10
Jul
2019

ბრიტანელი ბავშვების პეტიცია Burger King-ისა McDonald’s-ის წინააღმდეგ

10 Jul 2019

ბრიტანელი ბავშვები სწრაფი კვების რესტორნებს სთხოვენ, საბავშვო მენიუში პლასტმასას სათამაშოები აღარ ჩადონ. 9 წლის ელამ და 7 წლის კეიტლინმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. The Hill-ის ინფორმაციით, პეტიციას, ამ დროისთვის, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა და რაც მალე მიაღწევს ნახევარ მილიონამდე, მით უკეთესი იქნება.

ელა და კეიტლინი ამბობენ, რომ პლასტმასა დიდ ზიანს აყენებს გარემოს და აბინძურებს ოკეანეებს.

„ ჩვენ გვიყვარს Burger King-სა McDonald’s-ში ჭამა. მაგრამ ბავშვების უმეტესობა, მხოლოდ პლასტმასას სათამაშოებით ერთობა, რომელსაც რესტორანში მისვლისთანავე გვაძლევენ. რამდენიმე წუთში, ეს გასართობი, ყველას ბეზრდება და ყრიან, რასაც ზიანი მოაქვს ცხოველებისთვის, ზღვებისა და ოკეანეებისთვის, ბინძურდება გარემო. გვინდა [ამ რესტორნებში] უფრო მყარი და მდგრადი მასალის ნივთები გვაჩუქონ, რომ დავიცვათ ჩვენი პლანეტა ჩვენთვის და მომდევნო თაობებისთვის“, – ნათქვამია პეტიციაში.

ელა და კეიტლინი ამბობენ, რომ თავად ყველაფერს აკეთებენ გარემოს მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად, მაგრამ უფრო მეტია საჭირო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პეტიციის  გაკეთება.

„საკმარისი არ არის, მხოლოდ გადამუშავებადი პლასტმასასგან სათამაშოების დამზადება. საერთოდ არ უნდა იყენებდნენ დიდი და მდიდარი კომპანიები ამ მასალას“.

ამ საკითხზე Burger King-სა და  McDonald’s-ს  კომენტარი არ გაუკეთებიათ. The Hill-ის ცნობით, ეს უკანასკნელი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, ნარჩენების შემცირებას. თავად ბრიტანეთი კი, 2018 წელს პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოქტეილის ერთჯერადი ჩხირების, „საწრუპების“ გამოყენება აიკრძალა.

განხილვა