10
Jan
2020

უძილობა არის ის, რაც „ტვინს გიჭამთ“ – სამეცნიერო კვლევის შედეგი

10 Jan 2020

Alta
Alta


გლიური უჯრედები ჩვენს ტვინზე ზრუნვას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებენ. ეს არის ის, რაც პირველი რეაგირებს თავის ტრავმებზე და შეუძლია დაზიანებების აღმოფხვრა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ტვინი ფორმირების ეტაპზეა და ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ვიმყოფებით. ეს უჯრედები ახერხებენ ჩვენი ტვინის ნეირონული ნაგვისგან გასუფთავებასაც და ასე გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, მათ შესახებ ახალი ცოდნა შევიძინეთ. აღმოჩნდა, რომ ძილნაკლულ თაგვებში, გლიური უჯრედები იწყებენ ტვინის ჯანმრთელი უჯრედებით კვებას… სანამ უშუალოდ, კვლევის შედეგზე გადავალთ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ მეთოდოლოგია, ან უფრო დეტალები, რომლებმაც მეცნიერები მნიშვნელოვან დასკვნამდე მიიყვანა.

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში გლიური უჯრედების ორი ტიპი შეისწავლეს – ასტროციტები და მიკროგლიური უჯრედები. პირველი ნეირონული სინაფსისთვის ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს – ასუფთავებს ნეირონული კონტაქტის ადგილს. უფრო კონკრეტულად, ასტროციტი, ანუ ვარსკვლავის ფორმის დიფერენცირებული გლიური უჯრედი, ნერვულ ქსოვილში ასრულებს საყრდენ და დამცველ ფუნქციებს, არეგულირებს ნეირონების ექსტერნალურ ქიმიურ გარემოს, უზრუნველყოფს კალიუმის არასაჭირო იონების მოცილებას. ხოლო მიკროგლიური უჯრედები ფორმაცვალებადები არიან და მრავლდებიან მაშინ, როდესაც ტვინი ზიანდება. ჯანმრთელ ტვინში მიკროგლიები განსაზღვრავს იმუნიტეტის საპასუხო ქმედებას ტვინის დაზიანებაზე და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ანთებით პროცესში, რომელიც დაზიანებას სდევს ხოლმე თან. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი აშლილობა და დაავადება სწორედ მიკროგლიის უკმარისობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადებები და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი.

კვლევის ფარგლებში, თაგვები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს ძილის თავისუფლება ჰქონდა, ანუ შეეძლო დაეძინა იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც მოესურვებოდა, მეორე ჯგუფს აიძულებდნენ სიფხიზლეს 8 საათის განმავლობაში მანამ, სანამ ძილის ნებას დართავდნენ. მესამე ჯგუფი კი 5 დღის განმავლობაში, არასტაბილური ძილის პირობებში ყავდათ, იმისათვის, რომ ძილის ქრონიკული პრობლემის იმიტაცია შეექმნათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გლიური უჯრედების ორივე სახე, ძილის პრობლემებისას, დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს თაგვების ტვინის უჯრედებზე.

  • ახალდაბადებულები (0-3 თვე): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 14-17 საათით (აქამდე იყო 12-18);
  • ჩვილები (4-11 თვე): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 12-15 საათით (აქამდე იყო 14-15);
  • ბავშვები (1-2 წელი): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 11-14 საათით (აქამდე იყო 12-14);
  • წინასასკოლო ასაკი (3-5): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 10-13 სათით (აქამდე იყო 11-13);
  • სასკოლო ასაკი (6-13): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 9-11 საათით (აქამდე იყო 10-11);
  • ტინეიჯერები (14-17): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 8-10 საათით (აქამდ იყო 8.5-9.5);
  • მოზრდილები (18-25): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-9 საათით (აქამდე ეს ასაკობრივი კატეგორია გამოყოფილი არ იყო);
  • ზრდასრულები (26-64): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-9 საათით;
  • ხანშიშესულები (65+): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-8 საათით.

განხილვა