in

როგორ შეგვიძლია ღირებულების შექმნა თანამედროვე ბიზნეს გარემოში?

დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში „ღირებულების შექმნა“ უბრალოდ მოდური ფრაზა ვეღარ იარსებებს. როდესაც ამბობენ, რომ პიროვნებამ, გუნდმა ან კომპანიამ ღირებულება შექმნა, რეალურად გულისხმობენ, რომ მათ შეძლეს მოლოდინებისა და სტანდარტული მოთხოვნების გადაჭარბება. ეს არის ის, რაც წარმატებულ ორგანიზაციებს ასხვავებს ჩვეულებრივისგან.

რატომ არ არის საკმარისი აზროვნების ჩვეული სტილი?

ნამდვილი ღირებულების შექმნა არ არის მხოლოდ პრობლემების გადაჭრა – ეს არის სწორი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ისეთი გზებით, რომელთაც არავინ ელოდება. ასეთი მიდგომა კი მოითხოვს განსაკუთრებულ აზროვნების უნარებს, რომლებიც სცდება ჩვენს ყოველდღიურ, ავტომატურ აზროვნებას.

თანამედროვე ბიზნეს ლიდერობაში ოთხი ტიპის აზროვნებაა გადამწყვეტი: ექსპერტული, კრიტიკული, სტრატეგიული და სისტემური. ეს უნარები მუდმივად ფიგურირებს ლიდერებისთვის აუცილებელი კომპეტენციების საკვანძო სიებში, თუმცა ბევრი მენეჯერი და ხელმძღვანელი ხშირად ვერ აცნობიერებს ამ აზროვნების ტიპებს შორის არსებულ განსხვავებებს, ან არ იცის როდის უნდა გამოიყენოს თითოეული მათგანი.

აზროვნების ამ უნარების განვითარება სპეციალურ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ისინი, უმეტესწილად, არ ვითარდება ბუნებრივად.

ექსპერტული აზროვნება: პროფესიონალიზმის საფუძველი

ექსპერტული აზროვნება ეფუძნება კონკრეტულ სფეროში ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას. ეს არის კომპეტენცია, რომელიც ყალიბდება წლების განმავლობაში პრაქტიკის, სწავლისა და გამოცდილების დაგროვებით. ჩვენ ვიყენებთ ექსპერტულ აზროვნებას ყოველდღიურად ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში, ხშირად ისე, რომ ამის გაცნობიერებაც კი არ გვიწევს.

რითი გამოირჩევა ასეთი მოაზროვნე? ის სწრაფად სცნობს პატერნს, იყენებს დახვეწილ მენტალურ „შორთქათებს“ და ეყრდნობა საფუძვლიან ცოდნას, რაც მას საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებები მიიღოს ისეთი სიჩქარით და სიზუსტით, რაც ახალბედებისთვის მიუწვდომელია. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი, ექსპერტობა გადამწყვეტია – ექსპერტი მაშინვე ამოიცნობს ფაქტს ფიქციისგან, მაშინ როცა არაექსპერტი შეიძლება ადვილად შეცდეს და ხელოვნური ინტელექტის გამოგონილი ინფორმაცია ჭეშმარიტად მიიჩნიოს.

თუმცა ერთ სფეროში ექსპერტობა არ ნიშნავს სხვა სფეროშიც ექსპერტად ყოფნას. სწორედ აქ იჩენს თავს ექსპერტული აზროვნების შეზღუდვები.

კრიტიკული აზროვნება: ეჭვის ხელოვნება

კრიტიკული აზროვნება მოითხოვს ექსპერტული, ავტომატური მსჯელობის დროებით შეჩერებას. ეს გულისხმობს პაუზის აღებას, დაფიქრებას და იმ საფუძვლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომლებზეც ჩვენი ექსპერტული დასკვნები დგას.

კრიტიკული მოაზროვნე აფასებს ინფორმაციის ხარისხს: არის ის აქტუალური? ზუსტი? ყოვლისმომცველი, რაიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ხომ არ გამოგვრჩა? ამისთვის საჭიროა აქტიურად მოვიძიოთ და გავითვალისწინოთ სხვადასხვა პერსპექტივა, იდეალურ შემთხვევაში, მაქსიმალურად განსხვავებული ჩვენი საკუთარი ხედვისგან. კრიტიკული აზროვნება პირველ რიგში ეხება კითხვას „რატომ?“ და არ ჯერდება მზა, თუნდაც დიდი ხნის დამკვიდრებულ „ჭეშმარიტებებს“.

კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნიკა გულისხმობს იმის გადამოწმებას, სწორ კითხვაზე ვპასუხობთ თუ არა. ეს ტექნიკა, რომელსაც „რეფრეიმინგი“ (ხელახალ ჩარჩოებში მოქცევა) ეწოდება, განსაკუთრებით სასარგებლოა ინოვაციური გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

სტრატეგიული აზროვნება: მომავლის ხედვის ხელოვნება

სტრატეგიული აზროვნება გულისხმობს გრძელვადიანი, მაღალი დონის პერსპექტივის მიღებას. ეს ნიშნავს უშუალო სიტუაციის მიღმა ხედვასა და ცოდნისა და ქმედების არსებული ჩარჩოების გადალახვას.

ხალხი ხშირად ურევს სტრატეგიულ აზროვნებას ანალიტიკურ, სისტემატურ ან შესრულებაზე ორიენტირებულ აზროვნებასთან. რეალურად, სტრატეგიული აზროვნების განმასხვავებელი თვისებაა წარმოსახვის გამოყენება – მზაობა, დასვათ კითხვები „რა შეიძლება იყოს?“ ან „რა მოხდება, თუ..?“.

სტრატეგიული აზროვნების პროცესში, აზრის პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლიათ დაგეხმაროთ შესაძლებლობების კვლევაში. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კითხვები:

* ჩაატარე SWOT (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზი X პროექტში ინვესტიციის თემაზე
* როგორია ამჟამინდელი ტენდენციები ჩემს ინდუსტრიაში?
* წარმოადგინე მონაცემთა ვიზუალიზაცია, რომელიც აჩვენებს X-ის ზრდის პროგნოზს მომავალ წლებში

სტრატეგიული აზროვნება ორგანიზაციული ინოვაციის შესაძლებლობას იძლევა. სწორი კითხვების დასმა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გასცდნენ სტატუს-კვოს და პროაქტიურად ჩამოაყალიბონ თავიანთი გარემო.

სისტემური აზროვნება: მთლიანობის დანახვის ხელოვნება

სისტემური აზროვნება არის საგნების ურთიერთკავშირის დანახვის უნარი. ეს გულისხმობს იმის გაგებას, თუ როგორ ურთიერთქმედებს სისტემის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან და როგორ შეიძლება ერთ ნაწილში ცვლილებამ გავლენა მოახდინოს სხვა კომპონენტებზე.

სისტემური აზროვნება მოითხოვს ურთიერთდამოკიდებულებების გააზრებასა და სისტემის ყველა ელემენტის ერთდროულად, ჰოლისტიკურად დანახვის უნარს – რაც საკმაოდ რთული ამოცანაა ადამიანის ტვინისთვის.

ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის და როგორ გამოვიყენოთ აზროვნების ეს ოთხი ტიპი. აი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

ექსპერტული აზროვნება იდეალურია ყოველდღიური პრობლემებისთვის, რომლებიც კარგად ჯდება თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სფეროში. გამოიყენეთ ის სტანდარტული სიტუაციებისთვის, როდესაც დრო შეზღუდულია და წარსული გამოცდილებიდან არსებობს მკაფიო გადაწყვეტა.

კრიტიკული აზროვნებას მიმართეთ, როდესაც სტანდარტული მიდგომები არ მუშაობს, ან როდესაც პრობლემები განმეორებით ჩნდება. ეს არის დრო, როდესაც უნდა გამოიკვლიოთ საფუძვლად არსებული დაშვებები და გადააზრებინოთ გუნდს, სწორ პრობლემას ვწყვეტთ თუ არა.

სტრატეგიული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენი ორგანიზაციის მომავალზე.

სისტემური აზროვნება გამოიყენეთ, როდესაც აწყდებით რთულ პრობლემებს მრავალი ურთიერთდაკავშირებული ნაწილით. ეს იდეალურია ორგანიზაციული ცვლილებების, კულტურის განვითარების ან მრავალფუნქციური პროცესების გაუმჯობესების დროს.

თანამედროვე ბიზნესში ღირებულების შექმნა სცილდება მხოლოდ პრობლემების გადაჭრას – ეს არის სწორი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა ინოვაციური გზებით, რომლებიც აღემატება მოლოდინებს.

აზროვნების ეს ოთხი ტიპი – ექსპერტული, კრიტიკული, სტრატეგიული და სისტემური — წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტებს თანამედროვე ლიდერის არსენალში. ორგანიზაციებმა, რომლებიც ცნობიერად ანვითარებენ და იყენებენ აზროვნების ამ ოთხივე ტიპს, შეუძლიათ შექმნან უფრო მეტი ღირებულება თავიანთი კლიენტებისთვის, ინოვაციურად მოაგვარონ რთული პრობლემები და მოიპოვონ მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა.

წყარო: HBR



„შენი სახლი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო!“ — IKEA-ს კამპანია

„მსმენელი ვარ თუ მუსიკოსი, ორივე როლში მედიტაციურ მდგომარეობაში ვარ” – INFEST