მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად გამოიგონა „მფრინავი მანქანა”, არაერთი ავიაკომპანია შეიქმნა. იმ დროის პიონერებიდან რამდენიმე დღემდე ყველაზე ცნობილია. მაგალითად, British Airways – ბრიტანული საჰაერო ტრანსპორტი, რომელიც 1974 წლის აპრილში British Overseas Airways Corporation-მა შექმნა. დღეს მისი სათავო ოფისი ჰარმონდსვორტში, ლონდონის დაბაში მდებარეობს. ბრენდს ჰყავს შვილობილებიც: BA CityFlyer და OpenSkies.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ოფიციალურად ჩამოყალიბების თარიღად 70-იანი წლებია მიჩნეული, მისი ისტორია ბევრად ადრე იწყება. ერთად გადავხედოთ მას.
კომპანიების გაერთიანება
ავიაკომპანიის ისტორია დაიწყო 1924 წლის 31 მარტს, როდესაც მთავრობის სუბსიდიების მინიჭებით, ომის შემდგომ ოთხი მცირე კომპანია (Handley Page Transport Ltd., Instone Air Line Ltd., Daimler Airway და British Marine Air Navigation Co.) გაერთიანდა, როგორც Imperial Airways. ის გახდა კონტინენტთაშორისი საჰაერო მარშრუტების ერთ-ერთი პიონერი.
იმავდროულად, სამი სხვა ავიაკომპანია (Hillman’s Airways Ltd., Spartan Air Lines Ltd. და United Airways Ltd.) 1936 წელს გაერთიანდა და დააარსა British Airways, რათა შიდა და ჩრდილოეთ ევროპისკენ შეესრულებინა ფრენები.
1938 წლის ნოემბერში მთავრობამ გადაწყვიტა ზემოთ ნახსენები ორი სხვადასხვა კომპანიის გაერთიანება და ერთ წელიწადში British Overseas Airways Corporation-იც ჩამოყალიბდა.
პირველი რეაქტიული რეისი
1952 წელს BOAC-მა შემოიტანა მსოფლიოში პირველი რეაქტიული სამგზავრო სერვისი, რომელიც მიფრინავდა ლონდონიდან იოჰანესბურგამდე.1958 წელს კი მან დაიწყო მსოფლიოში პირველი ტრანსატლანტიკური რეაქტიული სერვისის ოპერირება ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის.
კომპანიის დაშლა და ახლის აღმოცენება
1971 წელს პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო ავიაციის აქტი, რამაც BOAC-ისა და BEA-ს ოფიციალური დაშლა გამოიწვია, მათი აქტივები და ვალდებულებები კი განახლებულ British Airways-ს მიენიჭა.
მან აქტიურად დაიწყო სიახლეებზე მუშაობა და მისი ერთ-ერთი პირველი მიღწევა იყო Air France-თან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, კონკორდის გამოყენებით, განხორციელდა პირველი რეისი ლონდონიდან ბაჰრეინში. ფრანგები კი პარიზიდან რიო-დე-ჟანეიროში გაფრინდნენ. თუმცა ფინანსურმა დანაკარგებმა British Airways-ს კონკორდის ოპერაციები შეაწყვეტინა, რის მერეც, რამდენიმე თვეში Air France-მაც დაასრულა ზებგერითი საჰაერო მომსახურება.
80-იანი წლები
მაშინ, როცა საშინაო ბაზარზე ის ერთადერთი დომინანტი იყო, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გლობალური ბაზრებიც აეთვისებინა. მან ჯერ აშშ-ის ბაზარს შეუტია და United Airlines-თან მარკეტინგული ალიანსი ჩამოაყალიბა. ამ პარტნიორობამ შექმნა British Airway-ის გაფართოების ნიმუში – საჭირო არ იყო ბრიტანეთის გარეთ კომპანიის გახსნა, არამედ საკმარისი იქნებოდა მხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობაც.
მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ეს პარტნიორობა დაიშალა ორ წელიწადში როდესაც United გახდა British Airways-ის პირდაპირი კონკურენტი. ამის შემდეგ მას კიდევ ჰქონდა მცდელობა, მსგავსი ალიანსი სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებთან განეხორციელებინა, თუმცა უშედეგოდ.
კრიზისის დაძლევა
მიუხედავად მცირე ჩავარდნისა, კომპანიამ მოახერხა აღზევება. 90-იან წლებში მან მცირე კომპანიებთან დადო ხელშეკრულება გააძლიერა თავისი პოზიცია წყნარი ოკეანის საზღვრებთან, ასევე, ევროპაშიც. ამის შემდეგ მან ყურადღება ატლანტიკის ოკეანეზე გადაიტანა.
British Airways-ს, როგორც დიდ ავიაკომპანიას, არსებობის მანძილზე ხშირად ჰქონდა გამოწვევები და პრობლემები, თუმცა მათ დაძლევას ყოველთვის ახერხებდა. დღეს ის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და აქვს გლობალური ფრენების ქსელი ისეთი პარტნიორების მეშვეობით, როგორიცაა USAir აშშ-ში, Qantas ავსტრალიაში და TAT European Airlines საფრანგეთში. საკუთარი და ალიანსის პარტნიორების მეშვეობით British Airways ემსახურება 95 მილიონ მგზავრს წელიწადში, 1000-ზე მეტი თვითმფრინავით.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი