შონდა რაიმსის სერიალის, „ბრიჯერტონის“ მესამე სეზონი კოლინ ბრიჯერტონისა და პენელოპა ფეთერინგტონის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული. ფანებმა წყვილს საერთო სახელიც შეურჩიეს: პოლინი. Flonase-მა კი, კრეატიულ სააგენტო Creative Artists Agency-სთან თანამშრომლობით, 90-წამიანი ვიდეორგოლი გამოუშვა. ამ უკანასკნელში ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი მთავარ „გმირად“ გვევლინება.
ბრიჯერტონის სტილში გამოწყობილი მსახიობები, სერიალის ესთეტიკით გაჟღენთილი სამყარო და ყვავილების ალერგია… ტრადიციულად, აყვავებულ ბაღებში უახლეს ჭორებს კითხულობენ, მაგრამ მოულოდნელად ეწყებათ ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და თვალების ქავილი. ამ იმედგაცრუებას კი ისიც ემატება, რომ წამლის გამოშვებას ჯერ კიდევ 200 წელი უნდა დაელოდონ…
„გვინდოდა, ხაზგასმით აღგვენიშნა, რომ მართალია, ალერგია ოფიციალურ დიაგნოზს არ წარმოადგენდა იმ პერიოდში, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომაც შევიმუშავეთ ვიდეორგოლი, რომელშიც ვხედავთ, როგორ ითხოვს შველას ალერგიით დაავადებული ადამიანი, თუმცა გამოსავალი ვერ იპოვა… Flonase-ის გამოგონებამდე ჯერ კიდევ 200 წელი იყო დარჩენილი“, — განმარტავს კომპანიის დირექტორი ტიშ ტილი.