in

ორი მეგობარი, ძაღლი, ავტოფარეხი და ლუდი – BrewDog-ის ისტორია

ჯეიმს უოტმა და მარტინ დიკიმ 2007 წელს დააარსეს BrewDog, რითაც ხელნაკეთი ლუდის რევოლუცია მოახდინეს დიდ ბრიტანეთში. შოტლანდიურმა ლუდსახარშმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება თამამი გემოსა და მარკეტინგული ტაქტიკის გამო.

istoriebi
istoriebi

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდი არც ისე ძველია, სულ რაღაც ათწლეულში მან შეძლო, მცირე ლუდსახარშიდან გლობალურ ბრენდად გადაქცეულიყო. კომპანიის სწრაფი გაფართოება მოიცავდა ლუდსახარშების გახსნას მრავალ ქვეყანაში და ხელნაკეთი ლუდის ბარების ქსელის გაშვებას. 

გარდა იმისა, რომ ეს ბრენდი ლუდის ხარშვის არატრადიციული მიდგომით გამოირჩევა, მას ძალიან საინტერესო ისტორიაც აქვს.

ორი თინეიჯერის შეხვედრა

ჯეიმს უოტი და მარტინ დიკი პირველად თინეიჯერობისას გადაიკვეთნენ აბერდინშირში. ლუდის მომზადებით ორივე დაინტერესებული იყო და თავისუფალ დროს ამ საქმეს სწავლობდნენ. პარალელურად, უოტი სწავლობდა სამართალსა და ეკონომიკას, ხოლო დიკი უნივერსიტეტში ლუდსახარში სისტემის შესწავლასა და გამოხდაზე იყო ორიენტირებული.

ბიზნესის დაწყება

საკუთარი ლუდის წარმოების იდეა მეგობრებს უფრო მოგვიანებით, 2006 წელს გაუჩნდათ, როდესაც ერთ საღამოს ავტოფარეხში თავიანთ ძაღლთან ერთად ისხდნენ და ნაყიდ ლუდს შეექცეოდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მაღაზიაში შეძენილი არცერთი ლუდი არ აკმაყოფილებდა მათ გემოვნებას და ყოველ ჯერზე იმედი უცრუვდებოდათ. რა იყო ამ დროს გამოსავალი? საკუთარი კრაფტლუდის შექმნა!

უოტმა და დიკიმ გააერთიანეს თავიანთი დანაზოგი და დამატებით სესხიც აიღეს, რათა საწარმო გაეხსნათ. ისინი სულ რაღაც 24 წლისანი იყვნენ, როცა 2007 წელს BrewDog დააარსეს და ამით, უბრალოდ, კიდევ ერთი ლუდის ბრენდი კი არ შეიქმნა, არამედ ახალი, შთამაგონებელი წარმატების ისტორიაც დაიწერა.

მოკრძალებული სტარტი

ინსპირაცია ვახსენეთ და გეტყვით, რატომ. საწყისი ბრენდს საკმაოდ მოკრძალებული ჰქონდა. ლუდსახარში გაიხსნა ფრეზერბურგში, სადაც თანადამფუძნებლებმა მცირე იჯარით აიღეს ადგილი. მათი პირველი აღჭურვილობა რძის მეორადი ჭურჭელი და სხვა მასალა იყო, ლუდს საკუთარი ხელით ასხამდნენ, გაყიდვების იდეალური მაჩვენებელი კი დღის განმავლობაში ორ ყუთს შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა.

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ისინი გაჩერებას არ აპირებდნენ, იკვლევდნენ, სწავლობდნენ და შედეგზეც გავიდნენ.

მარკეტინგი, რომელმაც პროდუქტი გადაარჩინა

ვინ იცის, როგორ წავიდოდა BrewDog-ის საქმე, უოტი და დიკი საკმაოდ გაბედული მებრძოლები რომ არ ყოფილიყვნენ. მათი მარკეტინგული სტრატეგია სრულიად განსხვავდებოდა ყველასგან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქუჩებში ტანკით გამოჩენა, როდესაც ინგლისში, კერძოდ, კამდენში პირველი ბარი გახსნეს. როგორც აიხსნა, ეს მათ კამდენის ოკუპაციის სიმბოლოდ გააკეთეს და ხალხს ამით ამცნეს, რომ ახალი ლუდი ყველას დაიპყრობდა.

თუმცა ეს არ იყო ერთადერთი „გიჟური” გამოსვლა. მას შემდეგ, რაც ამ ტაქტიკამ გაამართლა და საზოგადოების ყურადღება მართლაც მიიპყრო, უოტი და დიკი კვლავ არაერთხელ გამოჩნდნენ ნაირნაირი კამპანიით. 

გარდა ამისა, თვალშისაცემი იყო მათი ბრენდინგიც, რომელიც განსხვავდებოდა ლუდის სხვა კომპანიებისგან. პასტელური, მხიარული  ფერები ადვილად ექცეოდა მომხმარებლის ყურადღების ცენტრში და BrewDog ახალგაზრდულ, punk-ურ ბრენდად ჩამოყალიბდა.

ახალი გემო

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ლუდსახარში ცნობილი გახდა ახალ-ახალი გემოს შეთავაზებითაც. ის მუდმივად ნერგავდა ახალ გემოსა და სტილს. Elvis Juice, Hazy Jane, გრეიპფრუტით გაჟღენთილი IPA და სხვები ამის ნათელი მაგალითია. ამ დივერსიფიკაციამ ხელი შეუწყო BrewDog-ის ხელნაკეთ ლუდს სხვადასხვა სეგმენტი ჩაეგდო ხელში.

კომპანიამ ასევე წამოიწყო უალკოჰოლო ლუდის გამოშვებაც, რითაც უფრო ფართო სამომხმარებლო ბაზაზე გავიდა.

ბრენდის მთავარი იარაღი სწორედ მრავალფეროვნებაა. ის დღემდე ამუშავებს ახალ გემოს და მუშაობს განსხვავებული ბრენდის შემოთავაზებაზე. 2023 წელსაც გამოვიდა Nanodog, ინოვაციური ლუდი BrewDog-ისგან. 

ამასთან, იმავე წელს ბრენდი გახდა ტოპდამსაქმებლის ჯილდოს მფლობელი, რაც მის იმიჯზე კიდევ უფრო დადებითად აისახება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის ნელ-ნელა პანკიდან სერიოზულ ბრენდად ჩამოყალიბდა და დღესდღეობით მისი სეგმენტი მხოლოდ ახალგაზრდა აუდიტორია კი არა, ხელნაკეთი ლუდის ნებისმიერი მომხმარებელია.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ ზემოქმედებს მუსიკა დემენციის მქონე ადამიანებზე? — კვლევა

Instagram-ის ახალი ფუნქციით თქვენი პროფილის ციფრულ ბარათს გააკეთებთ