გასაკვირი არ არის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში ბევრი კრეატიული სააგენტო მიმართავს თავის ყურადღებას ამ მიმართულებით. მათ შორისაა BBDO, რომელიც ბრიფების დაწერას გენერაციულ AI მოდელებს მიანდობს. რა თქმა უნდა, პროგრესის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ამგვარი ნაბიჯის ფონზე ბევრი კრიტიკული აზრი ჩნდება — თუნდაც იმიტომ, რომ შემოქმედი ადამიანების ძირეულ უნარებს მანქანური სისტემები მიითვისებს.
მაშინ, როცა ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ კონკრეტული სფეროს საფუძვლიანად შესწავლას, AI მოდელი უბრალოდ შესაბამისი ინფორმაციით ივსება. ადამიანები ზოგჯერ ვმარცხდებით, შეცდომებს ვუშვებთ და განვიცდით… სისტემაც ბევრ რამეს აკეთებს ხარვეზით, მაგრამ ემოციური აღქმებისგან თავისუფალია — შესაბამისად, მისთვის გაცილებით მარტივია ყველაფრის პროგრამულად გამოსწორება და საქმიანობის ისე გაგრძელება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. და თუ სულ მანქანური მოდელები გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რა უნდა ვქნათ?
თუმცა არის მომენტები, როცა დედლაინამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ბრიფი კი მხოლოდ შავი მონახაზის ეტაპამდეა მიყვანილი. ასეთ შემთხვევაში BriefGPT ეფექტურად უმკლავდება დავალებას. „ორი აზრი არ არსებობს, AI მოდელებს დიდი როლის შესრულება შეუძლია სტრატეგიის შემუშავებაში, როცა საქმე სტანდარტულ შაბლონებს ეხება. ამ დროის დაზოგვით კი სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება შემიძლია. ბრენდისა და ბიზნესის გაგება, კონკურენტების თუ ბაზრის კონტექსტის აღიარება და აუდიტორიის ხედვის სრული გათვალისწინება პროცესის მნიშვნელოვანი, მაგრამ შრომატევადი ნაწილია და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც AI არ უნდა დავიხმაროთ“, — ამბობს ბენ ვორდენი, Wunderman Thompson UK-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი.
უბრალოდ, ამ დადებითი შესაძლებლობის ფონზე, ვორდენს ერთი რამ აშინებს: კრეატიული სფეროს წარმომადგენლებმა AI-სგან არ მიიღონ შთაგონება. პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით შაბლონების არაეფექტურობაზე საუბრობს — გასათვალისწინებელია, რომ წარსული წარმატება მომავლის წარმატების გარანტი არ არის. დავუშვათ, გენერაციულ AI-ს ეფექტური ბრიფის შექმნა რომ სთხოვოთ, ის წინამორბედი მაგალითებით იხელმძღვანელებს და შესაძლოა, მიღებული ვარიანტი კონკრეტულ ამოცანას არ შეესაბამებოდეს; ანდაც უკვე მოძველებული იყოს. რეალურად, ძველის გამეორება არასდროსაა ძლიერი შემოქმედების საწყისი.
გარდა ამისა, ადამიანის ცნობისმოყვარეობის მიბაძვა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ გენერაციულ AI-ს დიდი რაოდენობის მონაცემების ზუსტად დამუშავება შეუძლია, ადამიანის ინტელექტი აუცილებელია შემოქმედებითი იდეების მოსაფიქრებლად. ჩვენი უნარი ქაოსურ მონაცემებში ფარული ჭეშმარიტების აღმოჩენას უკავშირდება, რათა რაღაც სრულიად ახალს მივაგნოთ. სწორედ ამის ნაწილია ლოგიკისა და მაგიური აზრების სინთეზის შესაძლებლობა.
მესამე: დიდი დამგეგმავები ყოველთვის პოულობენ გზას, გააერთიანონ ლოგიკა და მსჯელობა რაიმე სახის მაგიურ აზრთან ან იდეასთან, რომელიც არავის უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული AI ძალიან კარგია ლოგიკურ ანალიზში, ის ცდილობს მიჰბაძოს არაწრფივ ან ნაკლებად აშკარა აზროვნებას. ამ წესის ერთადერთი გამონაკლისი კი მაშინ ჩნდება, როდესაც მოდელი თვითნებურად ამატებს თავის ინტერპრეტაციებს — მაგალითად, ხელზე 6 თითი 5-ის ნაცვლად.
მთლიანობაში, დიდი სტრატეგია აგებულია წვრილმან დეტალებზე და სიუჟეტურ გადახვევებზე, რომლებიც ადამიანის ინტელექტის შედეგია და არა — ალგორითმების ან დიდი ენობრივი მოდელების. „როგორც ერთხელ რობინ უილიამსმა თქვა, ჩვენ მხოლოდ სიგიჟის მცირე ნაპერწკალი გვეძლევა… ჩემთვის სწორედ ეს ნაპერწკლებია შემოქმედების სასიცოცხლო წყარო“, — აღნიშნავს ბენ ვორდენი.