დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზის პანელებიან სასტუმროზე, Brim Tbilisi-ზე გიამბეთ. ახლა კი მის რესტორანზე, ბრიმზე უნდა გიამბოთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კეტომეგობრული რესტორნის სტატუსი მოიპოვა. ეს ამბავი “კეტო პლატფორმას” – ketomania.ge-ს უკავშირდება, რომელიც მომხმარებელს კეტო დიეტის შესახებ ინფორმაციასა და კეტო საკვებს სთავაზობს. კეტო კერძებმა ცოტა ხნის წინ ბრიმის მენიუში გადმოინაცვლა და დღეს უკვე ამ დიეტის მიმდევრებს, ან მათ, ვისაც ჯანსაღად კვება სურთ, შეუძლიათ, აღნიშნული კერძები სასიამოვნო ხედის ფონზე დააგემოვნონ. კეტომანიასა და რესტორან ბრიმზე დაწვრილებით ketomania.ge-ს დამფუძნებელს, ილო ღლონტს გავესაუბრეთ:

M: როდის და საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ კეტომანია?
კეტო დიეტით 5 თვის განმავლობაში დავიკელი 40 კგ, რასაც ჩემი ახლობლებიდან/სანაცნობოდან ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა. ყველანი მეკითხებოდნენ, როგორ მივედი ამ შედეგამდე და მეც დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარება, თარგმნა. ვეხმარებოდი ჩემს ჭარბწონიან მეგობრებს, რამაც საბოლოოდ კეტო დიეტის ჯგუფის შექმნამდე მიმიყვანა. ასევე შევქმენი საიტიც, სადაც ვდებდი ნათარგმნ მასალას ამ დიეტის ირგვლივ. მოხდა ისე, რომ ჯგუფის წევრთა რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა – დღეს უკვე 33 000 ვართ. ამ პროცესში გაირკვა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას გულისხმობს რეალურად სწორი და ჯანსაღი კვება.
დავინახეთ, რომ ამ დიეტის შესახებ ბაზარზე არც ცოდნა არსებობდა და არც პროდუქცია. არადა, ჩვენს ჯგუფში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ამ დიეტით დაინტერესებული: იქნებოდა ეს წონის დაკლების სურვილის მქონე ადამიანი, დიაბეტის მქონე ადამიანი, რომელმაც ამ დაავადების გამო კარგად იცის კეტო დიეტა რაც არის და ასევე, უბრალოდ ჯანსაღი კვება ვისაც სურს, ის ადამიანები. გადავწყვიტეთ, რომ ეს მდგომარეობა შეგვეცვალა და მათთვის ინფორმაციაც და პროდუქტიც ხელმისწავდომი გაგვეხადა – სწორედ ასე შეიქმნა ketomania.ge.

M: გარდა ონლაინ პლატფორმისა, სად არის ხელმისაწვდომი კეტო პროდუქტი/საკვები?
ჩვენი პარტნიორის, ლანა გოცირიძის დახმარებით შევძელით, ჩვენი პროდუქცია რესტორან ბრიმში შეგვეტანა, რომელიც მდებარეობს აბდუშელიშვილის 12-14 ნომერში და საიდანაც გარდა გემრიელი კეტო კერძებისა, თბილისის მშვენიერი ხედით დატკბობაც არის შესაძლებელი. სწორედ ასე გახდა ბრიმი პირველი კეტომეგობრული რესტორანი საქართველოში.

ჩვენი პროდუქციის ყიდვა ასევეა შესაძლებელი საცხობ “ბრედბარსა” და მაღაზიათა ქსელ “ევროპროდუქტში”.
M: და მაინც, ძალიან მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რას მოიცავს კეტო დიეტა?
კეტო დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების და ნახშირწყლების შემცველი პროდუქციის შემცირებას, იქნება ეს ცომეული, ტკბილეული. ეს შეზღუდვა კი ემსახურება ორგანიზმში ინსულინის დოზის დარეგულირებას. საბოლოო ჯამში ნახშირწყლების მიღება მცირდება 5%-მდე, კეტო დიეტის რაციონის 65%-ს კი ნატურალური ცხიმები შეადგენს, როგორიცაა კარაქი, არაჟანი, ნაღები, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი.. რაციონის დარჩენილი 25-30% კი უჭირავს ნატურალურ ცილას.

M: რა მომსახურებებს აწვდის კეტომანია მომხმარებლებს?
კეტომანია სამი მიმართულებით მუშაობს: 1. უშაქრო და ხორბლის ფქვილის გარეშე დამზადებულ პურსა და ტკბილეულს (ეს მიმართულება ჩვენს შეფ-კონდიტერს, სოფო შუბითიძეს აქვს ჩაბარებული) 2. ყოველკვირეულ ან ყოველთვიურ რაციონებს წონის კლებისთვის (კეტო დიეტა) ან შენარჩუნებისთვის (ბალანსირებული კვება) და 3. ექიმის კონსულტაციას (კეტო მენტორი), რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, გაარკვიოს შეიძლება მისთვის ეს დიეტა თუ არა და მიიღოს გაწერილი რაციონი მეილზე. გვყავს რამდენიმე ექიმი, რომელთაც გიორგი ლომინაძე ხელმძღვანელობს და სწორედ მათთან არის შესაძლებელი კონსულტაციის გავლა. ამ მიმართულებით იმიტომ ვმუშაობთ, რომ კეტო დიეტა ყველასთვის პანაცეა არ არის და ადამიანებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ, სჭირდებათ თუ არა მათ ეს დიეტა. მაგალითად, რამდენიმე კილოს დასაკლებად კეტო დიეტა არ გამოდგება, ასე რომ, ყველა შემთხვევაში ეფექტური და სწორი ამ დიეტის დაცვა არ არის და ამაზე არც გვაქვს პრეტენზია.

M: როგორია მოთხოვნა დღესდღეობით კეტო პროდუქტებზე/საკვებზე?
დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ექიმი ნიშნავს დაბალკალორიულ დიეტას, კეტო დიეტას კი აკრიტიკებს, მაშინ, როცა დაბალკალორიული დიეტის შემდეგ დაკლებული წონის მომატება ძალიან მარტივია. კეტო დიეტა მაღალკალორიული დიეტაა, ამიტომაც დაკლებული კილოგრამების მომატება დიეტის შემდეგ მარტივად არ ხდება. თუმცა, ამ დიეტის რაციონი საკმაოდ ძვირია – ჩვენ არ მოვიხმართ მზესუმზირის ზეთს, შაქარს, ჩვენ ნატურალურ პროდუქტებს ვხმარობთ და ამიტომაც თითოეული კეტო პროდუქტი 5-ჯერ და 6-ჯერ ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროდუქტი.

თუმცა, კეტო დიეტის მიმდევართა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ჩვენი კლიენტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ნელ-ნელა სულ უფრო მეტად ერკვევიან ჯანსაღ, სწორ კვებაში და ამ დიეტის სპეციფიკაში. ჩვენი ჯგუფის პოპულარობა იმიტომაც გაიზარდა, რომ დავუპირისპირდით დოგმატურ მიდგომებს. ძალიან პოპულარულია დღეს “ვარჯიში და სწორი კვება”, თუმცა სწორი კვება როგორ გვესმის, ესაა მთავარი. სწორი კვება ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება – ვინც გამხდარია იმისთვის სწორი კვება სხვანაირია, ვისაც დიდი წონა აქვს – იმისთვის სხვა. შესაბამისად, რაც მეტად დამკვიდრდება ეს ინფორმაცია საზოგადოებაში, უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი სეგმენტიც – ეს მოლოდინი გვაქვს.

M: როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ უკვე გვსურს ჩვენი სივრცის გახსნა, თუმცა ამას გაზაფხულისკენ ვგეგმავთ, როცა უკვე დავინახავთ, რომ ჩვენი ნიშა ნამდვილად არსებობს. მანამდე კი ჩვენი ონლაინ პლატფორმითა და ზემოხსენებული სივრცეების მეშვეობით განვაგრძობთ საქმიანობას.
[R]











