in

„ბრიტანული უნივერსიტეტი“, წელს, პირველ ნაკადს მიიღებს

სასწავლებელი „ბუკინგემის უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით დაარსდა

საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი – „ბრიტანული უნივერსიტეტი“ შეემატა, რომელიც 2020 წელს „ბუკინგემის უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით დაარსდა. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გასული წლის დეკემბერში მიიღო და ახალი სასწავლო წლიდან, უკვე სტუდენტების პირველ ნაკადს ელოდება.

რატომ უნდა აირჩიოთ „ბრიტანული უნივერსიტეტი“, რა პროგრამებს და სიახლეებს სთავაზობს მომავალ სტუდენტებს,  ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე დავით აფრასიძე საუბრობს:

„უნივერსიტეტის მთავარი კონცეფციაა, დავნერგოთ ბრიტანული განათლება საქართველოში. ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო, შეგვექმნა უმაღლესი განათლების ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გაუსვლელად, ადგილზე მისცემდა ახალგაზრდებს შესაძლებლობას, ცოდნა მიეღოთ იგივე პროგრამით, იგივე სახელმძღვანელოებით და მეთოდიკით, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. მოგეხსენებათ, ინგლისურენოვანი სამყარო წამყვანია განათლების სფეროში. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი, „ბუკინგემის უნივერსიტეტი“ პარტნიორად “.

წელს პირველად მიიღებთ სტუდენტებს. რა პროგრამებს და რა სიახლეებს სთავაზობთ მათ?

დავით აფრასიძე: წელს, ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მსურველ სტუდენტებს ვთავაზობთ ბაკალავრიატის 2 პროგრამას – ბიზნესი და მენეჯმენტი, პოლიტიკის მეცნიერება. ასევე  მაგისტრატურის 1 პროგრამას – ბრიტანეთის კვლევები. საბაკალავრო პროგრამები არის „ბუკინგემის უნივერსიტეტის“ იდენტური. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ამით ეძლევათ  უნიკალური შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ეტაპზე მობილობით წავიდნენ ბუკინგემში ან საერთოდ, სწავლა იქ გააგრძელონ. აღსანიშნავია, რომ „ბრიტანული უნივერსიტეტის“ დიპლომი გათანაბრებული და აღიარებულია „ბუკინგემის უნივერსიტეტის“ მიერ და სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ შესაბამისი 2 დოკუმენტი – ქართული და ბრიტანული, გადაეცემათ.

გვიამბეთ აკადემიურ პერსონალზე, ვინ არიან  პროფესორები, რომლებიც თქვენს უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან?

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხარისხიანი და სრულყოფილი განათლება მივცეთ მომავალ თაობას. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები გავიარეთ აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების პროცესში. კანონმდებლობის გათვალისწინებით, თავდაპირველად ჩატარდა აკადემიური კონკურსი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ბუკინგემის მხარე. ამ ეტაპზე, პერმანენტულად მიმდინარეობს ტრენინგები, რომელსაც ასევე უძღვება ბრიტანული მხარე. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს ქართველ პროფესორებთან ერთად, წარმართავენ „ბუკინგემის უნივერსიტეტის“ პროფესორები, რომლებიც პერიოდულად ჩამოვლენ ქვეყანაში და ადგილზე ჩაატარებენ სალექციო კურსს.

რა გზა უნდა გაიაროს სტუდენტმა, ბრიტანულ უნივერსიტეტში რომ მოხვდეს?

როგორც ყველა საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებელი, ბრიტანული უნივერსიტეტიც, სწავლის მსურველებს მიიღებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით. „ბრიტანული უნივერსიტეტი“ საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 199-ე ნომრად. ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ინგლისური ენა, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ხოლო პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში – ინგლისური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა ან ისტორია. სწავლის მსურველთათვის, ჩვენი უნივერსიტეტის კარი ღიაა ყოველთვის, მათ შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ პასუხი. ასევე, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებგვერდსა და Facebook პლატფორმაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი არის ბრიტანული, ჩნდება კითხვა , რა ენაზე იქნება სწავლა? ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია სწავლის საფასურის შესახებ.

სწავლა იქნება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. გვესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის კომპონენტი და ამაზე გვექნება არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება. უნივერსიტეტში ისწავლიან უცხოელი სტუდენტებიც და გვინდა, რომ მათ გავუადვილოთ ახალ გარემოში ადაპტაცია. რაც შეეხება სწავლის საფასურს – ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასურია 7 000 ფუნტი სტერლინგი, რაც დიდ ბრიტანეთში სწავლას თუ შევადარებთ, საყოფაცხოვრებო ხარჯის გათვალისწინებით, 3-ჯერ ნაკლებია.

მნიშვნელოვანია, რომ „ბრიტანულ უნივერსიტეტს“ აქვს ამბიცია, სწავლის შესაძლებლობა მისცეს საუკეთესო ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ, ქართველი და ბრიტანელი პროფესორების მიერ დაარსდა  ვაჟა-ფშაველას ფონდი, რომელიც სწავლის მსურველ თითოეულ სტუდენტს ფინანსური მხარდაჭერის ინდივიდუალურ პაკეტს შესთავაზებს. ამის თაობაზეც მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ჩვენს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს უნივერსიტეტი, ავტომატურად, დაუფინანსებს 100%-იანი სახელმწიფო გრანტის შესაბამის თანხას – 2250 ლარის ოდენობით.

რატომ შეარჩიეთ „ბუკინგემის უნივერსიტეტი“ პარტნიორად? რამდენიმე სიტყვით რომ გვიამბოთ, ამ უნივერსიტეტის შესახებ . . . 

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს ბრიტანეთთან, ძირითადად უფრო ინგლისური ენის სწავლების, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთ ბრიტანულ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობდით. როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგვეარსებინა „ბრიტანული უნივერსიტეტი“, იქაურ უმაღლეს სასწავლებელთან მოლაპარაკებების შედეგად, არჩევანი გავაკეთეთ „ბუკინგემის უნივერსიტეტზე“. მისი დაარსება უკავშირდება ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსის მარგარეტ ტეტჩერის სახელს. იგი პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ უნივერსიტეტის კანცლერი იყო. უნივერსიტეტს, 1983 წელს, მისმა უდიდებულესობა ელისაბედ მეორემ „სამეფო ქარტია“ მიანიჭა. 2019 და 2020 წლებში, უნივერსიტეტი აღიარეს, დიდ ბრიტანეთში, #1 უმაღლეს სასწავლებლად სტუდენტთა კმაყოფილების თვალსაზრისით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბრიტანული უნივერსიტეტის დაარსება საქართველოში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ისე ბრიტანეთისთვის. გვჯერა, რომ ეს იქნება იმ წარმატებული ისტორიის დასაწყისი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩვენს სტუდენტებთან ერთად ამაყად დავწერთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„უცნაურია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გვეჩქარა“ – „სქულბუქის“ 3 #შეცდომა

როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი კვების ჩვევები? – ვიზუალური პროექტი “Corona Food Habits”