14
Aug
2018

“თავიდან 3-ნი ვიყავით: 2 ძმაკაცი და 1 ძაღლი!” – ამბავი BrewDog-ზე, რომელმაც ლუდის ბიზნესი ყირაზე დააყენა!

14 Aug 2018

ამბობენ, დიდ ბრიტანეთს დიდი ხანია არ ახსოვს ასე სწრაფად განვითარებადი სასმელის მწარმოებელი კომპანია. ჯერ კიდევ 2007 წელს დაარსებული BrewDog ფლობს 76 ბარს, დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი ადამიანი და 41 მლნ ბოთლი ლუდი 55 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. კომპანიის ისტორია შეშლილმა შოტლანდიელმა მეგობრებმა ენთუზიაზმით, გახსნილი გონებითა და $30,000-იანი ვალით, ავტოფარეხიდან დაიწყეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მორჩა! ჩემს ლუდსახარშს ვხსნი!

BrewDog-ის შექმნის იდეა ორ მეგობარს მაშინ დაებადა, როდესაც ავტოფარეხში ისხდნენ, ძაღლთან ერთად და ლუდს შეექცეოდნენ. მარტინ დიკსა და ჯეიმს უატს აშფოთებდათ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაბატონებული უხარისხო დაფასოებული ლუდის ასეთი სიმრავლე. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრისთვის გზა ერთი იყო – ეწარმოებინათ თავიანთი, კრაფტ ლუდი. ასე დაიწყეს BrewDog-ის ისტორია 2-მა ადამიანმა და 1-მა ძაღლმა, ერთი ფურგონით, დიდი სესხითა და დაუოკებელი სურვილით – გაეზიარებინათ სხვებისთვისაც კრაფტ ლუდის ნამდვილი გემო.

თუმცა, ეს ისტორია არც ისე რომანტიკულია, როგორც გვინდა ხოლმე, რომ იყოს. თავიდან, მეგობრები, საუკეთესო შემთხვევაში, დღის მანძილზე, 2 ყუთ ლუდს ყიდდნენ, რაც $30,000-იანი სესხის დასაფარად ნამდვილად არ ეყოფოდათ. ხშირ შემთხვევაში, წაგებაზე გადიოდნენ. იღბალი მათკენ მაშინ შემობრუნდა, როცა გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიეღოთ სუპერმარკეტების ქსელ Tesco-ს ორგანიზებულ ლუდის კონკურსში, სადაც გაიმარჯვეს (რამდენჯერმე). Tesco-მ შესთავაზა, თავის 500 მაღაზიაში განეთავსებინა BrewDog-ის ლუდი, რაც კვირის მანძილზე 2000 ყუთის რეალიზებას ნიშნავდა. “რა პრობლემაა!” – თქვეს მეგობრებმა, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი ხელით ასხამდნენ ლუდს ბოთლებში.

პარალელურად, უატი მეთევზეობით იყო დაკავებული, დიკი – ვისკის დისტილაციით. მიუხედავად სირთულეებისა, პირველი წლის მანძილზე, მეგობრებმა მაინც არ დაანებეს თავი წამოწყებულ საქმეს და როგორც კი რამდენიმე კარგი რევიუ მიიღეს, ლუდის ჩამოსხმა ძირითად საქმედ აქციეს.

ბრენდინგი

ცისფერ ფურგონზე დატანილი სქელი წარწერა – BrewDog-ის ეს სტილი დასაწყისიდანვე შეიყვარა მომხმარებელმა და თანდათან ბრენდინგს, სხვადასხვა სახალისო დასახელების ლუდის გარდა, პასტელური ფერებიც დაემატა. დროთა განმავლობაში, punk სტილის ახალგაზრდული სასმლიდან, BrewDog გადაიქცა სერიოზულ ბრენდად, რომელიც დინამიურად ვითარდება, ბაზრისა და მომხმარებლის ზრდასთან ერთად, ამავდროულად, ინარჩუნებს იმ განსხვავებულობას, რისი დამსახურებითაც მოიპოვა პირველობა.

შეშლილი მარკეტინგული სტრატეგია

თუ BrewDog-ის ისტორიას გადაავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ მთელი ეს ლუდის რევოლუცია ორმა შოტლანდიელმა ბიჭმა იმის გამო წამოიწყო, რომ მობეზრდათ ლუდის ბაზარზე არსებული მოწყენილობა. მათ შეავსეს სიცარიელე, რაც ასე სჭირდებოდა გადავსებული ბაზრის პირობებში თავმობეზრებულ მომხმარებელს. ეს იყო ერთგვარი ამბოხება, რომელმაც გაამართლა და BrewDog, მისი სრულიად განსხვავებული აქტივობების დამსახურებითა და არასტანდარტული მარკეტინგული კომუნიკაციით, გამოარჩია ყველა კონკურენტისგან.

დამოუკიდებელმა შოტლანდიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ BrewDog რევოლუცია მოახდინა ლონდონში, როდესაც გახსნა პირველი ბარი ინგლისში, კამდენში – “BrewDog Camden“. კამდენის ოკუპაციის აღსანიშნავად, დამფუძნებლები: ჯეიმს უატი და მარტინ დიკი, ტანკით შევიდნენ ჩრდილოეთ ლონდონში და ასე მიესალმნენ კრაფტ ლუდის მოყვარულებს.

1998 წლის, ლუდ Guiness-ის რეკლამის გასაშარჟებლად, მარტინმა და ჯეიმსმა ცხენის ფორმა ჩაიცვეს და ვირუსული ვიდეო გაავრცელეს.

 

“სიკვდილი მსუქან კატებს”, – ასე ჰქვია მომდევნო შეშლილ აქტივობას, რითაც შოტლანდიელმა ბიჭებმა დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. ერთ დღესაც, სათამაშო კატებს პარაშუტები გამოაბეს და ვერტმფრენიდან გადმოისროლეს ლონდონის ქუჩებში.

განადგურებული ლუდები, გზავნილით – „ჩვენ გვძულს ცუდი ლუდი“ – ჯეიმსისა და მარტინის მორიგი, თავზეხელაღებული ქცევა 2011 წელს:

FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სეპ ბლატერის მხარდასაჭერად, BrewDog-მა ლუდი Vote Sepp გამოუშვა, იმ იმედით, რომ 2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი შოტლანდიაში ჩატარდება.

ერთხელაც, BrewDog-ს ჩინეთში ტყუპისცალი გამოუჩნდა. ვინმე Mr.Emperor-მა იდენტური ლოგო და დასახელება გამოიყენა თავისი ბარისთვის. მალე ჩინურმა BrewDog-მა ჯეიმსისგან წერილი მიიღო, თუმცა ეს არ ყოფილა საჩივარი. შოტლანდიელი ამაყობდა, რომ კომპანიას, რომელიც წლების წინ, 2 მეგობრისა და 1 ძაღლისგან შედგებოდა, მიმბაძველი გამოუჩნდა.

2014 წელს, რუსეთის ჰომოფობიურ შეზღუდვებს, BrewDog გამოეხმაურა ახალი “not for gays” ლუდით, სახელად “გამარჯობა, მე მქვია ვლადიმირ პუტინი!”. ლუდს თან ახლდა სარკასტული ტექსტი, რომელიც ჰომოფობებს ეძღვნებოდა.

ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ნაბიჯი BrewDog-ისგან იყო ლუდის ბოთლების ცხოველების ფიტულებში მოთავსება. სასმელი 500 ევრო ღირდა. ამგვარად, სურდათ გაემახვილებინათ ყურადღება ცხოველთა დაცვის იაფფასიან მარკეტინგულ ხრიკებზე და ცხოველთა დაცვისკენ ამგვარად წაექეზებინათ საზოგადოება.

აღსდექ, პრინცო უილიამ!

ბრიტანელებს, ალბათ, კარგა ხანს არ დაავიწყდებათ, პრინც უილიამის ქორწილისთვის ლიმიტირებული სერიით გამოშვებული ლუდი, ვიაგრას შემცველობით.

2009 წელს, მეგობრებმა ხალხს BrewDog-ის წილის ონლაინ შეძენა შესთავაზეს. ამგვარად, კომპანიის მეწილე კიდევ 1300 ადამიანი გახდა და როგორც ჯეიმსი და მარტინი იტყვიან, BrewDog-მა ყველაზე ანტი-ბიზნესური ბიზნეს მოდელით დაიწყო განვითარება.

უჩვეულოა სამსახურში აყვანის პირობებიც: “ნუ იქნები ნორმალური – ჩვენ არ ვართ!”, “არავითარი კოსტიუმი!”…

საბოლოო ჯამში, რა შეგვიძლია ვისწავლოთ BrewDog-ის ქეისიდან?

შთაგონება ქმნის ავთენტურობას

BrewDog შექმნა მისი მფლობელების მონდომებამ და ენთუზიაზმმა, ასევე ინდივიდუალურმა მიდგომამ, რამაც მომხმარებლებში გააჩინა პროდუქტის ძლიერი რწმენა. “Equity for Punks” კამპანიით, 2009-ში, კომპანიამ მომხმარებლებს ინვესტირების საშუალება მისცა, რითაც გაზარდა ლოიალობის დონე მის მიმართ.

მეამბოხე

BrewDog-მა თავიდანვე მკაფიოდ აჩვენა, რომ არ აპირებდა სტანდარტის მიხედვით თამაშს. ეს მის მარკეტინგულ სქემებშიც გამოჩნდა. წლების მანძილზე, ის მოქმედებდა როგორც გამომწვევი ბრენდი, მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. BrewDog არის დამოუკიდებელი და მეამბოხე, რომელმაც თამაშის მისეული წესები შემოიტანა.

ბრძოლა წესების გარეშე

წესები ბრენდინგში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა დროდადრო მნიშვნელოვანია მათი დარღვევაც. მთელი არსებობის მანძილზე, ბრენდი, პროდუქტი და ბიზნეს სტრატეგია ფოკუსირებული იყო ეთამაშა “დიდი თამაში”, მაგრამ მუდმივად შეენარჩუნებინა ის ვნება და სწრაფვა, რამაც აქამდე მოიყვანა. ბრენდს რომ “პანკური” სტილი არ აერჩია, ვინ იცის, დღეს მის შესახებ არავის ეცოდინებოდა. ეს სარისკო იყო, თუმცა, ზოგჯერ უნდა გარისკო, ზოგი გააბრაზო, ზოგს შეეწინააღმდეგო, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნა.



განხილვა