in

შესაძლოა, ბროკოლიში აღმოჩენილმა ნაერთმა ინსულტის რისკები შეამციროს!

რამდენად გიყვართ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ახლა მეტად მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს — ბროკოლიში ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია, სისხლის შედედება აგვარიდოს თავიდან, რაც ინსულტის მიზეზი ხშირად ხდება ხოლმე. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს… სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლაბორატორიული ტესტები მცენარეების 23 ნაერთზე გააკეთეს. მიზანი იმის განსაზღვრა იყო, რამდენად შეძლებდა ეს ნივთიერებები თრომბების დაშლას ან ამ პროცესის შეფერხებას.

M2
M2

თრომბოციტები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებაში, სწორედ იგია სისხლდენის შეჩერებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ კონკრეტულ გარემოებებში საშიში თრომბებიც შეუძლია ჩამოაყალიბოს, რომლებიც სისხლის ნაკადს აფერხებს. სიცოცხლისთვის კრიტიკულ ქსოვილებში კი, როგორებიცაა ტვინი და გული, დაკარგული ჟანგბადის ყოველი წამი გამოუსწორებელ ზიანს ნიშნავს… 

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ქიმიური ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ ბროკოლიში, ყვავილოვან კომბოსტოსა და მათ ოჯახში შემავალ ბოსტნეულში გვხვდება, შედედების საწინააღმდეგო ფუნქციით გამოირჩეოდა. ნაერთმა, რომელსაც სულფორაფანს (SFN) უწოდებენ, ადრე უკვე მიიპყრო ყურადღება კიბოს პროფილაქტიკისა თუ ქოლესტერინის დონეების შემცირების მხრივ. ახლა კი მოლეკულურ დონეზე SFN-ის ანალიზმა მკვლევრებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გააცნო — რომ PDIA6-ს, ცილის აქტივობის მოდიფიკაციის შედეგად, შეუძლია თრომბოციტების დაგროვების პროცესი შეაფერხოს. 

ბროკოლის ნაერთი ეფექტური მხოლოდ ინსულტის შემდეგ თრომბის დამშლელი მედიკამენტების შედეგების გასაუმჯობესებლად კი არ არის, არამედ შეგვიძლია, პრევენციულ საშუალებად გამოვიყენოთ იმ პაციენტებში, რომლებსაც ინსულტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, — აცხადებს ქსიუ ლიუ, ბიომედიცინის მეცნიერი.

ამგვარად, SFN ინსულტის რისკებისგან დაზღვევასაც გვპირდება, თანაც ბროკოლი უკვე ცნობილია, როგორც ბოსტნეული, რომელიც გულის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს და დაავადებებისგან დაცვასაც გვპირდება. მეტიც, SFN, შესაძლოა, გადაუდებელ შემთხვევებშიც გამოიყენონ, იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ინსულტი, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მისი ეფექტები ტვინზე. ამან სისხლის შედედების პროცესიც შეიძლება გააუმჯობესოს, რაც პირდაპირ უფრო მეტ გადარჩენილ სიცოცხლედ შეგვიძლია, ვთარგმნოთ. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელმა თრომბის დამშლელმა მედიკამენტმა tPA-მ ტვინის დაზიანებისგან დაცვა მხოლოდ შემთხვევათა 20%-ში მოახერხა. თუმცა როცა ექსპერიმენტში იგი SFN-სთან გააერთიანეს, კონკრეტული მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა. 

საოცარია, რომ ეს ბუნებრივი ნაერთი სისხლდენის ნიშნებს არ აჩვენებს, რაც საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია ინსულტის მკურნალობისას გამოყენებული მედიკამენტებისთვის… ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ბუნებრივი ნაერთით, რომელსაც უზარმაზარი სასარგებლო ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს. ახლა კი გავაგრძელებთ იმის შესწავლას, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ბოსტნეულის ნაერთები კონკრეტული დაავადებებისთვის, — ამბობს ლიუ.

Webster University Georgia აბიტურიენტებს ფსიქოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერების ახალ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს

ნახეთ: უეს ანდერსონის ფილმის ახალი თრეილერი