გაოცება და გაურკვევლობა ის პირველი ემოციებია, რომელიც უჩვეულო სოციალურმა კამპანიამ, მანქანის ტარების შესწავლის მსურველ ახალგაზრდებში გამოიწვია. პირველი გაკვეთილი ყოველთვის ამაღელვებელია ხოლმე, შესაბამისად, მომავალი მძღოლებიც მაქსიმალური შემართებით არიან. თუმცა, პორტუგალიური სატრანსპორტო კომპანია Brisa–ს მიერ ჩატარებული გაკვეთილები ყველასგან განსხვავებული აღმოჩნდა. ახალგაზრდებს გამოცდილი მკაცრი მასწავლებლების ნაცვლად, ავტოსაგზაოშემთხვევების შედეგად დაზარალებული ადამიანები მოევლინენ.
ბრუნო, ჟოანი და სარა სწორედ ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მომავალ მძღოლებს მანქანის მართვაზე გაცილებით მეტი უამბეს, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა პროფესიონალი შეძლებდა.
როგორც ისინი ყვებიან, მათმა უყურადღებობამ, სითამამემ და უპასუხისმგებლობამ შედეგად ახლანდელი მდგომარეობა გამოიწვია.
მანქანის მართვა ის საკითხია, სადაც საკუთარ შეცდომებზე სწავლას არ უნდა ელოდო, რადგან ერთმა მცირე შეცდომამ შეიძლება ძალიან რთულ შედეგამდე მიგიყვანოს. Brisa–ს კამპანია ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. რეალურად, რთულია შეხედო ამ ადამიანებს, მოისმინო მათი პირადი გამოცდილება და არ გაითავისო ეს გაკვეთილი.