5
Jun
2019

Brim Tbilisi – ახალი სასტუმრო მზის პანელებით

5 Jun 2019

თბილისი, ყოველთვის იწვევს ინტერესს თავისი ძველი უბნებითა და საინტერესო ამბებით, ისტორიით, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ განუმეორებელი.. ამ ადგილების ათვისებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს და მათ შორის არიან ტურისტებიც – თბილისს ხშირად სწორედ ამ უბნებთან აკავშირებენ.

ავლაბარი ამ ადგილთა სიაში ერთ-ერთი პირველია. მის პოპულარობას ვიზიტორთა უხვი ნაკადი გვიმტკიცებს. ამ ტერიტორიას, კერძოდ კი, აბდუშელიშვილის 12-14 ნომრებს სულ ახლახან მოწითალო, თანამედროვე დიზაინის მქონე შენობა შეემატა, სახელწოდებით – Brim Tbilisi. სასტუმროს სახელი (Brim) რაიმეს ზედა ნაწილს ნიშნავს და, ლოგიკურია, რომ იგი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა. 

როგორც ჩანს, Brim Tbilisi-ს დამაარსებელთა მისიას ქართული ბიზნესის განვითარებასთან ერთად გარემოს დაცვაზე ზრუნვაც წარმოადგენს, რადგანაც სასტუმროს ვიზუალურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მზის პანელებს, რომლებითაც სასტუმროს ზედა ნაწილია გადახურული. შესაბამისად, სასტუმრო ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას – მზის ენერგიას იყენებს. სწორედ ამიტომ შეიძლება, რომ სასტუმროს ინოვაციური ეწოდოს.

 

სასტუმროსთვის ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ურბანული დიზაინი, კლასიკური ელემენტებითა და მოდერნისთვის დამახასიათებელი ფორმები. „Brim Tbilisi-ს” დიზაინერი კობა ფირცხალაიშვილია. აღსანიშნავია, რომ შენობა და მისი ფორმები ხელით არის მოხატული და უშუალობის შეგრძნებას ტოვებს. შენობის ინტერიერსა და ექსტერიერში კი გამოყენებულია ქართული ზღაპრის „წიქარას“ მოტივები. ასევე საინტერესოა, კედელზე ფერების სახით გადმოტანილი აბსტრაქტული ფორმები, რომელთა აღქმის თავისუფლება დიზაინერმა მნახველს დაუტოვა. 

საინტერესოა ისიც, რომ სასტუმროს ჩანაფიქრის მთავარი ფორმა ბროწეულია. ყველაფერი ეს კი ბროწეულის კულტურასთანაა დაკავშირებული, რომლის ისტორია ორ ათასწლეულზე მეტს ითვლის. ბროწეული ასევეა ცხოვრებისა და თავიდან დაბადების სიმბოლო. ამ კონტექსტით ის კიდევ უფრო კარგად ერწყმის დიზაინერის ჩანაფიქრს. 

სასტუმრო ბუტიკური სტილისაა და მოიცავს 52 ნომერს. ოთახები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. მათ შორისაა ნომრები აივნით და აივნის გარეშე, ტერასით, ხედით.. სასტუმროს ძირითადი სეგმენტი უცხოელი ტურისტია, თუმცა, სიამოვნებით გაუმასპინძლდებიან ადგილობრივ სტუმრებსაც. სასტუმროს შემქმნელები ცდილობენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი დანერგონ.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია „Lobby Restaurant“, სადაც დღის საათებში საუზმით, ხოლო დღის მეორე ნახევარში ქართული და ევროპული კერძებით უმასპინძლდება Brim Tbilisi სტუმრებს. 

რაც შეეხება Brim Restaurant-ს, იგი შენობის ბოლო სართულზეა, თბილისის პანორამული ხედით. ისევე, როგორც „Lobby Restaurant“-ში, აქაც, სტუმარს შეუძლია ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება, რომელსაც მზარეულები მათ თვალწინ გაამზადებენ. რესტორანი ძირითადად გათვლილია ლოკალურ სეგმენტზე და შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაც. 

რესტორნის სივრცე იძლევა საშუალებას, რომ მოეწყოს მცირე საკონფერენციო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ბიზნეს შეხვედრების, მოხსენებების, კონფერენციებისა და მცირე პრეზენტაციების ჩატარება. 

სანამ სასტუმროს ეწვევით და თქვენი თვალით ნახავთ, მანამდე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს:

[R]

განხილვა