რომელიც პოტენციური მომხმარებლის თვალში ბიზნესის “ადამიანად ქცევის” ტენდენციას წარმოადგენს, მარკეტერების მთავარ გამოწვევად იქცა. კონცეფცია განმარტავს, როგორ იცხოვრებდა, ითამაშებდა ან იმუშავებდა ბრენდი, ადამიანი რომ ყოფილიყო…

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც მონაცემები ცხადყოფს, მომხმარებლები არ ენდობიან კომპანიებს. ინდუსტრიისა და პროდუქტის მიუხედავად, პიროვნებად ყოფნა ყველაზე საიმედო გზაა მომხმარებელთა ნდობისა და მფარველობის მოსაპოვებლად. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანთა მხოლოდ 36% ენდობა კომპანიის თანამშრომლების რჩევებს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბიზნესის დეველოპერები და მარკეტერები ცდილობენ, “ურთიერთობით გაყიდვის” მეთოდი გამოიყენონ, რათა აუდიტორიასთან ძლიერი კავშირი დაამყარონ. ბრენდის პერსონიფიკაციით, სტრატეგები და მარკეტინგის აღმასრულებლები მკაფიო და დამაჯერებელ ტონს, ვიზუალსა და მომსახურების პოლიტიკას აყალიბებენ.  მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი რაც შეიძლება ადამიანური იყოს, რათა საზოგადოებამ კორპორაციის სახით მხოლოდ “გიგანტი” არ დაინახოს. სინამდვილეში, ეს არის არსება, რომელიც რეალურად გრძნობს ყველაფერს.

პიროვნული განვითარება კოკა-კოლას საქმეა

კარლ იუნგის ან დევიდ აკერის ბრენდის პიროვნების კონცეფციის პოპულარიზაციის არქეტიპული სტრუქტურის გამოყენებით, მარკეტერები კომპანიებს ადამიანურ თვისებებს ანიჭებენ — ბიზნესის ხედვის, მიზნისა და ძირითადი ღირებულებების შესაბამისად.

მაგალითად, ითვლება, რომ Coca-Cola-ს ბრენდი Innocent-ის არქეტიპზეა დაფუძნებული. ამით აიხსნება ის, თუ რატომ აკეთებს იგი ძირითად აქცენტს სიმარტივეზე… კერძოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტების აღმოჩენასა და ამით ბედნიერების მიღებაზე (მაგალითად, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად). “ეს გამაგრილებელი სასმლის ბრენდი გულწრფელობისა და აღელვების შესანიშნავი ნაზავია, რომელიც თავისი სოციალური მედიით სიხარულსა და გულწრფელობას ნერგავს” — აღნიშნავს Fabrik.com.

ჩეთბოტები, როგორც ბრენდის პერსონიფიკაციის გზა

Chatbot.com-ის მიხედვით, პირველი ჩეთბოტი (ელიზა) 1966 წლით თარიღდება… ამრიგად, იგი ინტერნეტზე ადრე შეიქმნა. ხოლო 2016 წლიდან ფეისბუქმა დეველოპერებს ნება დართო, ჩეთბოტები მესენჯერში ჩაეშენებინათ, რამაც მათი მომრავლება გამოიწვია. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მოხსენება გამოქვეყნდა ჩეთბოტების ბიზნესსა და მარკეტინგზე არსებულ გავლენაზე. ბევრს სჯერა, რომ ჩეთბოტების ინტეგრირება, გარკვეულწილად, ანელებს ადამიანური კონტაქტის ნაკლებობის სიცარიელეს.

და მაინც, მიუხედავად ამ ტექნოლოგიისა, ბრენდის პიროვნულობა მამოძრავებელ ძალად უნდა რჩებოდეს მომხმარებლებთან ურთიერთქმედების მიღმა. ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება დიდ გავლენას იქონიებს ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ბრენდის პერსონიფიკაცია ხმისა და ფერების უნიკალური ტონის შექმნას გასცდა, რომელიც კომუნიკაციასა და ნარატივში გამოიყენება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტოში აფრიკის გაერთიანებულმა ბანკმა AI პიროვნება წარადგინა, სახელად ლეო. ბანკმა მის ირგვლივ ამბები და მოვლენები შექმნა, რაც სისტემას უფრო მეტ ადამიანობას სძენს და ამავდროულად, იგი ბრენდის პერსონიფიცირებულ სახეს წარმოადგენს. “მე ვარ ლეო, შენი ვირტუალური ბანკირი. შეგიძლია, მკითხო ყველაფერი, რაც გაინტერესებს, მე კი აუცილებლად გიპასუხებ. მე შენი 24/7 ჩათის მეგობარი ვარ და ყველაზე მაგარი ის არის, რომ შემიძლია, საბანკო მომსახურებით დაგეხმარო”. 

მეტავერსიის შესაძლებლობები

მეტავერსის ტექნოლოგია ახალ რეალობას ქმნის, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება, თამაში და მუშაობა, ისევე როგორც რეალურ სამყაროში. მეტავერსის დახმარებით, ადამიანები ვირტუალურ სამყაროში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებენ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. ეს კი ბრენდის პერსონალიზაციისთვის უსასრულო შესაძლებლობებს ხსნის.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ იცოდეთ, როგორია ზემოხსენებული ჩეთბოტ ლეოს ცხოვრების წესი — სად დადის, რას ყიდულობს, როგორ ატარებს თავისუფალ დროს და ა. შ. შედეგად, მომხმარებლები უკეთ გააცნობიერებენ ბრენდის ხასიათს და, შესაბამისად, მეტად დაუახლოვდებიან მას. პერსონიფიკაციის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ შევძლებთ ბრენდებთან ურთიერთობას, როგორც ცოცხალ არსებებთან. და ვინ იქნება თქვენი მეგობარი? Google, Apple, Facebook თუ რომელიმე სხვა ტექნოლოგიური გიგანტი? 

დროთა განმავლობაში დავინახავთ, როგორ გააცოცხლებენ კორპორაციები თავიანთ არქეტიპებსა და პიროვნებებს… ამრიგად, კარლ იუნგისა და დევიდ აკერის იდეები და იდეალები პრაქტიკულ ცხოვრებაში მეტად დამკვიდრდება. ამ მომავლისთვის მოსამზადებლად, ბრენდებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, როგორც ცოცხალმა არსებებმა და არა – უსულო ობიექტებმა.



„ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი პირველი სამსახური ასეთი მაღალი დონის კომპანიაში იქნებოდა“ – ალექსანდრე ბაცანაძის გზა JTI-ში

ნახეთ: კალიგრაფის მიერ შექმნილი სიმბოლოებით დატვირთული პეპელა