in

ლონდონში დაწყებული ამბავი, რომელმაც საქართველოში „ბრიტანული ცენტრის“ დაფუძნება განსაზღვრა

ლონდონი, 1999 წელი. შემოდგომა. ოქსფორდის ქუჩაზე მიმავალმა ორსართულიანმა #73-მა ავტობუსმა ახალგაზრდა ქართველი მამაკაცისთვის უკვე რამდენიმე დღეა, მის დროებით საცხოვრებელ ადგილამდე, უფრო ზუსტად, ბავშვობის მეგობრის სახლამდე მისასვლელ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, დამატებითი, სამეცადინო სივრცის ფუნქციაც შეითავსა. მეორე სართულზე, წითელი ავტობუსის რომელიღაც სკამზე მჯდომს, ყურსასმენები უკეთია და რაღა თქმა უნდა, არანაირი წარმოდგენა არ აქვს, რომ სულ რაღაც 4 წელში, ეს გამოცდილება მისთვის ბიზნესის დაწყების – საქართველოში ინგლისური ენის სკოლების ყველაზე დიდი ქსელის შექმნისთვის გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდება.

თუმცა ჯერ ინგლისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ავტობუსშია ამოცანით: უცხო ენა, რაც შეიძლება სწრაფად აითვისოს! აუდიოს მოსასმენად, 5-10 წუთი საკმარისია. შემდეგ, ჯერი ახალი სიტყვების წარმოთქმაზეა. ამ პროცესში ხანდახან ენის კურსების ოთახში გამოკრულ ლოზუნგსაც იხსენებს: „ენის შესწავლის წარმატების საიდუმლო გამეორებაა“. დრო ცოტა აქვს. დოქტორანტურაზე სადისერტაციო თემა უნდა დაიცვას თერმოდინამიკის საკითხებზე. გერმანული მისთვის ბევრად ახლობელია, თუმცა კი, იცის, ინგლისური უფრო სჭირდება.

2 თვე თითქოს ვერაფერს ცვლის. ენობრივი ბარიერი კვლავ გამოწვევად რჩება. სხვადასხვა ეროვნების 10-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის საკომუნიკაციო ენა მხოლოდ ინგლისურია. აქ გარემოა, სადაც სხვა გამოსავალი არ აქვს, ინგლისურად ფიქრი და აზროვნება უწევს! ჯადოსნური 3 თვის თავზე კი, თავადაც რომ ვერ აცნობიერებს ისე, საუბარს იწყებს:

თითქოს იმ დღეს, სხვა ადამიანმა გავიღვიძე. ჩემს თანაკურსელ მიგელთან ერთად პაბში ვიყავი და რაღაც მომენტში გავაანალიზეთ, რომ კანტის საფლავის ქვაზე არსებულ წარწერას: „მე მუდამ მაოცებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“ განვიხილავდით. გაოცებულები ვიყავით. 

მოკლედ, ინგლისური 3 თვეში ისე ისწავლა, რომ დისერტაციისთვის ინგლისურ წყაროებში არსებული საჭირო მასალის მოპოვება, წარმატებული დაცვა და აუდიტორიის განცვიფრებაც შეძლო!

დღეს, გვინდა, ექსკლუზიურად, „ბრიტანულ ცენტრზე“ გიამბოთ. უფრო ზუსტად, იმ ადამიანებსა და უნიკალურ მეთოდზე, რომელსაც მთელს საქართველოში, British Centre-ად ცნობილი ინგლისური ენის სკოლების ყველაზე დიდი ქსელი ეყრდნობა.

ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, ზემოთ რომ ვყვებოდით, გიგა მაზმიშვილია, მისი ბავშვობის მეგობარი კი – ირაკლი ჟორდანია. რაც შეეხება 3 თვეში ნასწავლ ინგლისურს – ეს ქალანის მეთოდის დამსახურებაა.

ირაკლი ჟორდანია

უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ქალანის მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური შესაძლებლობაა. ის ბრიტანელმა ლინგვისტმა, რობინ ქალანმა ენის სპეციალისტებსა და ფსიქოლოგებთან ერთად შექმნა. ქალანის მეთოდი ე.წ. პირდაპირ სწავლებას ითვალისწინებს და ტვინის რეფლექსურ მუშაობას ეფუძნება. სწრაფი კითხვა-პასუხის რეჟიმი ადამიანებს საშუალებას აძლევს, უცხო ენა ისე ისწავლონ, როგორც ბავშვი სწავლობს მშობლიურ ენაზე საუბარს.

აქვე, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „ბრიტანული ცენტრი“ და „ქალანის მეთოდი“ ბავშვობის მეგობრების პირველი წამოწყება არ გახლავთ. მათი ინგლისური ენისა და ზოგადად, ამ ქვეყნის კულტურის მიმართ სიყვარული, ჯერ კიდევ, 1989 წელს, საქართველოში, უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში აკუმულირდა. ირაკლის ორივე მშობელი ლინგვისტია, უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრეს და თავად ირაკლიც ინგლისური და გერმანული ენების სპეციალისტია. შესაბამისად, ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობა მან, ორგანიზაციულ თემებზე კი – გიგამ აიღო. ასევე, ამ საქმეში თავიანთი მეგობარი, გია აბულაძეც ჩართეს.

„ოქსფორდის მეთოდით“ 1 წელიწადში 5 ფილიალი გახსნეს: ჯანაშიაზე, შანიძეზე, ქავთარაძეზე, პეკინზე, საავიაციო ქარხანაში და სხვ. მასწავლებლები ირაკლის კურსელი მეგობრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც კომპეტენცია აკლდათ, არც ენთუზიაზმი და არც მოსწავლეები – კურსები თბილისის სამოქალაქო ომს შეეწირა და დაახლოებით, 3 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, დახურეს. 

ირაკლი ლონდონში წავიდა – საქართველოს საელჩოში, დიდ ბრიტანეთში კონსულად დაინიშნა, სადაც 1997-დან 2001 წლამდე იმუშავა. შუალედში კი, როცა გიგას დღის წესრიგში სალაპარაკო ინგლისურის სწავლის საკითხი დადგა, ირაკლიმ თავისთან, ლონდონში ჩასვლა და კურსების გავლა შესთავაზა. 

გიგა მაზმიშვილი: ლონდონში 1999 წლის 5 ოქტომბერს ჩავედი. ყველა ფეხის ნაბიჯზე ინგლისური ენის კურსები მხვდებოდა. თავიდან მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრში მივედი და 1 კვირის შემდეგ რომ დავიწუწუნე, ინგლისურის სწავლა ძალიან სწრაფად მჭირდება-მეთქი, „ქალანის მეთოდი“ მირჩიეს.

მე და ჩემი ესპანელი მეგობარი, მიგელ მანირო ერთად მივედით ამ სკოლაში. თავიდან შეჩვევა ძალიან გამიჭირდა. სხვადასხვა მასწავლებელი, სხვადასხვა ტემპით, სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდა, თუმცა იმდენად დინამიკური და ინტერაქტიული მეთოდი აღმოჩნდა, რომ პრინციპში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ამალაპარაკეს.

ირაკლი: არ დამავიწყდება, გიგა ჩემთან რომ მოდიოდა. ყოველდღე რაღაც ახალი მოჰქონდა. ვატყობდი, რომ სწავლობდა და მეც მახსოვს ის მომენტი, უკვე თავისუფლად საუბარი რომ შეეძლო და კომუნიკაციის პრობლემაც აღარ ჰქონდა!

British Centre

ირაკლი ჟორდანია: 2003 წელს, როცა „ქალანის მეთოდის“ საქართველოში ჩამოტანა გადავწყვიტეთ, კერძო სახლში 3 ოთახი ვიქირავეთ. 

გიგა მაზმიშვილი: დიახ, მოსწავლეების მისაღებად, 3 აუდიტორია გვქონდა. მათთვის ხმის მისაწვდენად კი, სატელევიზიო რეკლამა გავუშვით. ჩვენმა მცდელობამ არ იმუშავა და თავიდან არავინ მოვიდა. შემდეგ ნელ-ნელა, რამდენიმე მსმენელმა (ასე ვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს) რომ გამოცადა ამ მეთოდის პროდუქტიულობა, რომ ძალიან საინტერესოსთან ერთად, სახალისოც არის და ამ პროცესში, სალაპარაკო ენას ძალიან სწრაფად ითვისებ, თავად გახდნენ ჩვენი „სარეკლამო აგენტები“. 

1 ჯგუფით – 7-8 მსმენელით დავიწყეთ და 100 სტუდენტამდე ძალიან სწრაფად ავედით.

ლიცენზიის მიღების დღე

მალე მეორე ფილიალიც გავხსენით და მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზიაც მოვიპოვეთ.

ირაკლი ჟორდანია: როდესაც „ქალანის მეთოდის“ მოხმარების უფლება გაქვს, ამ შესაძლებლობას, ხელმძღვანელობის მხრიდან (ინგლისიდან), მუდმივი მონიტორინგის პროცესიც თან ახლავს. სწავლების ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში, ლიცენზიას გიწყვეტენ. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზრების განვითარების მენეჯერი, ელისონ ჯონსი აქ, ჩვენი მასწავლებლების დასატრენინგებლად ჩამოვიყვანეთ. მასწავლებლებმა სპეციალური სერტიფიკატები და შესაბამისად, უფლება მიიღეს, რომ შემდეგში „ქალანის მეთოდის“ მასწავლებლები თავადვე გადაემზადებინათ. ეს დღემდე გრძელდება და მე ძალიან ბედნიერი ვარ.

რამდენმა ადამიანმა გაიკვალა გზა საზღვარგარეთ და რამდენია კმაყოფილი?! ამ მეთოდის საქართველოში ჩამოტანა ზუსტად იმ განცდას მანიჭებს – ღამით, მშვიდად დაძინების საშუალებას რომ მაძლევს. 

პირატული სკოლები
წარმატებასთან ერთად, თავი პრობლემებმაც იჩინა. ე.წ. პირატული სკოლები მომრავლდა – არალეგალურად იყენებდნენ ამ მეთოდს, რაც რა თქმა უნდა, უკმაყოფილო მომხმარებლებსა და საბოლოოდ, „ქალანის“ ბრენდის იმიჯზე აისახებოდა. თუმცა ინტელექტუალური საკუთრების დაცვით, ეს პრობლემა ნელ-ნელა აღმოიფხვრა. სასამართლოში საქმეების გადატანა არ დაგვჭირვებია – ჩვენს გაფართოებასთან ერთად, სიტუაცია თავისთავად დალაგდა. 

გიგა მაზმიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ 50 წელია, ეს მეთოდი არსებობს, აქტუალობას მაინც არ კარგავს… ქალანის ორგანიზაციის საკმაოდ გამოცდილი ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს განვითარების პროგრესულ ნაბიჯებზე და მუდმივად ცდილობს, თანამედროვეობას მოერგოს, იქნება ეს სახელმძღვანელოები, ფრაზები თუ სხვა.

„დახურეთ წიგნები და მიჰყევით მასწავლებელს!“

დღეს, ბრიტანული ცენტრი 11 ფილიალს აერთიანებს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშია განლაგებული.

ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველოში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ, ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია „ბრიტანულ ცენტრს“ აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

სირიელი გოგოსა და სისხლიანი ომის დღე – 10 წელი, 2 იუბილარი, ერთი სურვილი

ხედავს თუ არა რვაფეხა სიზმარს? – მეცნიერების ახალი კვლევა