in

წარმატებული ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში – ინტერვიუ ელენე თოიძესთან

ფაქტი, რომ 2021 წელი გაეროს მიერ შემოქმედებითი ეკონომიკის წლად გამოცხადდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლსა და მნიშვნელობას, მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხში. კულტურა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის ფუნქციას და დღეს, ბევრი ნათელი მაგალითი გვაქვს, იმისა, თუ როგორ შეუძლია მას ქვეყნების, დასახლებების, საზოგადოებების ცხოვრების გაუმჯობესება. მაგალითისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების მიერ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილი 2018 წლისთვის შეადგენდა 111,7 მლრდ ფუნტ სტერლინგს, რაც სახელმწიფოს მთლიანი დამატებითი ღირებულების (GVA), 5.8%-ს წარმოადგენს. შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ აქტიური საუბარი საქართველოში, 2016 წელს, კულტურის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებიდან დაიწყო, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე კი 2017 წელს დაფუძნებული საჯარო ორგანიზაცია, სსიპ შემოქმედებითი საქართველო მუშაობს. სსიპ-ს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის განვითარების საქმეში აქტიურად ეხმარება ბრიტანეთის საბჭოს ოფისი, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას მართავს და შემოქმედებით საქართველოსთანაც, ეფექტიანი და მიზანმიმართული პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს.

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს განვითარების საკითხში, ბრიტანულ-ქართულ თანამშროლობასა და სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე შემოქმედებითი საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ხელმძღვანელი – ელენე თოიძე გვესაუბრება.

ელენე თოიძე: შემოქმედებით საქართველოში მუშაობის დაწყების პირველივე წლიდანვე ჩემთვის და ზოგადად, ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის საჭიროებების და შესაძლებლობების კვლევა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ეკონომიკური და სხვა ტიპის დადებითი ეფექტების გაზომვა იყო. გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, რომელიც სექტორის კვლევის მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავეა და ფლობს მუდმივადგანახლებად ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ განებივრებულები არ ვართ მსგავსი მონაცემებით. იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე რა სჭირდება სექტორს, რომლის ხელშეწყობაზეც მუშაობ, აუცილებელია გქონდეს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული კვლევის შედეგები და ჩვენი გუნდიც ყოველთვის მუშაობდა, რომ დამატებითი რესურსები მოეძიებინა ამ გამოწვევის საპასუხოდ და ჩვენი პროგრამების რეალურ საჭიროებებზე მოსარგებად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის საბჭო ამ საკითხში ყოველთვის ჩვენი მხარდამჭერი იყო და იზიარებდა ჩვენს პოზიციას სექტორის შესახებ მონაცემების ფლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. 2020 წლის დეკემბერში, ჩვენი პროექტის – „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსებით, ბრიტანეთის საბჭომ, შეიძლება ითქვას, „გვიბიძგა“, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს კვლევისა და აღნუსხვის ჩარჩოს შექმნის საკითხში.

 რას მოიცავდა პროექტი და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელებით?

პროექტის ფარგლებში გამოვაცხადეთ კონკურსი და შევძელით, რომ 3 ძალიან საინტერესო კვლევითი პროექტი დაგვეფინანსებინა, რომლებიც მიზნად ისახავდა სექტორის სხვადასხვა მიმართულების კვლევას. მათ შორის იყო – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბაზრის მახასიათებლების, ბათუმისა და ფოთის საშემსრულებლო ხელოვნების კომერციალიზაციის და ინტერნაციონალიზაციის პოტენციალისა, თუ სექტორული ასოციაციებისა და კავშირების საჭიროების შესწავლა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიზანი, შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ მონაცემების შეგროვებასთან ერთად, სექტორის კვლევითი კომპეტენციების გაზრდა იყო. ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეული კომპანია და საუკეთესო გამოცდილების მქონე ექსპერტთა ჯგუფი, შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისოდ აღიარებული მკვლევრის და ექსპერტის – ტომ ფლემინგის ხელმძღვანელობით, შერჩეულ პროექტებს კვლევის პროცესში მენტორობას უწევდა. პროექტის ბოლოს, კვლევის შედეგებისა და ჩვენთან კომუნიკაციის საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ძალიან სასარგებლო და საჭირო გზამკვლევი საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის საკითხებთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნული პროექტისა რა მიმართულებით მუშაობთ ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად?

ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან იწყება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, თუმცა, ამ ეტაპზე აქცენტს ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე გავაკეთებ. 2021 წელს, საბჭოს მხარდაჭერით დავიწყეთ პროექტი „ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია კულტურასა და ხელოვნებაში“, რაც ჩვენთვის ამ მიმართულებით მუშაობის პირველი გამოცდილება იყო. ვფიქრობდით, რომ კულტურაში ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკული დიალოგის, ცნობადობის გაზრდისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი საჭიროება იდგა და „შეუზღუდავი შესაძლებლობების“ პროგრამის ფარგლებში ჩვენი მხარდაჭერით, ბრიტანეთის საბჭომ ერთგვარი შესაძლებლობების ფანჯარა გაგვიხსნა, რათა მოგვერგო იმ ორგანიზაციის როლი, რომელსაც შეეძლო შემოქმედებით სექტორში დადებითი ცვლილებების წახალისება. ბრიტანეთის საბჭოს, ამ მიმართულებით მუშაობის უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, შესაბამისად საბჭოს გუნდი აქტიურად გვეხმარებოდა ამ გამოცდილების გაზიარებით, რამაც ძალიან გაგვიმარტივა პროექტის მართვის პროცესი. კულტურაში ინკლუზიურობის თემაზე გამართული შეხვედრებისა და დისკუსიების, სემინარებისა თუ სხვა ტიპის საქმიანობის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი გათვლა, წინასწარი შეფასება სექტორში დიალოგის პლატფორმის საჭიროების შესახებ, სწორი აღმოჩნდა და ჩვენც ვეცდებით სამომავლოდაც გავაგრძელოთ ამ პროცესის ხელშეწყობა.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა და სარგებელი ჰქონდა თქვენი და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობას ამ თუ სხვა პროექტების ფარგლებში?

ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, ყოველთვის ძალიან სასარგებლოა, ეს სარგებელი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, როცა საქმე შემოქმედებით ინდუსტრიებს, კვლევებს ან სტატისტიკას ეხება. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მიმართულებით, ვიცით ამ კუთხით რა ძირითადი საჭიროებები და გამოწვევები არსებობს, რა ძირითადი მიდგომები გამოიყენება, თუმცა, „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, არამხოლოდ კვლევითი პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა შევძელით, არამედ ჩვენც, შემოქმედებითი საქართველოს გუნდმაც მივიღეთ ახალი გამოცდილება. ბრიტანელმა ექსპერტებმა საშუალება მოგვცეს განსხვავებული პერსპექტივით დაგვენახა კვლევის საჭიროების საკითხი და დამატებითი, სპეციფიკური საჭიროებები გამოგვეკვეთა, რაც მე, ჩემს გუნდს და შემოქმედებით საქართველოს დაეხმარება, გააუმჯობესოს კვლევის მიმართულებით დაწყებული სხვადასხვა ინიციატივა.   

რაც შეეხება ინკლუზიის მხარდაჭერის პროექტს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა ბრიტანეთის საბჭო, ასეთ მცირე დროში, ასეთი კარგი შედეგების მიღწევა არ გამოგვივიდოდა. შევძელით, რომ აქტიური დიალოგი დაგვეწყო კულტურაში ინკლუზიის მნიშვნელობაზე და პროცესში ჩაგვერთო კულტურის სექტორის და შშმ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი. მათთან მსჯელობის საფუძველზე, ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეულმა ექსპერტმა, ზოი პარტინგტონმა კი, კულტურის და კულტურის ღონისძიებების მენეჯერებისთვის საქართველოში პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც, მართლაც ძალიან კონკრეტულ, მარტივად გასაგებ და საჭირო რეკომენდაციებს და რჩევებს მოიცავს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კულტურის ორგანიზაციების საქმიანობა თუ შემოქმედებითი ღონისძიებები გახდეს უფრო ღია და ინკლუზიური, ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ორივე პროექტის მიმართულებით მომზადებული დოკუმენტები, ქართულ ენაზე ითარგმნება და ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ბრიტანეთის საბჭოსა და შემოქმედებით საქართველოს შორის თანამშრომლობის რა სამომავლო პერსპექტივები გამოიკვეთა და რას გეგმავთ მომავალში?

ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მიმართულებით გაწეული დახმარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით დროული და მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც, პროექტ – „შემოქმედებითი გარდასახვა – შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, იუნესკოს მხარდაჭერით ზუსტად ახლა დავიწყეთ შემოქმედებითი ინდუსტრიების პირველი საბაზისო კვლევა. გარდა იმისა, რომ ამ კვლევის დაგეგმვის პროცესში, მართლაც ძალიან გამოგვადგა უკვე მიღებული ბრიტანული გამოცდილება, ბრიტანეთის საბჭოს გუნდთან და ბრიტანელ ექსპერტებთან დიალოგისას, გამოიკვეთა შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევისა და სტრატეგიის განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივებიც.

რეალურ საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისთვის, ძალიან გვჭირდება კონკრეტული მონაცემები. ამ მონაცემების მოპოვებისთვის კი, აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული კვლევითი ჩარჩოს მომზადება, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა ვიკვლიოთ, რა ფორმატით და როდის. აღნიშნულ გეგმას დაეყრდნობა სსიპ-ის საქმიანობა და მასში გაწერილ სამომავლო ნაბიჯებს გაითვალისწინებს სექტორის განვითარების სტრატეგია. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ბრიტანული ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის პროცესის და საბოლოო შედეგების პროდუქტიულობას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

კოკა ნიკოლაძის მუსიკალური ნაწარმოების ბოლო აკორდი Ebay-ზე უკვე 3000$-ად იყიდება

პანდემიის ფონზე iPhone-ისა და Mac-ის გაყიდვები რეკორდულად იზრდება!