21
Jan
2019

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს წერა-კითხვის სწავლა? – “ბროკოკოლის” სათამაშოები

21 Jan 2019

Startauperi
Startauperi


როგორ დავეხმაროთ პატარებს წერა-კითხვის უფრო მარტივად ათვისებაში? გავუმარტივოთ ცალკეული ასოების დამახსოვრება, მარცვლების ერთმანეთისგან გარჩევა, ფერების აღქმა? ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ ნინო თავაძე სტარტაპ “ბროკოკოლის” შექმნის იდეამდე მიიყვანა. “ბროკოკოლი” ბავშვების განვითარებისთვის საჭირო პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული. ამ დროისთვის, “ბროკოკოლი” სამ თამაშს აწარმოებს. პროდუქტის ერთ-ერთ უპირატესობად, ნინო თავაძეს მისი მაღალი ხარისხი და ფუნქციურობა მიაჩნია…

M: სათამაშოების ქართული ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. მათ შორის არიან ქართული სტარტაპებიც. კონკურენციის ასეთ პირობებში, რატომ გადაწყვიტეთ “ბროკოკოლის” შექმნა? 

როგორც მშობელი, დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა სტატიასა და კვლევებს ბავშვთა განვითარების შესახებ, მათ შორის საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებსაც; გავლილი მაქვს სტენფორდის ონლაინ კურსი ბავშვთა ნუტრიციის შესახებ. ხშირად ვხედავ, თუ რამხელა პრობლემაა ბავშვთა არასათანადო ფიზიკური დატვირთვა და რამხელა გავლენა აქვს თავისუფალ თამაშს ბავშვის განვითარებაზე. როგორც მარკეტერი, თუნდაც სათამაშოების გაჯერებულ ბაზარზეც კი ვხედავ, რომ არსებობს გარკვეული ნიშები, რომელიც აუთვისებელია. გარდა სათამაშოებისა, ამბიცია გვაქვს, რომ სხვა სახის პროდუქციაც ვაწარმოოთ.

სათამაშოების გარდა, სამომავლოდ, ვგეგმავთ ბევრი სხვა პროდუქტის შექმნასაც, რომელიც ბავშვთა საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული. საქართველოს ბაზარზე მთავარი ნიშა კი მაღალი ხარისხი და შედარებით ხელმისაწვდომი ფასია. ამჟამად გვაქვს სამი თამაში: “ანბანი” – ერთად ვისწავლოთ კითხვა – 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, “სახალისო მარცვლები” – 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, “ანბანი – ერთად ვისწავლოთ წერა” – 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

M: რა გახდა ასეთი საქმიანობის წამოწყების მთავარი შთაგონება?

ყოველთვის მქონდა სურვილი მეცადა საცალო ბიზნესის წამოწყება, რომელსაც ასევე ექსპორტის პოტენციალიც ექნებოდა. კონკრეტულად, ამ თამაშების შთაგონების წყარო კი ჩემი შვილია. როდესაც ჩემი უფროსი შვილი სკოლაში მივიყვანე, აღმოვაჩინე, რომ ვერსად შევძლებდი მაღალი ხარისხის სათამაშოს შეძენას, რომელიც ჩემ შვილს ქართული ანბანის და მარცვლების შესწავლაში დაეხმარებოდა. ჩვენს ბაზარზე არსებობს ბევრი კარგი მასალა, რომელიც წერა კითხვის დამხმარე საშუალებად შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა არ არსებობდა მაღალი ხარისხის სათამაშო. შესაბამისად, ამ ნიშის ათვისება ჩავიფიქრე. რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, შევიმუშავე პროდუქტების კონცეფცია, შემდეგ ინტერნეტის საშუალებით, საზღვარგარეთ დავუკავშირდი გამოცდილ საბავშვო ილუსტრატორებს და ადგილობრივი დიზაინერის დახმარებით შევქმენით 3 თამაში.

M: რით განსხვავდება “ბროკოკოლი” კონკურენტი პროდუქტებისგან?

ჩვენი სათამაშოების მთავარი მიზანია, რომ ბავშვმა ითამაშოს და თამაშით ისწავლოს ანბანი და მარცვლები. თამაშის დახმარებით, ბავშვი სწავლობს დაბრკოლებების გადალახვას, ფერების აღქმას, ახალ სიტყვებს და თანდათან აცნობიერებს, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან და მარცვლებისგან.

4 წლის ასაკში არ არის სავალდებულო ბავშვმა ზეპირად იცოდეს ანბანის ყველა ასო, საკმარისია იცოდეს მათი არსებობის შესახებ. ამიტომ, პროცესი მთლიანად თამაშზეა აგებული. ფერების დახმარებით, ბავშვები სულ თავისუფლად შეძლებენ ბარათების აწყობას. უფროსების დახმარებით, კი თანდათან მიხვდებიან, რომ „ასტრონავტის“ ბარათზე გამოსახული ასობგერა არის „ა,“ როდესაც თხოვთ, რომ მოგიძებნოთ „კ“ ასოს შესაბამისი ბარათი, სადაც კოალაა გამოსახული, ბავშვს შეგიძლიათ თხოვოთ დაგისახელოთ სიტყვის პირველი ასო. თამაშით ბავშვი თანდათან შეისწავლის ყველა ასო-ბგერას.

მარცვლების აწყობასაც ბავშვები თავისუფლად შეძლებენ ილუსტრაციების და ფერების გამოყენებით. ხოლო უფროსების დახმარებით, თანდათან შეძლებენ სიტყვების დამარცვლას, რაც მათ მომავალში კითხვის დაწყებას გაუადვილებთ.

“ბროკოკოლის” თამაშებით თამაში 4-6 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია, ხოლო უფროსების ჩართულობა საჭიროა მხოლოდ „სწავლის“ ნაწილში.

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ საქმის დაწყება?

პროდუქტის დიზაინის გარდა, ასევე საჭირო იყო პროდუქციის წარმოება. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ არსებობს საწარმო, რომელიც მსგავსი ხარისხის პროდუქციის დამზადებას შეძლებს. ამიტომ, ამის გაკეთებაც საზღვარგარეთ მომიწია. რამდენიმე კომპანიის მიერ საცდელი ნიმუშების დამზადების შემდეგ, შევჯერდი ერთ კომპანიაზე, მასთან გავაგრძელე პროდუქციის ნიმუშების დახვეწა და საბოლოო ჯამში დამზადებაც. სამივე პროდუქტს გავლილი აქვს ლაბორატორიული ტესტირება და გააჩნია უვნებლობის სერტიფიკატი – არ შეიცავს მძიმე მეტალებს ან ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ნივთიერებას.

M: სამომავლო გეგმები…

უახლოეს მომავალში, ვგეგმავ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გამგზავრებას, რომელიც გერმანიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ტარდება. გამოფენაში მონაწილეობას იღებს სათამაშოების გლობალური ბიზნესის ყველა მონაწილე, როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე საოჯახო ბიზნესები და სტარტაპები. აქვე წარმოდგენილია უახლესი ტენდენციები და ახალი პროდუქციაც. შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება მწარმოებლებსა და გასაღების ბაზრების შესახებაც – ამიტომ, ვფიქრობ, გარკვეულ სიახლეებს ამ ვიზიტის შემდეგაც დავგეგმავთ.

Broccocoli.ge საიტზე ელექტრონული კომერციის გაშვების შემდეგ, თანდათან დავიწყებთ სხვა პროდუქტების კონცეპტის შემუშავებას და იმედია უახლოეს მომავალში შევძლებთ მომხმარებელს წარვუდგინოთ საინტერესო და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია.

ბროკოკოლის თამაშები იყიდება საქართველოს მასშტაბით, ქსელურ და პატარა მაღაზიებში: პეპელა, ბიბლუსი, კარფური, სანტა ესპერანსა, წიგნის სახლი ბახტრიონზე, პარნასი; ასევე ონლაინ მაღაზიაში Nido.ge და საბავშვო პროდუქციის მაღაზიაში “ნიდო ბეიბი”… ახლო მომავალში, პროდუქციის შეძენა ბროკოკოლის საიტიდანაც იქნება შესაძლებელი.

განხილვა