in

Browning Arms Company – ცეცხლსასროლი იარაღის საკულტო მწარმოებელი მე-19 საუკუნიდან

ყავასთან საკითხავმა რუბრიკამ უკვე არაერთ ბრენდზე გიამბოთ, თუმცა ბიზნესის მრავალფეროვან სამყაროში კიდევ უამრავი ამბავია მოსაყოლი. ერთ-ერთია Browning Arms Company, ცეცხლსასროლი იარაღის ცნობილი საწარმო, მდიდარი ისტორიით, რომელიც მოიცავს საუკუნეზე მეტ ხანს.

იგი დაარსდა 1878 წელს ჯონ მოზეს ბრაუნინგის მიერ, რომელმაც თავისი დიზაინით, ცეცხლსასროლი იარაღის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. დღეს ეს დიზაინი საკულტო და ცნობილია. 

ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 23 წლის იყო ბრაუნინგი, როდესაც პირველ იარაღზე დაიწყო მუშაობა. ზემოთ ნახსენები წლისთვის კი უკვე პირველი ქმნილება დააპატენტა. მისი ბრენდის შექმნის თარიღადაც სწორედ ეს წელი ითვლება. აქედან ჩაეყარა საფუძველი დიდ სახელს Browning Arms Company.

თავდაპირველად მან დაიწყო თანამშრომლობა უფრო დიდ მწარმოებლებთან, როგორიცაა Winchester Repeating Arms Company. ბრაუნინგმა ამ დიდი კომპანიისთვის ბევრი წარმატებული მოდელი შექმნა, მათ შორის ვინჩესტერის ცნობილი მოდელი 1887 და 1894 წლის, ბერკეტიანი თოფები.

წარმატებული სტარტიდან გამომდინარე, კომპანია სულ უფრო ვითარდებოდა და აღარ დასჯერდა მხოლოდ თოფების წარმოებას. მან მე-20 საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თოფის, პისტოლეტების და ტყვიამფრქვევის განვითარებაშიც. ამ მიმართულებით მისი ყველაზე ცნობილი მოდელებია: Auto-5 Shotgun, რომელიც 1902 წელს გამოვიდა, M1911 Pistol – 1911 წელს გამოსული, M1917 და M1919 ტყვიამფრქვევები, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს.

ჰონორართან დაკავშირებით ვინჩესტერთან უთანხმოების შემდეგ, ბრაუნინგმა დაიწყო მუშაობა ბელგიურ საწარმოსთან, Fabrique Nationale. ამ თანამშრომლობის შედეგად, გამოვიდა მრავალი წარმატებული ცეცხლსასროლი იარაღი FN სახელით, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ევროპაში.

1926 წელს ჯონ მოზეს ბრაუნინგის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიამ განაგრძო მისი დიზაინის გამოყენება და ამის საფუძველზე განაგრძო აყვავება ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებითა და ახალ ბაზრებზე გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად კომპანია სწორედ 1927 წელს დარეგისტრირდა და ამ დროიდან ფოკუსირდა არა მარტო სამხედრო, არამედ სპორტული და სანადირო იარაღის წარმოებაზეც. 

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში Browning-მა სხვა პროდუქტებიც დაამატა. ეს იყო სათევზაო აღჭურვილობა და აქსესუარები ნადირობისთვის. 1977 წელს FN Herstal, Browning-ის დიდი ხნის ევროპელმა პარტნიორმა, შეიძინა ბრენდი და ის დღემდე რჩება FN Herstal Group-ის შემადგენლობაში.

ბრენდის გავლენა კულტურაზე

ბრენდი იმდენად საკულტოა, რომ მას დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა დროის კულტურულ მიმდინარეობაზეც. მაგალითად, იგი ნახსენებია ამერიკული ქანთრი ჟანრის ბენდის, Turnpike Troubadours-ის სიმღერებში: “The Housefire” და “The Bird Hunters”.

Browning ბრაუნინგი რჩება ინოვაციის, ოსტატობისა და ხარისხისადმი ერთგულების სინონიმად ცეცხლსასროლი იარაღის ინდუსტრიაში.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

ფოტოგრაფმა ძაღლების ვეტერინარული საყელო მოდურ აქსესუარად გადააკეთა

პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია – საქართველოში საქართველოსთვის