ჯერ არაფერი იყო თუ ყველაფერი, ერთმა იცის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ქართული ენის და ფერების ურთიერთობა.
არა ფერი – შავი, სიბნელე, 0.
ყველა ფერი – თეთრი, სინათლე, 1.
0-დან 1-მდე უსასრულო რაოდენობის რიცხვებია, ისევე, როგორც უსასრულოდ ბევრი ფერი. ხანდახან მეფიქრება რომ სამყაროც ეგრეა მოწყობილი, ეხლა სადღაც უსასრულოდ შუაში ვართ დაშლილები მრავალფეროვან ტალღებად, ისევე როგორც სხივი იშლება პრიზმაში. იმიტომ არის ყველაფერი ერთმანეთისგან ცოტათი მაინც განსხვავებული, ერთი მთლიანობა სხვანაირად ვერ შეიკვრება.
ძალიან სასარგებლოა შედარებები, რადგან ბუნებაში ბევრი რამ მეორდება. შესაბამისად სტრუქტურის (ფათერნის) პოვნა გაცილებით მარტივდება. ნახატიც კომუნიკაციის მეთოდია, ისევე, როგორც ენა, ამიტომ ბევრ სხვა ენაზე შეიძლება მისი თარგმნა, მაგალითად მუსიკის ან მათემატიკის ენაზე… როგორც მუსიკაში არსებობს ნოტების ჰარმონიული შეფარდებები ერთმანეთთან, ფერებსაც აქვთ თავისი “გამოყენების წესები”, რომელზეც უკვე ზღვა მასალა მოიპოვება ინტერნეტში (იხ. color theory).
შეიძლება სადავო საგანიც იყოს, რომელი უკეთესია – ახლა რაც იქმნება, თუ აქამდე რაც იქმნებოდა? მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნება ირეკლავს ეპოქის განწყობას.
ადრე:
გაცილებით მეტი დრამა და შინაარსი იყო, მაგალითად, რენესანსის პერიოდში შექმნილი შედევრებში. ნამდვილი, ორგანული, ბუნებრივი. იგივე ვითარება იყო მუსიკაშიც – თითქოს ყველა ინსტრუმენტი სათითაოდ ყვება ერთი და იგივე გრანდიოზულ ისტორიას. გამოდის, რომ ცხოვრება იყო მაშინ ეგეთი და ტრენდიც შესაბამისი. რადგან ნაკლებ ადამიანს უმართლებდა ისე, რომ თავისი შემოქმედების თვითრეალიზება ბოლომდე მოეხდინა, ტრენდებიც ნელა ვითარდებოდა.
დღეს:
დრამის ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ რუტინულმა და რობოტულმა ცხოვრებამ გადაფარა ბევრი რამ.
პლუს, ინტერნეტმა ციფრულად აქცია ცხოვრება. თითქოს ქაოტური გახდა ყველაფერი, სინამდვილეში კი ტრენდები კატეგორიებად დალაგდა – თითქმის ყველაფერს ჰყავს თავისი მიმდევარი და ერთნაირები სწრაფად პოულობენ ერთმანეთს. თვითრეალიზება უკვე მხოლოდ მონდომებაზეა დამოკიდებული. მასიურად კი, ამინდს მარკეტინგი და პიარი ქმნის, რომელიც დინებას მიყვება და მოვლენებზე დაკვირვებით აკეთებს ანალიზს. ამასობაში, ყველაზე ნაკლებს, ყოვლის მცოდნე “გუგლი” ლაპარაკობს ტრენდებზე…
ხვალ:
დიდი ალბათობით ძალიან ინსპირაციული გახდება კოსმოსური თემა, რითიც ელონ მასკმა გრანდიოზულად დაიწყო 2018 წელი.
ფერებიც შესაბამისი: ლურჯი, ინდიგო, ვარდისფერი, იისფერი, ნაცრისფერი/ვერცხლისფერი, “ მარსისფერები”.
მწვანე რატომღაც ხშირად იჩაგრება, ალბათ ნამეტანი შემოჩვეული ფერია. თუმცა მასიურად ვიწყებთ ჯამრთელ ცხოვრებაზე ზრუნვას და შეიძლება მწვანეც მალე მოვირგოთ.
რადგან ციფრული სამყარო, რეალობის ყოველდღიურ მეგზურად შემოგვეჩვია, ნეონური განათებები კიდევ უფრო მეტად იმატებს. ადრე თუ მეტი რეალობის შეტანა გვინდოდა ციფრულ სამყაროში, ახლა პირიქით, რეალობას გავაციფრულებთ.
თანამედროვე ელექტრონული მუსიკით თუ ვიმსჯელებთ (რომელიც დღევანდელ რუტინას, მშენებლობებს, ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ გარემოს ყველაზე კარგად აღწერს).
რობოტული, ალგორითმული, ფრაქტალური, განმეორებადი, სიმეტრიული, ზედმიწევნით ჩაწიკწიკებული, ერთნაირი სტრუქტურები და გრაფიკული ელემენტები გამყარდება დიზაინში, ასე ვთქვათ (oddly satysfing) უცნაურად სასიამოვნო სტილი.
ასევე, 1 სერიოზული ნახატის შესრულების მაგივრად, რამდენიმე დაწვრილმანებული ნამუშევრების სერიებისკენ წავიდა ტენდენცია.
თუმცა, ისეთი ტემპით ვითარდება ყველაფერი, ძალიან რთულია რომელიმე ტრენდის გამოყოფა, განსაკუთრებით დიზაინში. რამდენიმე წლის წინ, CG საიტებზე, 10 დან ერთი ნამეშევარი იყო მოსაწონი, დღეს, თუ სპეციალურად არ მოვძებნე, ცუდი დიზაინი აღარ მხვდება. მიდრეკილები ვართ რესურსის ბოლომდე ამოწურვისკენ, ამიტომ ყველა-ფერია მოსალოდნელი.
ფერებით ტკბობისთვის, რამდენიმე ჩემთვის საინტერესო გვერდს გავაზიარებ: ფერის აღქმის ტესტი, პოპულარული პალიტრები, ფერებად გაშლილი ფილმები, ფერის მოყვარულთა კლუბი, ფერის აღქმის ტესტი II, ციფრული ფერის ჩემი საყვარელი ოსტატი, ეს ბმული სიმეტრიის (OCD) მოყვარულთათვის.
ფერების მაკროკოსმოსი