in ,

დაბრიფვიდან გამარჯვებამდე! – გაიგეთ, როგორ იქმნებოდა ადგილობრივი Eurobest-ის რჩეული ნამუშევრები

Eurobest 2020-ზე, პირველობისთვის, საქართველოდან ორი რჩეული გუნდი იბრძოლებს. ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსიდან, 55 მონაწილე გუნდს შორის, საუკეთესო შედეგი Kraken-ისა და watergunz-ის ნაკრებებმა აჩვენეს. ლაშა კოტორაშვილმა და ანა მამულაშვილმა 506 ქულით, ანუცა ჟორჟიკაშვილმა და თოიმ – 474 ქულით, Eurobest-ზე საქართველოს სახელით ასპარეზობის უფლება მოიპოვეს და თავიანთ სააგენტოებს საქართველოს შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციის ACAG რეიტინგშიც აუმაღლეს პოზიციები. დავალების მიხედვით, გუნდებს უნდა მოეფიქრებინათ კამპანიის იდეა და შესაბამისი კომუნიკაცია, რომელიც დაარწმუნებდა მომხმარებლებს, შეეძინათ ქართული ბრენდების პროდუქტები: საკვები, სასმელი, ტკბილეული, სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, სუვენირები თუ სხვა ნებისმიერი რამ. ამასთან, კამპანია უნდა ყოფილიყო რეალური დროის, მოცემულობის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების გათვალისწინებით მოფიქრებული. დავალების შესასრულებლად გუნდებს 3 დღე ჰქონდათ. მონაწილე გუნდების ნამუშევრების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. თუმცა, თუკი გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდული Eurobest-ის რჩეული ნამუშევრები, მოგვყევით – გამარჯვებულმა გუნდებმა თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და რჩევებიც არ დაიშურეს:

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ლაშა კოტორაშვილი

ლაშა კოტორაშვილი: სამშაბათს, 16:00-ზე, იყო გაცნობითი შეხვედრა და თან ბრიფიც გამოაგზავნეს. ამ წამიდან, ფიქრის უწყვეტი რეჟიმი ჩაგვერთო. ბევრი იდეა ჩამოვყარეთ თავად ქოლის პროცესში. მერე გადავწყვიტეთ, პაუზა აგვეღო და საღამოს იდეებით შევხვედრილიყავით.

მე გულმა ვერ მომითმინა. სანამ დაოს (ანა მამულაშვილი) საღამოს დავურეკავდი, დავჯექი, დავიწყე ფიქრი. თავიდან, უბრალოდ, იდეებს ვყრიდი. მერე მივხვდი რომ სტრატეგია მჭირდებოდა და ბრიფს ვცდებოდი, ამიტომ დავწერე:

  1. ბრიფის მოკლე რივიუ, მონახაზი, რათა სულ წინ მქონოდა
  2. გამომდინარე იქიდან, რომ ბრიფი ქართულ ბრენდებს ანუ ქართულ პროდუქციას ეხებოდა, გადავწყვიტე, ამეღო ისე, როგორც ერთი ბრენდი და არა რაღაცების ერთობლიობა – ამიტომ დავწერე ერთგვარი BRAND სტრატეგია, რა ატრიბუტები აქვს, რა თვისებები, რა პოზიციონირება, დაპირება და ა.შ.
  3. შევქმენი user persona – ადამიანი, ვისთვისაც ამ კამპანიას ვაკეთებდი.

შესაბამისად, უკვე მქონდა ყველაფერი, რის მიხედვითაც უნდა მეხელმძღვანელა და ახლა მჭირდებოდა კრეატიული გადაჭრა. დავიწერე პრობლემა, მიზანი და ინსაითი (სტრატეგიიდან გამომდინარე) და მერე BIG IDEA-ს წერისას, უცბად დავწერე ქვეყანა და აშენება, ოღონდ სხვადასხვა წინადადებაში. თავიდან ვერაფერი დავინახე.

BIG IDEA მქონდა, რომ ადამიანებს ისედაც კორონა, პოსტსაარჩევნო არეულობა და ეკონომიკური პრობლემა აწუხებს. ამიტომ თავისუფალი არჩევანი მივცეთ, არ დავაძალოთ არაფერი და გავამხიარულოთ თქო. უბრალოდ, რაღაც მაკლდა. რაღაცა – აი, მარილს რომ ეძახიან და მერე, უცბად, წინადადებაში ეს ორი სიტყვა – ქვეყანა და შენება – დავინახე და მეთქი ყველას ეგ არ აინტერესებს – ქვეყნის შენებას რა უნდა?

იმწამსვე, ამ იდეამ ჩემს გონებაში იმშობიარა და გაიშალა 10 სლაიდზე. ყველაფერს მოვრჩი, საათს დავხედე და სამშაბათი იყო ისევ, 19:00 საათი. მერე კი, საქმეში დაო ჩაერთო.

ანუცა ჟორჟიკაშვილი

ანუცა ჟორჟიკაშვილი & თოი: თავიდან, ერთი შეხედვით სარისკო ვიზუალური გამოხატულება გაჩნდა, თუმცა დავალების განხილვას რომ ჩავყევით მივხვდით, სწორ გზაზე ვიდექით და ბოლომდე გამოვწურეთ ამ იდეის შესაძლებლობები. მუშაობის პროცესში კი, სულ იმაზე ვფიქრობდით, ისეთი იდეა არ მოგვეფიქრებინა, რასაც ვიზუალურად ვერ გამოვხატავდით, რადგან ორივე ქოფირაითერები ვართ და ფოტოშოპთან ჭიდაობაში დროის დაკარგვა არ გვინდოდა. თუმცა, ეგ მაინც მოგვიწია და რაღაც გამოვიდა.

M: კამპანიის კონცეფცია როგორ ჩამოაყალიბეთ?

ლაშა კოტორაშვილი: დაოს ჩვენს გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს – მე მიძლებს და იცის, როგორ მიმმართოს სწორად. სამშაბათს 10 საათისკენ ნახა კამპანია. ჯერ კომპლიმენტები მითხრა და მერე დამცხრილა კრიტიკით. შემდეგ მითხრა, გაასწორე ტექსტი და კამპანია, მე წავალ, ვიფიქრებო. მოვიდა და მანახა საქართველოს რუკის ფორმაში დაწერილი “ქვეყნის შენებას რა უნდა?” და მანდ უკვე მივხვდით, რასაც ვაკეთებდით. კონცეფცია ამ ვიზუალით ჩამოყალიბდა. გაშლა უკვე დროის ამბავი იყო.

ანუცა ჟორჟიკაშვილი & თოი: ასეთ კონკურსებს თავისი მუღამი აქვს. ზუსტად იცი, რომ იდეა, გზავნილი, გაშლა – ყველაფერი განსაკუთრებულად გამორჩეული უნდა იყოს და წელს, ამას მონაწილეების რაოდენობაც დაემატა. მივხვდით, აუცილებლად მკაფიო მიმართულება უნდა აგვეღო.

თოი

ჯერ იყო ვიზუალური იდეა – Expiration Date-ები და მომხმარებლის ინსაითი, რომ აუცილებლად ამოწმებენ ვადას, არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად, მერე ეს ინსაითი მოცემულობას დავუპირისპირეთ – ქართული ბრენდების ყიდვის ჩვევა რომ არ გვაქვს და წითელი და ყვითელი ლენტების იდეაც გამოჩნდა. წითელი ლენტა, რომელიც დახურვის სიმბოლოა და ყვითელი, რომელიც გაფრთხილებას გამოხატავს. ეს ორი პუნქტი ძალიან კარგად დალაგდა. წითელი იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ამ ამბების გამო დაიხურნენ და ყვითელი მათზე, ვინც იმავე საფრთხის წინაშე დგას.

შემდეგ, კიდევ ერთი ჩვევა გაგვახსენდა – ქართველებს კედლებზე ჯღაბნა რომ გვიყვარს (მაგალითად, “აქ იყო … 2019”). ეს ამბავი პანდემიის დროს დაკეტილ ბიზნესებს მივაწერეთ და მათი დახმარებით დახურვის საფრთხის ქვეშ მყოფი კომპანიების მხარდაჭერისკენ მოვუწოდეთ.

M: რა არის მნიშვნელოვანი ასეთ საკონკურსო დავალებაზე მუშაობისას?

ლაშა კოტორაშვილი & ანა მამულაშვილი: ჩვენი აზრით, საკონკურსო დავალებაზე მუშაობისას რამდენიმე რამაა მთავარი:

გჯეროდეს, რომ გაიმარჯვებ – აი, ასე, უბრალოდ, უნდა გჯეროდეს. ვისაც არ უნდა ერკინებოდე. წამითაც არ დაგვიშვია, რომ მეორეზე გავიდოდით (თან ამას ჩვენი წინა წლის მესამე ადგილის მარცხიდან გამოწვეული მოტივაცია ემატებოდა).

ბრიფი სულ წინ უნდა გქონდეს და ამოწმებდე შენს იდეებს. ასევე, სტრატეგია, რომელიც დაგეხმარება მაშინ, სრულ გაურკვევლობაში თუ ჩავარდები.

შენი თავიდან გამოსვლა უნდა შეგეძლოს – ვითომ ჟიური ხარ და აფასებ – რა აკლია? რა დეტალი მოუხდება? როგორ ფერებშია პრეზენტაცია? რომელ სიტყვებს იყენებ და ყველაფერში დეტალებამდე უხეში უნდა იყო საკუთარი თავის მიმართ

ეს პროცესი უნდა გსიამოვნებდეს – მე და დაო ბედნიერები ვმუშობთ ერთად, ღამეს ვათენებთ თუ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გვიყვარს და წამითაც არ ვწუწუნებთ. მეტსაც ვიტყვით – იმას ვაკეთებთ, ვინც რეალურად ვართ. 

თავად ეს პროცესი – რაღაც მომენტში უნდა შეთამაშდე პარტნიორთან. ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ და ამიტომ საქმესაც სწორად ვინაწილებთ.

ასევე, ისიამოვნე ყოველი წამით – როგორი საინტერესოა ეს ყოველივე, როგორი დამღლელი, მაგრამ თან ბედნიერებაა. უზომოდ მოგვწონდა ეს ყველაფერი და ახლაც უზომოდ გვსურს ევროპაზე გასვლა და შემდეგ წელს ისევ აქ დაბრუნება.

აუცილებლად უნდა იცოდე, გუნდში რა უნარები გაქვთ. შენ პარტნიორს ზედმიწევნით უნდა იცნობდე და გისწორდებოდეთ ერთად მუშაობა, უნდა ერგებოდეთ და სწორად ინაწილებდეთ საქმეს.

“ამ მხრივ, ერთმანეთს მე და დაო ისე ვუხდებით, როგორც ყველისა და კარტოფილის ხინკალი და ერბო”

ანა მამულაშვილი

ყველაფერი საათივით აწყობილი გვქონდა. კონცეფცია, გაშლა და მერე დეტალებში შეძრომა დახვეწა. სხვა არაფერზე გვიფიქრია, არ გვიკამათია. ანუ ერთმანეთთან რაიმე ტიპის პოლემიკა არ გვქონია. უბრალოდ, ვხედავდით პრობლემას და ერთად ვფიქრობდით, როგორ გამოგვესწორებინა.

წინა წლის წაგებამ მოგვაგებინა ეს ჯილდო. გვშიოდა, ძალიან გვშიოდა და ვიცოდით, რატომ ვმშიმშილოდით. ვიცოდით, რა სურდათ და როგორ სურდათ. ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა და როდესაც ჩვენი ლუკმა მზად იყო, უკვე ისეთი დამშეულები ვიყავით, რომ უბრალოდ არც კი გვჯეროდა, რომ ვერ მოვიგებდით.

ამიტომ რჩევა ასეთია – წააგე და მერე ამოზარდე შენს თავში მოტივაცია, რომ მუდამ მშიერი იყო. მიუხედავად მოგებისა, იქით წელს უფრო მშივრები ვიქნებით!

ანუცა ჟორჟიკაშვილი & თოი: ოფისში შვიდი საათის მერე მარტო შემორჩენა, მუსიკის მოსმენა და ჩვენ ორ კატასთან ერთად ბოდიალი ძალიან მშვიდ და სამუშაოდ კარგ გარემოს ქმნის. თანამშრომლებს მონატრებული კატები ხანდახან ზედმეტ ყურადღებას ითხოვენ და ხმაურობენ ხოლმე, მაგრამ არაუშავს, მუსიკა და ადამიანი, რომელიც ზოგადად ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს და ბოლომდე გმუხტავს… სამუშაო პროცესს სასიამოვნოს ხდის. აქედან და შედეგიდან გამომდინარე კი ვხვდებით, რომ ასეთ კონკურსში და ზოგადად ამ სფეროში მუშაობისას აუცილებელია სიმშვიდე და შემდეგ თითოეულ იდეას სიჩქარის, ნერვიულობის და დაბლოკვის გარეშე გაყოლა. ხოლო, როდესაც ერთი წამით მაინც გრძნობ, რომ სწორი იდეა გაქვს, ყველაფერი თავისით დალაგდება. მთავარია სიღრმეში ჩაიხედო.

M: Eurobest-ზე საქართველოს სახელით იბრძოლებთ – რას ნიშნავს თქვენთვის ეს შედეგი?

ლაშა კოტორაშვილი & ანა მამულაშვილი: ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, ყველა კონკურსანტის წინაშე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობაა – თუ გავიმარჯვეთ, ახლა მათთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეორე – მთლიან კრეატიულ ინდუსტრიას წარმოვადგენთ და ჩვენ გვჯერა, რომ ტოლს ქართული სარეკლამო ინდუსტრია არავის დაუდებს. მესამე ეს ისევ პირველი გამოცდილებაა ჩვენთვის და მზად ვართ მაქსიმუმი მივიღოთ. ყველა მთავარი – საქართველოს სახელით ბრძოლა – ამას კოტორის ცრემლები უკეთ ახსნიან.

ანუცა ჟორჟიკაშვილი & თოი:ევრობესთზე” საქართველოს სახელით გასვლა არის უდიდესი მუხტი და მოტივაცია იმისთვის, რომ სულ ნეგატივით გაჯერებულ ამბებში ჩვენი წილი პოზიტივი შემოვიტანოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ალდაგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია

საქართველოში Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი „ცელსიუსი“ იქნება