„ბროდვეი” – ეს სახელწოდება უმაღლესი დონის, მსოფლიოში ცნობილ თეატრთან ასოცირდება, რომელსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ბროდვეის თეატრები განთავსებულია ნიუ-იორკში (სულ 41 თეატრი) და ლონდონის უესტ-ენდში, სადაც, ასევე, 41 თეატრია. მათი სპექტაკლები ინგლისურენოვან სამყაროში კომერციული თეატრის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევა. ბროდვეისთან საერთაშორისო ორგანიზაციები თანამშრომლობენ და მათ შორისაა მუსიკის საერთაშორისო თეატრი, MTI, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური ლიცენზირების სააგენტოა. MTI მსოფლიო მასშტაბით არსებულ დასებს ბროდვეის მიუზიკლების დიდ არჩევანს სთავაზობს.
სწორედ მისი ეგიდით, ყოველწლიურად იმართება Junior theatre festival, რომელშიც მონაწილეობას თეატრალური სკოლები იღებენ როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ ვორკშოპები, რომლებსაც ლონდონის West End თეატრის მსახიობები და ტრენერები ატარებენ. ეს გამოცდილება უნიკალურია და ბავშვებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.
საინტერესოა, რომ ამ მასშტაბურ ფესტივალში მონაწილეობას უკვე მესამე წელია ქართველი ბავშვებიც იღებენ. ბრიტანულ-ქართული აკადემიის თეატრალური შემოქმედებითი ჯგუფი 2017 წლიდან თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და ყოველწლიურად აქვს სხვადასხვა მიუზიკლის დადგმის ლიცენზია. წლევანდელ ღონისძიებაზე ჯგუფმა მოუზიკლი Disney’s Aladdin Jr. წარადგინა და წარმატებაც მოიპოვა – მან Achievement in Ensemble-ის ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელიც ფესტივალზე წარდგენილი 4 ნომინაციიდან ერთ-ერთია. აღსანიშნავია, რომ ჟიური ბროდვეის მსახიობების მიერ დაკომპლექტებული წევრებისგან შედგებოდა. კიდევ ერთი წარმატება All-star გუნდისთვის ორი მოსწავლის შერჩევა იყო, რომლებსაც ინდივიდუალური ვორკშოპი ჩაუტარდათ და მის საფუძველზე Junior theatre festival-ის დიდ სცენაზე წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორი იყო ქართველი მოსწავლეების ბროდვეიური ვოიაჟი და როგორი გზა გაიარა ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ფესტივალამდე, მუსიკალურ-თეატრალური პროექტებისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი, მაგდა პაპიაშვილი გვეტყვის.
M: მაგდა, ბრიტანულ-ქართული აკადემია წელს მესამედ წარდგა Junior Theatre Festival-ზე. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ამ ფესტივალთან თანამშრომლობა და პირველად როგორ მოხვდა თქვენი გუნდი იქ?
ბრიტანულ-ქართული აკადემია უკვე მე-7 წელია მუსიკის საერთაშორისო თეატრთან თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც 2 ლიცენზირებული მიუზიკლი დავდგით საქართველოში, გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი მოსწავლეებისა და შემოქმედებითი ჯგუფის ნამუშევარი საერთაშორისო ფესტივალზეც გაგვეტანა. მივმართეთ ფესტივალის ორგანიზატორებს და ფესტივალის მონაწილეთა შორის დაგვარეგისტრირეს, როგორც პარტნიორი სკოლა.
მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის მოპოვება არც ისე ადვილი იყო, რადგან ამ ორგანიზაციას საერთოდ არ ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გამოცდილება და ძალიან უფრთხოდა ლიცენზიის გაცემას. თუმცა ჩვენმა სკოლამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ლიცენზიის ხელშეკრულების პირობების დაცვა, და, შესაბამისად, დღესაც ეს ორგანიზაცია განგვიხილავს, როგორც სერიოზულ პარტნიორს.
M: თავად ამ ფესტივალის მნიშვნელობაც რომ აგვიხსნათ – რა მასშტაბისაა, ვინ აორგანიზებს, ვინ მონაწილეობს და ა.შ.?
ეს გახლავთ უმაღლესი პროფესიონალიზმით დაორგანიზებული დღესასწაული. მონაწილეთა რაოდენობა 1800-დან 2000 ადამიანამდე მერყეობს. წარმოდგენილ ქვეყნებს შორის არიან ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, აშშ და ჩვენ – საქართველო. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც ამას ვამბობ! მონაწილეთა ასაკი განსაზღვრულია – 18 წლამდე. ძირითადად წარმოდგენილნი არიან პროფესიული თეატრალური სკოლები და სტუდიები. მთელი საფესტივალო დღის განმავლობაში ხდება ნიჭიერების ზეიმი.
ეს არის ფესტივალი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველა მონაწილე მოსწავლეს უტარდება ვორკშოპები სამსახიობო ხელოვნების, სიმღერის და ქორეოგრაფიის მიმართულებით. ტრენერები თავად ბროდვეის ლეგენდარული დასების მსახიობები, რეჟისორები, ვოკალისტები და ქორეოგრაფები არიან. ვორკშოფები უტარდებათ ჯგუფის ხელმძღვანელებს და მასწავლებლებსაც. მე პირადად 3 არაჩვეულებრივ ვორკშოპს დავესწარი.
M: წელს სპექტაკლ Disney’s Aladdin Jr-ით წარდექით ფესტივალზე: ვინ არის ამ სპექტაკლის დამდგმელი, რამდენი მოსწავლე მონაწილეობს – მოგვიყევით სპექტაკლის დადგმის პროცესზე…
წელს შევეჭიდეთ ლეგენდარულ დადგმას Disney’s Aladdin Jr. სპექტაკლში 32 მოსწავლე მონაწილეობს. ბავშვებთან ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს: რეჟისორი – ნუცა მჭედლიშვილი, ვოკალის მიმართულებით – მე და ნინო ქაჯაია, ქორეოგრაფი – ნატა თევზაძე.
თითოეულ თეატრალურ პროექტზე თვეების განმავლობაში ვმუშაობთ. მოსწავლეების შერჩევა ხდება საბაზო-საშუალო საფეხურიდან, კასტინგის შედეგად. მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, საკლუბო აქტივობის ფარგლებში, უტარდებათ მიუზიკლის რეპეტიციები. სპექტაკლის დადგმის პროცესი ძალიან შრომატევადია. მოითხოვს დიდ ნებისყოფას, პასუხისმგებლობას, პუნქტუალობას და კიდევ მრავალ საჭირო უნარ-ჩვევებს.
M: ამ სპექტაკლით სკოლამ ფესტივალზე ერთ-ერთი ჯილდო მოიპოვა. რა ჯილდოა ეს და რა მნიშვნელობისაა ის სკოლისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიული თეატრალური სკოლები, როგორებიცაა: British Theatre Academy, Broadway West End School და ასე შემდეგ. ნამდვილად არ გვქონია მოლოდინი, რომ ჩვენ, არაპროფილურ სკოლას რაიმე ნომინაცია შეგვხვდებოდა. თუმცა დასრულდა თუ არა ჩვენი საკონკურსო ჩვენება, ჟიურის წევრებმა საოცარი უკუკავშირი დაგვიბრუნეს და თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალიც გაგვიჩინეს. ეს გახლავთ ნომინაცია Achievement in Ensemble. ეს ჯილდო არა მარტო ჩვენი აკადემიისთვის, ვფიქრობ, სრულიად ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ქართველ მაყურებელს ჯილდოს მქონე სპექტაკლის ნახვა 17 და 18 ივნისს მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის სცენაზე შეუძლია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება, რითაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ კეთილ საქმეში და ბენეფიციარებს დაეხმარებიან.
[R]