YouTube-ის მომხმარებლებს საერთო „ტკივილი” გვაქვს — ვიდეოს ყურება რეკლამების ფონზე. ქართველი დეველოპერის მიერ შექმნილი ახალი მინიბრაუზერის, BrowseBrave-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი სწორედ ალტერნატივის მოფიქრებაა, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია და, ვფიქრობთ, რომ მკითხველსაც დააინტერესებს.
გარდა ამისა, ალბათ გეცნობათ სიტუაცია, როცა ბრაუზერის ისტორიიდან წაგიშლიათ გარკვეული ბმულები, ან გამოგიყენებიათ ინკოგნიტო ანგარიში. BrowseBrave ამ პრობლემასაც გიხსნით, რადგან ის Single Session ფორმატშია შექმნილი და არ ინახავს ძიების ისტორიას.
თავად მის შექმნას კი საინტერესო ამბავი უდგას უკან: გიგა ანჩაბაძე კომპიუტერული მეცნიერებების ინჟინერია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას იყო ჩართული არაერთ ტექნოლოგიურ პროექტში, მათ შორის, კონფიდენციალურობაზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის შემუშავებაში. ასევე, დააარსა ტექნიკური სერვისების შექმნა/მიწოდების კომპანია, ხოლო ინვესტორებისა და კოლაბორატორების ძიებისთვის გადაწყვიტა საკუთარ აპლიკაციაზეც ემუშავა, რომელიც მომხმარებელს ბევრ საქმეს გაუმარტივებდა. ასე შეიქმნა BrowseBrave.
გიგა ანჩაბაძე:
BrowseBrave არის ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც შევქმენი. ვფიქრობ, ეს წარმოადგენს წარსული გამოცდილების, ინტერესებისა და ინოვაციური და სასარგებლო აპლიკაციების შექმნის სურვილს. სამომავლოდ, შესაძლოა, ამ აპლიკაციის იდეა უფრო გავაღრმაო, რადგან ვფიქრობ, უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია. მოხარული ვიქნები, თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც სურთ ამ იდეის ცალკე ბიზნესად ქცევა და ჩემთან შემოერთება. ამჟამად ვიტყოდი, რომ ეს არის ბლუპრინტი დიდი იდეის. მიუხედავად იმისა, რომ გადმოწერები უკვე ყველა კონტინენტიდან აქვს, ჯერ კიდევ „ბავშვია” და ბევრად შეიძლება მისი დახვეწა.
M: YouTube-ის ნაწილზე რომ ვისაუბროთ: რა ფუნქციები აქვს ბრაუზერს სტანდარტული, სხვა ბრაუზერებისგან განსხვავებით?
აპლიკაციის შექმნისას მთავარი მიზანი იყო, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება მარტივი, უსაფრთხო, Single Session ტიპის, დამატებითი ათასგვარი პარამეტრის გარეშე, რომელთა შორისაც, რეკლამაც იგულისხმება.
ამ ბრაუზერში იუთუბზე შეგიძლია, უყურო ვიდეოებს, პოდკასტებს უკანა ფონზე, ანუ დახურულად, ჩვეულებრივ, URL ველში ჩაწერით. ასევე, უყურო და მოუსმინო ვიდეოებს რეკლამის გარეშე.
M: სხვა რა ფუნქციები აქვს ამ ბრაუზერს და რით არის განსხვავებული ბაზარზე არსებულთაგან?
ბრაუზერში ჩაშენებულია ჟესტებზე დაფუძნებული ნავიგაცია:
- ვებგვერდის გადაფურცვლა მარცხნივ/მარჯვნივ: მიმდინარე ჩანართში ნავიგაცია უკან ან წინ გადაფურცლეთ თითების ჟესტების გამოყენებით;
- გვერდის გასაახლებლად, უბრალოდ, შეგიძლია, გამოიყენო Pull-to-Refresh mode, რაც ნიშნავს, თითის დახმარებით ჩამოწიო ვებგვერდი და განახლდება.
single session ინახავს მონაცემებს მხოლოდ ერთი დათვალიერების განმავლობაში. როგორც კი მომხმარებელი დახურავს ბრაუზერს ან დაასრულებს სესიას, დათვალიერების ყველა მონაცემი, როგორიცაა ქუქიები, ისტორია და ქეშირებული ფაილები, ავტომატურად წაიშლება. ერთჯერადი სესიის ბრაუზერები შექმნილია მომხმარებლის კონფიდენციალურობის პრიორიტეტებისთვის, რათა თავიდან აიცილოს თვალყურის დევნება ან მონაცემთა შეგროვება.
M: როგორ აპირებთ ამ ბრაუზერის განვითარებას?
სამომავლოდ ვაპირებ, გავაუმჯობესო ბრაუზერის უსაფრთხოება, გავაღრმაო რეკლამების დაბლოკვის ფუნქციონალი, ასევე, ვაპირებ Tor-ის ინტეგრაციაზე ფოკუსირებას. სრული შესაძლებლობა გვაქვს, გადავაქციოთ ეს ბრაუზერი სრულიად უსაფრთხოდ, გავხადო მეტად კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ინსტრუმენტად და დავტოვო, როგორც Single Session ტიპის ბროუზერი. მართალია, ყველა ბრაუზერს აქვს მსგავსი ფუნქციონალი, მაგრამ არა ავტომატურად, არამედ არჩევითად და თუ არ იცის მომხმარებელმა, ვერც გამოიყენებს. ამ ბრაუზერით კი არც მოუწევს პარამეტრებში ძრომიალი, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, ორიენტაციას გავაკეთებ უსაფრთხოებაზე, სიმარტივესა და პრაქტიკულობაზე.
ბრაუზერის გადმოწერა ჯერჯერობით მხოლოდ AppStore-ზეა შესაძლებელი.
უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად ეწვიეთ ბმულს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













