M&M-ის ფერადი დრაჟე-პერსონაჟები, McDonalds-ის ჯამბაზები თუ Coca-Cola-ს სანტები, მიშელინის გაბერილი კაცი თუ Mr. Clean… ბრენდის პერსონაჟები ჩვენ ირგვლივ უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს და ჩვენც მათთან ერთად ვცხოვრობთ. ზოგიერთი შევიყვარეთ კიდეც, რითაც ბრენდებს პერსონაჟების შექმნის მიზეზიც მივეცით.
ერთ დღესაც აღმოაჩინეს, რომ პერსონაჟების გამოყენებით ბრენდები მომხმარებლებზე უფრო კარგ და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად ჰქონდა ეს გათვლა Quaker Oats-ის დამფუძნებლებს, მაგრამ ფაქტია, რომ სულ პირველ თუ არა, ერთ-ერთ პირველ ბრენდის პერსონაჟს გვთავაზობენ, რომელიც მე-18 საუკუნეში შეიქმნა და დღემდე „გვიღიმის“.
უამრავი კითხვა ჩნდება Quaker Oats-ისა და მის ბრენდის პერსონაჟთან დაკავშირებით — ვინ არის? დამფუძნებლები Quaker-ები იყვნენ? პერსონაჟი უილიამ პენის მიხედვით შეიქმნა?… ახლა კი მოდით, ყველა კითხვას ვუპასუხოთ.
უმეტესად ფიქრობენ, რომ Quakers-ები კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ. თუ იმჟამინდელ კლიმატს და უკვე პოპულარულ მეთოდს გავითვალისწინებთ, რაც საკუთარი გვარისა თუ სახელის ბრენდად ქცევას გულისხმობს, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, მაგრამ აქ ასე ნამდვილად არ ყოფილა — ჰენრი სიმორი ამ სახელამდე შემთხვევით მივიდა, მას შემდეგ, რაც სიტყვა ენციკლოპედიაში ამოიკითხა და სასიამოვნო ჟღერადობის მქონედ ჩათვალა. თანაც, იმ ღირებულებებს წარმოაჩენდა, რაც სურდათ, რომ ბრენდს ჰქონოდა. რეალურად კი, კვაკერები პროტესტანტული სექტის „მეგობართა საზოგადოების“ წევრები არიან…
ბრენდის პერსონაჟამდე სახელის წარმოშობა კი იმიტომ გაგაცანით, რომ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბრენდის პერსონაჟი ცნობილი კვაკერის უილიამ პენის მიხედვით შექმნეს, ანუ დამფუძნებლებმა თავიანთი მეგობარი აირჩიეს ბრენდის სახედ. მართალია, მსგავსება ნამდვილად არსებობს, მაგრამ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის. დიახ, „კვაკერი კაცი“ არ არის რეალური პიროვნება. მისი იმიჯი უბრალოდ კვაკერის სამოსში გამოწყობილი კაცისგან დაიბადა, რადგან მისი რწმენა პატიოსნების, მთლიანობის, სიწმინდისა და სიძლიერის ღირებულებებს ასახავდა.
„1877 წელს Quaker Oats დარეგისტრირდა, როგორც პირველი სავაჭრო ნიშანი საუზმის მარცვლეულისთვის. სავაჭრო ნიშანი აშშ-ს საპატენტო ოფისში გაფორმდა, როგორც „კაცის ფიგურა კვაკერულ სამოსში“. ყოფილი მფლობელები ჰენრი სეიმური და უილიამ ჰესტონი აცხადებდნენ, რომ კვაკერის სახელი აირჩიეს, როგორც კარგი ხარისხისა და პატიოსანი ღირებულების სიმბოლო,“ — ვკითხულობთ Quaker Oats-ის ვებგვერდზე.
მრავალი წლის მანძილზე კი ეს პერსონაჟი სხვადასხვა ხელოვანის ხელში მოხვდა, ახლა კი ზოგიერთს შეგვიძლია გადავავლოთ თვალი. მაგალითად 1907 წლის სურათში მას ვარდისფერი ლოყები აქვს:
ამავე წლის რეკლამაში Quaker-ის პერსონაჟს თავისივე გამორჩეული პოზით, მაგრამ ყავისფერი მოსაცმლით ვხედავთ:
ერთ-ერთი რეკლამა ცოტათი უფრო „ასუქებს“ Quaker-ის პერსონაჟს:
უკვე 1946 წელს კი მან სტანდარტებთან შესაბამისობა გადაწყვიტა. აქ უკვე ნამდვილ პორტრეტს წარმოგვიდგენენ, რომელიც კლასიკურ ლოგოზე დაფუძნებით შეიქმნა დიზაინერი ჯიმ ნეშის მიერ. მოგვიანებით ნახატი ფერადად ჰადონ სანდბლუმმა აქცია, ეს კი ის ადამიანია, რომელმაც Coca-Cola-ს ცნობილი სანტები შექმნა…
Quaker Oats-ის ბრენდის პერსონაჟის ამბავს მე-18 საუკუნიდან გიყვებით, 21-ე საუკუნეში კი უკვე „მნიშვნელოვანი“ ცვლილებების დრო დადგა — ბრენდის პერსონაჟს უფრო აქტიური ცხოვრების სტილი შეუქმნეს, ახალი ვარცხნილობა გაუკეთეს, კანი გაუპრიალეს და 3 კილომდეც კი დააკლებინეს, რათა დღევანდელობაზე მეტად მორგებული და დახვეწილი ყოფილიყო. ეს უახლესი რედიზაინი კი Quaker-ის მფლობელის PepsiCo-ს ძალისხმევის ნაწილია, რათა „ახალი და ინოვაციური“ სახე შეინარჩუნოს:
გამოდის, თუ პერსონაჟები ბრენდებს პერსონიფიკაციის საშუალებას აძლევენ, ადამიანების მსგავსად, ისინიც უნდა მოარგონ თანამედროვე ტრენდებს. ბრენდის პერსონაჟი რომ ამის გამო წონაში იკლებს, ცოტა სასაცილოდაც კი შეიძლება მოგვეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად საინტერესოა, კიდევ რა ტრენდი აისახება მის ვიზუალზე მომავალში…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი